ახალი ამბები

მეტალურგების საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება

21 სექტემბერი, 2011 • 1440
მეტალურგების საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება

ქუთაისში გაფიცული მეტალურგების ისტორიას პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია, ქიმიური და სამთო მრეწველობისა და ენერგიის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაცია (ICEM) და ამერიკის მეტალურგთა გაერთიანება გამოეხმაურნენ და  საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ–მინისტრს ქუთაისში „ჰერკულესის“ თანამშრომლების დაკავებასთან და მათი შრომითი უფლებების დარღვევის საკითხებთან დაკავშირებით წერილები გაუგზავნეს.

აღნიშნულ წერილებში, რომელთა ასლებიც  საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმაც მიიღო, საერთაშორისო ორგანიზაციები  შეშფოთებას გამოთქვამენ და დაუყოვნებლივ ზომების მიღებას ითხოვენ.

„ეს სამარცხვინოა საქართველოსთვის, სერიოზული ლაქაა საქართველოს ვაჭრობისა და კომერციისთვის და, ICEM –ის აზრით , ეს რეპრესიები დააბრუნებს საქართველოს უკან, სხვა ეპოქაში. გატყობინებთ, რომ სხვა პროფკავშირულ გაერთიანებებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელი იქნება, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რომ დავაყენოთ ეს სოციალური სირცხვილი, იმ შემთხვევაში, თუ ის არ გამოსწორდება.

საქართველოს პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია რამდენიმე საერთაშორისო ქარტიაში ასახული გარანტირებული სოციალური და ადამიანის უფლებები“, –განაცხადა  ჟენევაში დაფუძნებული ქიმიური და სამთო მრეწველობისა და ენერგიის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ICEM) გენერალურმა მდივანმა მანფრედ ვარდამ საქართველოს პრეზინდენტისა და პრემიერ მინისტრისადმი მიწერილ წერილში.

„ჰერკულესში“ადამიანისა და პროფკავშირის უფლებების უხეში დარღვევების გამო მიხეილ სააკაშვილისადმი 20 სექტემბრით დათარიღებულ  წერილში 750 000 ამერიკელი და კანადელი მეტალურგის სახელით შეშეფოთება ამერიკის მეტალურგთა გაერთიანების პრეზიდენტმა ლეო.ვ. ჯერარდმაც გამოხატა.

„15 სექტემბერს, ღამის 22:15 წუთზე, გაფიცულებთან გამოჩნდა იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, რომლის მანქანასაც უკან პოლიციელების 50 მანქანა მიჰყვებოდა. პოლიციელებმა გაფიცვის დაშლა დაიწყეს. 11;15 წუთისთვის 40–მდე მოშიმშილე იქნა დაკავებული“… აღწერს მოვლენებს წერილში ამერიკის მეტალურგთა გაერთიანების პრეზიდენტი.

„აღნიშნული მოქმედებები შეიცავს საერთაშორისო ნორმებით დეკლარირებული გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების სერიოზულ დარღვევებს. მოგიწოდებთ, პოლიციამ შეწყვიტოს გაფიცვაში მონაწილე მუშების მიმართ რეპრესია, ხოლო ქარხნის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ აღადგინოს პროფკავშირული ნიშნით სამუშაოდან უკანონოდ დათხოვილი მუშები და დაიწყოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები საწარმოს პროფკავშირთან, არსებული კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით. ჩვენ ახლოდან დავაკვირდებით ამ პროცესებს და ვიმედოვნებთ, რომ თქვენს პასუხს მალე მივიღებთ“. –ნათქვამია წერილში.

ასევე 20 სექტემბრით არის დათარიღებული პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივნის შარონ ბაროუს წერილი ჰუან სომავიასადმი. ჰუან სომავია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანია.

„გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერიოთ ქუთაისში მდებარე საწარმო „ჰეკრულესში“ განხორციელებულ ადამიანისა და პროფკავშირის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტებში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ ჩაერიოთ საქართველოს მთავრობის მოქმედებებში და მოთხოვოთ მას: გაათავისუფლოს დაპატიმრებული აქტივისტები და მოუხსნას მათ ყველა ბრალდება; დარწმუნდეს, რომ „ჰერკულესის“ ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ აღადგენს მათ სამუშაო ადგილებზე; გამოიძიებს პოლიციის მიერ გაფიცვის დაშლის, სამრეწველო დავაში სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის ფაქტს და დასაქმებულთა მიმართ განხორციელებულ იძულებას, დაბრუნებულიყვნენ  და ემუშავათ საწარმოში მათი ნების საწინააღმდეგოდ; დარწმუნდეს, რომ „ჰერკულესის“ ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნებს ინდოელ მუშებს პასპორტებს და დაიცავს ხელფასების გაცემასთან, სამუშაო პირობებთან, საცხოვრებელ პირობებთან და მიგრანტ მუშებთან დაკავშირებულ ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებში განმტკიცებულ ნორმებს“, –ნათქვამია წერილში.

აღნიშნული წერილები ნეტგაზეთს საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშრებმა მიაწოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი