ახალი ამბები

“რუსთავი 2”-ის ცნობით, “ფეისბუკში” მიიღო შეტყობინება, რომ 31 მარტს პირადი ცხოვრების კადრებს გაავრცელებენ

21 მარტი, 2016 •
“რუსთავი 2”-ის ცნობით, “ფეისბუკში” მიიღო შეტყობინება, რომ 31 მარტს პირადი ცხოვრების კადრებს გაავრცელებენ

“რუსთავი 2” აცხადებს, რომ სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” კონკრეტული მომხმარებლისგან მიიღეს შეტყობინება, რომ 31 მარტს კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვას აპირებს.

“რუსთავი 2”-ის ცნობით, მათ ეს ინფორმაცია მიაწოდეს პროკურატურას, რის შემდეგაც ტელეკომპანიის ვებგვერდის მთავარი რედაქტორი ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

მელაძე ამბობს, რომ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გამოაგზავნა ეს შეტყობინება და რომელ საათზე.

“დღეს, რუსთავი 2-ის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, “ფეისბუკზე”, შემოვიდა გრაფიკული გამოსახულება გზავნილის სახით, რომელზეც დატანილი იყო გარკვეული ინფორმაცია, რომ 31 მარტს გამოქვეყნდება რიგი პოლიტიკოსების ცხოვრების ამსახველი კადრები. მე, როგორც “რუსთავი 2”-ის ვებგვერდის მთავარი რედაქტორი, ვიყავი გამოკითხვაზე, სადაც დაინტერესდნენ, რომელ საათზე შემოვიდა ინფორმაცია და ვინ იყო მომხმარებელი, რომელმაც გამოაგზავნა. შემდეგ დაათვალიერეს ჩვენი აპლიკაცია, სადაც შემოდის მოქალაქეთა წერილები, ამოიღეს ეს ინფორმაცია, ვინც იყო გამომგზავნი. მომხმარებელს ეწერა “ფეისბუქის მომხმარებელი” და მის გვერდზე აღარ გადადიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წაშლილი იყო. მოგვიანებით, სამი საათის შემდეგ მას შეეცვალა სახელი, სხვა სახელით და გვარით ფიქსირდებოდა ის უკვე. ეს ორივე ინფორმაცია ამოიღო გამოძიებამ. ახლაც რომ მოინდომო ამ გვერდზე გადასვლა, ვინც არის გამომგზავნი ისევ, არ გადადის ამ გვერდზე”, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მელაძის გამოკითხვის ოქმი დაერთვება იმ გამოძიებას, რომელიც პროკურატურაში კვირაზე მეტია მიმდინარეობს.

11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ამტვირთავის მიერ მითითებულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი. პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი