ახალი ამბები

კვაჭანტირაძე: ჩვენი მოკრიტიკე ყოფილი პარტნიორები თავს ევთანაზიის რეჟიმში გადაიყვანენ

4 აპრილი, 2016 • 1315
კვაჭანტირაძე: ჩვენი მოკრიტიკე ყოფილი პარტნიორები თავს ევთანაზიის რეჟიმში გადაიყვანენ

” ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც  დღეს თანამდებობებზე არიან და ხვალ  მოინდომებენ თანამდებობებიდან გადასკუპებას და ხელისუფლების და პარტია “ქართული ოცნების” კრიტიკის რეჟიმში გადასვლას, ასეთი პოლიტიკოსები საკუთარ თავს გადაიყვანენ ევთანაზიის რეჟიმში,”-  ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ასეთი ადამიანები შესაძლებელია  დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ ჩამოშორდნენ  საქართველოს პოლიტიკურ სცენას:

“ადამიანები, რომლებმაც გამოიღვიძეს უცბად, გაახსენდათ, რომ იყვნენ უმრავლესობაში და კონიუნქტურის გამო მმართველი პარტიის ლანძღვა-გინება დაიწყეს, მათი პოლიტიკური ცხოვრება იქნება დასრულებული და ამას ამომრჩეველი წერტილს დაუსვამს არჩევნებში.”

კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ ამ ადამიანებში არავის გულისხმობს:

“არავის არ ვგულისხმობ, [იგულისხმება] ის, ვინც ამას თავის თავზე მიიღებს, ან ვისაც გუნებაში აქვს ისე იმოქმედოს, როგორც მე ჩამოვაყალიბე.”

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი” უმრავლესობას ტოვებს.  ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა, კახა შარტავამ და გუბაზ სანიკიძემ დღეს, 4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. პარტიის წევრი ანი მიროტაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ისინი უმრავლესობასთან ოპონირების რეჟიმში გადადიან.

“ფორუმის” გარდა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას “რესპუბლიკური პარტიაც” მიიღებს, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობას არ ტოვებენ. თუმცა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ უმრავლესობის ყველა ინიციატივის უპირობო მხარდამჭერი არ იქნებიან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი