ახალი ამბები

ქუთაისში მოშიმშილე მუშები დააპატიმრეს[განახლებული]

15 სექტემბერი, 2011 • • 2210
ქუთაისში მოშიმშილე მუშები დააპატიმრეს[განახლებული]

დაახლოებით ერთი საათის წინ ქუთაისში პოლიციამ მეტალურგიული ქარხნის მუშების აქცია დაშალა, ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 15 ადამიანი. ინფორმაციას ნეტგაზეთს გაერთიანებული პროფკავშირების პრესსამსახური აწვდის.

 

პროფკავშირების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ოთხივე მოშიმშილე – გოჩა დარჯანია, რამაზ გოგიავა, კახა ცერცვაძე და იუზა კახიძე, ასევე რამდენიმე გაფიცული მუშა. საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი ავტომობილი, სადაც მოშიმშილეები ღამეს ათევდნენ. დაკავებულთა ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. აღნიშნული ორგანიზაციის იურისტებზე უკვე გაცემულია ორდერები და ისინი დაკავებულებს ქუთაისის პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში ეძებენ. პროფკავშირების პრესსამსახური ფლობს დაუზუსტებელ ინფორმაციას კიდევ 20 გაფიცულის დაკავების შესახებ, თუმცა, ინფორმაციას ამოწმებენ.

მეტალურგიული ქარხანა “ჰერკულესის” ყოფილმა და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცვის აქცია 13 სექტემბერს დაიწყეს, გაფიცვის პარალელურად შიმშილობდა 4 ადამიანი. ისინი ქარხნის ადმინისტრაციისგან სამსახურიდან დათხოვილი ადამიანების სამუშაოზე აღდგენასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ქარხნის ადმინისტრაცია კი მათ მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებდა.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ იციან, რადგან აქციის დაშლისას, მოშიმშილეების გარდა, გაფიცული თანამშრომლები გაქცევისას აიყვანეს. ქუთაისის სამხარეო პოლიციიის თანამშრომლები გაფიცულების აქციას თვალყურს დაწყების დღიდან მიმდებარე ტერიტორიიდან ადევნებდნენ. მათ აქციის მონაწილეებს ქარხანასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს, რის გამოც მოშიმშილეები ღამეს ავტომობილში ათევდნენ.

ამავე თემაზე:

ქუთაისში მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა

გაფიცვისა და შიმშილობის მეორე დღე ქუთაისში

პოლიციამ გაფიცულებს კარავი დააშლევინა

ქუთაისში გაფიცულმა მუშებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისში ქარხნის მუშები გაიფიცნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი