რუსეთის სასამართლო უკრაინელი მფრინავის, ნადია სავჩენკოს განაჩენს ხვალ, 22 მარტს გამოაცხადებს.
BBC-ის ცნობით, მოსამართლემ 21 მარტს შეაჯამა პროკურატურის ბრალდება, სადაც აღნიშნულია, რომ სავჩენკო მოქმედებდა “პოლიტიკური სიძულვილით.” პროკურატურის ბრალდების მიხედვით, სავჩენკოს მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი ჟურნალისტი დაიღუპა.
თუმცა სავჩენკოს ადვოკატი აცხადებს, რომ სატელეფონო ზარების მიხედვით ცნობილი ხდება, რომ სავჩენკო პრორუსმა ამბოხებულებმა მანამდე დააკავეს, სანამ შეტევის შედეგად რუსი ჟურნალისტები დაიღუპებოდნენ.
BBC-ის ცნობით, სასამართლო სავჩენკოს საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ, 22 მარტს გამოაცხადებს.
დღეს თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლომ სავჩენკო დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ სასამართლოს არც სასჯელის ზომა და არც საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.
ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედება, ასევე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება.
უკრაინელი მფრინავის მხარდასაჭერად აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მოსკოვში გამართულ აქციაზე 8 მარტს 30-ზე მეტი ადამიანიდააკავეს. ერთ-ერთი ასეთი აქცია დღეს თბილისში რუსეთის ყოფილ საელჩოსთანაც გაიმართა.
სავჩენკოს მხარდასაჭერი დეკლარაციის პროექტი შეიმუშავა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომლითაც საქართველოს პარლამენტის სხვა ფრაქციებს მიმართავს, რათა პარლამენტმა მიიღოს აღნიშნული დეკლარაცია.