ახალი ამბები

ომბუდსმენი მეტალურგების საქმეს სწავლობს

16 სექტემბერი, 2011 • 1063
ომბუდსმენი მეტალურგების საქმეს სწავლობს

საქართველოს ომბუდსმენი მიღებული ინფორმაციისა და ახსნა–განმარტებების შესწავლის შემდგომ აპირებს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება გაფიცული მეტალურგების საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისი იტყობინება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტის შესწავლისათვის აუცილებელი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შეკრების პროცესი. კერძოდ, სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ გაფიცულებს, ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატებს, რომლებიც იცავდნენ გაფიცულთა ინტერესებს, საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს”, ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა 15 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია ქუთაისში გაფიცული მეტალურგების დაშლის და დაკავების შესახებ.

პროფკავშირების ცნობით, მეტალურგები 16 სექტემბრის ღამეს სამართალდამცავებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ორგანიზაციამ დახმარებისთვის საქართველოში ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ცნობით, მათ წინასწარ შეატყობინეს ომბუდსმენის ოფისს დაგეგმილი გაფიცვის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი