ახალი ამბები

პროფკავშირები: “დაკავებულია სამი მეტალურგი”

18 სექტემბერი, 2011 • • 1424
პროფკავშირები: “დაკავებულია  სამი მეტალურგი”

მარცხნივ ერთ-ერთი დაკავებული მალხაზ გოგიავა
მარცხნივ ერთ-ერთი დაკავებული მალხაზ გოგიავა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ რამდენიმე საათის წინ ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ თანამშრომელთა გაფიცვის მონაწილე სამი მეტალურგი: ირაკლი იობიძე, ემილო გუმბერიძე, მალხაზ გოგიავა დააკავა.

პროფკავშირების ცნობით, აღნიშნული ადამიანები აქტიურად თანამშრომლობდნენ საქართველოს პროფკავშირებთან გაფიცვის დაშლის თაობაზე სასამართლო სარჩელების მომზადების საკითხში, ამასთან, ხვალ, 19 სექტემბერს ისინი თბილისში უნდა ჩამოსულიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის მიზნით.

ამ მეტალურგებთან დაკავშირებას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მეტალურგიული დარგის ხელმძღვანელობა 18 სექტემბრის 15:00 საათის შემდეგ ვეღარ ახერხებდა, მათი ტელეფონები გათიშული იყო. 22 საათსა და 45 წუთზე ცნობილი გახდა, რომ სამივე ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ დაკავებული.

როგორც ნათესავებს უთხრეს, ირაკლი იობიძის, ემილო გუმბერიძის, მალხაზ გოგიავას სასამართლო პროცესი ხვალ დილით გაიმართება, თუმცა, დაკავების მიზეზი ნათესავებისთვის არ განუმარტავთ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ, თუკი ხვალ სამივე მატალურგი გათავისუფლებული არ იქნება, თავად დაიწყებს უვადო შიმშილობას.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში კანონი არ კანონობს და აგონიაში მყოფი ხელისუფლება უვნებელ პროტესტსაც რეპრესიებით პასუხობს, მე მივიღე გადაწყვეტილება, გამოვაცხადო უვადო შიმშლობა, თუკი ხვალ დაკავებულები არ გათავისუფლდებიან,“ – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი, – „ვთხოვ საერთაშორისო თანამეგობრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, დაუდგეს გვერდით ამ ბიჭებს, რადგან გამორიცხული არ არის, ხვალ დანარჩენი აქტივისტებიც დააკავონ.“

მეტალურგიული ქარხანა “ჰერკულესის” ყოფილმა და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცვის აქცია 13 სექტემბერს დაიწყეს, გაფიცვის პარალელურად შიმშილობდა 4 ადამიანი. ისინი ქარხნის ადმინისტრაციისგან სამსახურიდან დათხოვილი ადამიანების სამუშაოზე აღდგენასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ქარხნის ადმინისტრაცია კი მათ მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებდა.

15 სეტქემბერს, დაახლოებით 22 საათზე, პოლიციამ გაფიცული და მოშიმშილე მეტალურგების აქცია ქარხნის წინ დაშალა, 40-მდე მეტალურგი კი პოლიციის განყოფილებებში რამდენიმე საათით ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა, იმ დროს ოფიციალურად არავინ დაუპატიმრებიათ. მათ დააწერინეს ხელწერილები, რომ გაფიცვებსა და აქციებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და არ შეაფერხებდნენ მეტალურგიული ქარხნის მუშაობას.

ამავე თემაზე:

გაფიცული მეტალურგების პირობა პოლიციას

პროფკავშირები საზოგადოებას მიმართავს

ქუთაისში მოშიმშილე მუშები დააპატიმრეს[განახლებული]

ქუთაისში მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა

გაფიცვისა და შიმშილობის მეორე დღე ქუთაისში

პოლიციამ გაფიცულებს კარავი დააშლევინა

ქუთაისში გაფიცულმა მუშებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისში ქარხნის მუშები გაიფიცნენ




მასალების გადაბეჭდვის წესი