ახალი ამბები

ბესელია: პოლიტიკაში დგება ის ეტაპი, როცა შესაძლოა ძალებმა ინდივიდუალურად მოსინჯონ შესაძლებლობები

28 მარტი, 2016 •
ბესელია: პოლიტიკაში დგება ის ეტაპი, როცა შესაძლოა ძალებმა ინდივიდუალურად მოსინჯონ შესაძლებლობები

“ვერც იმაში ვხედავ ტრაგედიას, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ცალ-ცალკე მოვსინჯავთ ძალებს, შემდეგ კი ისევ გავერთიანდებით პარლამენტში”, – ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია აკეთებს რესპუბლიკელების მიერ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

“პოლიტიკაში დგება ის ეტაპი, როდესაც შესაძლებელია ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ინდივიდუალურად მოსინჯონ თავიანთი შესაძლებლობები და ამომრჩევლის მხარდაჭერა გაზომონ არჩევნების დროს. ესეც ერთ-ერთი ფორმაა. მე ვერ ვხედავ ტრაგედიას იმაში, რომ კოალიცია ამ ფორმით იყოს და არ მგონია, რომ ეს მიუღებელი ფორმა იყოს”, – ამბობს ბესელია.

“26–27 მარტს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა იმსჯელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე. მიღებულ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას”, – ამ განცხადებას რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აკეთებს.

ნეტგაზეთის კითხვას, თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რა საჭიროა რამდენიმე დღით დაცდა, სამნიძე პასუხობს, რომ ეს პოლიტიკური პროცესია და პარტია თვითონ წყვეტს, როდის ამცნობს საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი