ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის თქმით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაზე ბრალი 14 პირს წაუყენეს

23 ოქტომბერი, 2023 • 962
საგამოძიებო სამსახურის თქმით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაზე ბრალი 14 პირს წაუყენეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირს წარუდგინეს ბრალი, მათგან 7 კი დააკავეს.

უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულად ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეომასალა გადაუღო:

„მოგვიანებით გ.მ-მ, ქალბატონის რეპუტაციის შელახვისა და დამცირების მიზნით, აღნიშნული ინტიმური ვიდეო/აუდიომასალა საჯაროდ სოციალურ ქსელ ,,TIK TOK’’-ზე განათავსა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. დააკავა. მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — აცხადებენ უწყებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თქმით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ასევე, დააკავეს ქ. რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გ.ტ.

საგამოძიებოში აცხადებენ, რომ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა გ.ტ-მ 2000 წელს დაბადებული ქალის „FACEBOOK”-ის გვერდზე უნებართვოდ შეაღწია და დაზარალებულის მიერ სხვა პირთან გაგზავნილი მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები უკანონოდ მოიპოვა:

„2022 წლის 26 მაისს და 2022 წლის 15 ივლისს გ. ტ.-მ აღნიშნული პირადი ხასიათის მასალა დაზარალებულის მეგობრებსა და ნათესავს გადაუგზავნა, ასევე, საჯაროდ „FACEBOOK”-ის გვერდზე განათავსა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული გ.ტ. დააკავა და მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 12 პირს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სხვადასხვა დროს ჰქონდათ ურთიერთობა როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან.

უწყების განცხადებით, ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ, რითაც არღვევდნენ მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას:

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო“ ,— ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, მობილური და კომპიუტერული ტექნიკიდან ინფორმაციის მოპოვების შედეგად მტკიცებულების სახით 300 ერთეულზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიოფაილი ამოიღეს, ხოლო აღნიშნული მასალის განადგურება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი