ახალი ამბები

ათდღიანი ვადა დევნილებისთვის

13 ივლისი, 2011 • 1245
ათდღიანი ვადა დევნილებისთვის

18 ივლისს თბილისის ოთხ საცხოვრებელ ობიექტში მცხოვრებმა დევნილებმა ფართები ან ნებით ან სამართალდამცავთა მიერ იძულებით უნდა დატოვონ.

თბილისში ოთხ საცხოვრებელ ობიექტში, ვარკეთილის 204–ე ბაგა–ბაღის შენობაში, სამღერეთის ქუჩაზე მდებარე თამარ მეფის სახელობის სკოლა–პანსიონში, ყაზბეგის 16–სა და უზნაძის 8 ნომერში მცხოვრები დევნილები 8 ივლისს დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა აუწყეს, რომ მათ ეძლევათ ათ დღიანი ვადა და 18 ივლისს საცხოვრებლები უნდა დაცალონ.

დევნილებისთვის განკუთვნილ წერილში წერია, რომ თუ ათ დღეში დევნილები აღნიშნულ ობიექტებს არ დაცლიან, შსს–ს 447–ე ბრძანების შესაბამისად, პოლიციას აქვს უფლება ისინი იძულებით გამოასახლოს.

„მე ცოცხალს აქედან ვერ გამიყვანენ. თუ პოლიცია ძალით გამოგვიყვანს, აქვე დავიწვავთ თავს“, –ამბობს ვარკეთილში, 204–ე ბაგა–ბაღის ყოფილ შენობაში მცხოვრები ორი შვილის დედა ნანა ბულია.

მისი უფროსი შვილი ათი წლისაა და როგორც ნანა ბულია ამბობს, ის კარგ სკოლაში და ჭადრაკის წრეზე  დადის. დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მისთვის შეთავაზებული სოფლები ზუგდიდისა და ხობის რაიონებში კი, რომელთა ჩამონათვალი დევნილებისთვის გაგზავნილ წერილშივეა, ბულიას თქმით, პირველ რიგში შვილის ფაქტორის გამო არის მიუღებელი.

„ამ საბავშვო ბაღის გაპარტახებულ შენობაში საშინელი საყოფაცხოვრებო პირობები მირჩევნია იმ სოფლებს, სადაც ყველანაირი პერსპექტივა დაეკარგება ჩემს შვილებს“, –ამბობს ბულია.

სამინისტროს მიერ შეთავაზებულ სოფლებზე უარს საბავშვო ბაღის ყოფილ შენობაში მცხოვრები 12–ივე ოჯახი ამბობს. ყველა მათგანი ამბობს, რომ გარემოს კვლავ შეცვლას, გაურემონტებელი საბავშვო ბაღი ურჩევნიათ.

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები 204–ე ბაგა–ბაღში 2008 წლის აგვისტოში შესახლდნენ. იქამდე, როგორც თავად ამბობენ, ქირით ან ნათესავებთან ცხოვრობდნენ.

ამავე შენობაში მცხოვრები ხუთი ოჯახი სოციალურად დაუცველთა სტატუსით სარგებლობს. ისინი დევნილები არ არიან. მათ საცხოვრებლებს არც სოფლებში სთავაზობენ. მათი თქმით, მათ პრობლემას საცხოვრებელთან დაკავშირებით თბილისის მერია უნდა წყვეტდეს.

ელენე ნადირაძე, რომელიც ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს ბაგა–ბაღის შენობაში, ამბობს, რომ ოთხი წლის წინ ბაგა–ბაღში ცხოვრების ნება სწორედ თბილისის მერიამ და კონკრეტულად მამუკა ქაცარავამ დართო.

„იქამდე, როგორც სოციალურად დაუცველს ბინის ქირას მიხდიდა მერია. როდესაც შეწყვიტა დახმარება ეს შენობა ვიპოვე და ვითხოვე ნება დაერთოთ აქ ცხოვრების, რაზეც თანხმობა მივიღე. ახლა აქედან ცოცხალს ვერ გამიტანენ, სად წავიდე ბავშვებთან ერთად, ქუჩაში?“–ამბობს ელენე ნადირაძე.

სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 25 წლის მაია სალაძეს თან აქვს 12 ივლისით დათარიღებული სამედიცინო ცნობა, რომლის მიხედვით მას ორსულობა შეუწყდა.

მეზობლები ამბობენ, რომ 25 წლის მაია სალაძეს, რომელსაც 18 ივლისის შემდეგ ქუჩაში მოუწევს ცხოვრება, ორსულობა ნერვიულობის ფონზე შეუწყდა.

18 ივლისის შემდეგ საცხოვრებლის გარეშე რჩებიან უზნაძის 8 ნომერში მცხოვრები დევნილთა ნაწილიც, რადგან სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ სოფლებში ცხოვრებაზე უარს აცხადებენ. მათი სადარბაზოს შესასვლელში იმ შენობების ფოტოების შავ–თეთრი ქსეროასლებია გაკრული, სადაც სამინისტრო ცხოვრებას სთავაზობს.

წიფიანი ხათუნა, რომელიც ამავე შენობაში ცხოვრობს ამბობს, რომ მისი მეზობლების  უმრავლესობა დღისით სახლში არ არის, რადგან ბინების მოსაძებნად არიან წასულები.

„გასულები არიან ხოლმე, ქირით მაინც რომ მოძებნონ რამე, აბა იმ სოფლებში არავინ წავა. ოჯახში ერთი წევრი მაინც მუშაობს და იქ რა ქნან“. –ამბობს ხათუნა.

„აღარ შეგვწევს არცერთს ძალა თბილისში მოვითხოვოთ ბინები. ჩვენ, 12 ოჯახს, რომელიც სამღერეთის ქუჩაზე ვცხოვრობთ, გვინდა ფოთში, მალთაყვაში გადაგვიყვანონ. ზღვის ნაპირია. სეზონურად მაინც გვექნება რამე სამუშაო. მაგრამ ამაზეც უარს გვეუბნებიან. სხვა სოფლებში წასვლა კი, ჩვენ არ გვინდა“, –ამბობს ელმირა აფაქიძე, დევნილი გუდაუთიდან, რომელიც დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის პრესსამსახურს წარმოადგენს.

კითხვით, იგეგმება თუ არა დევნილთა გამოსახლება უახლოეს დღეებში დევნილთა და განსახლების მინისტრს, კობა სუბელიანს მივმართეთ, თუმცა მინისტრმა, საკითხის გარკვევა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან, ეკა გულუასთან გვირჩია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი