ახალი ამბები

ომბუდსმენი: ჩანაწერების გავრცელებაზე პროკურატურის რეაგირება ეფექტური არ არის

1 აპრილი, 2016 • 1267
ომბუდსმენი: ჩანაწერების გავრცელებაზე პროკურატურის რეაგირება ეფექტური არ არის

საქართველოს სახალხო დამდველის 2015 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს მასშტაბური სახე მიიღო ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევამ.

ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2015 წელს დაფიქსირდა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებისა და საჯარო ჩვენების, ასევე, პირადი სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტები.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში 2015 წელს მოიცავს, მასში შევიდა 2016 წლის მარტში გავრცელებული კადრებიც, სადაც გამავრცელებლის მიერ იყო მითითება კონკრეტულ ადამიანებზე, თუმცა ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

“დაუსჯელობის სინდრომმა და მსგავსი დანაშაულის ფაქტებზე არაეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად სტიმულირება მოახდინა ახალი დანაშაულის, რამაც კულმინაციას 2016 წლის მარტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მიაღწია”- აცხადებს ომბუდსმენი.

2016 წლის 11 მარტს სოციალური ქსელის საშუალებით უცნობი პირების მიერ გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებიც, გამავრცელებლის მითითებით, ასახავდა ერთ–ერთი პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას. 2016 წლის 14 მარტს უცნობი პირების მიერ, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით, გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, ამჯერად სხვა ადამიანზე მითითებით და შეიცავდა მუქარას მსგავსი ტიპის მასალის სამომავლო გავრცელებასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში გასაჯაროებულ, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასთან დაკავშირებით, პროკურატურის განცხადებით, დაწყებული გამოძიების ფარგლებში შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი და ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები.

“ბოლო პერიოდში ჩადენილი ეს დანაშაულები არ უნდა იქნას აღქმული, როგორც სახელმწიფოში დღეს არსებული თვისობრივად ახალი პრობლემა. სხვადასხვა სახის კონფიდენციალური ტიპის ჩანაწერების უკანონო მოპოვება და გავრცელება ბოლო პერიოდისათვის დამახასიათებელ სამწუხარო და, ამავდროულად, მყარ ტენდენციად ჩამოყალიბდა. სხვადასხვა ტიპის კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონო გასაჯაროების მზარდი ტენდენციის შესაკავებლად საქართველოს პროკურატურის მხრიდან მხოლოდ გამოძიების წარმოება, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების გარეშე, არ არის ეფექტური. იმისათვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და აღმოიფხვრას დანაშაულის ჩამდენ პირებში არსებული დაუსჯელობის სინდრომი, აუცილებელია არა მხოლოდ ფორმალური ნაბიჯების გადადგმა, არამედ თითოეული მსგავსი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირება განხორციელებულ მოქმედებათა შესახებ,”- წერია სახალხო დამცველის ანგარიშში

უჩა ნანუაშვილმა დღეს, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ  2015 წლის ანგარიში სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში ყველაზე მოცულობითი საპარლამენტო ანგარიშია და 1259 გვერდს მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი