ახალი ამბებისაზოგადოება

წერეთელი არ ამბობს, უჭერს თუ არა მხარს “ნაცმოძრაობა” კონსტიტუციით ქორწინების განმარტებას

18 მარტი, 2016 • 1359
წერეთელი არ ამბობს, უჭერს თუ არა მხარს “ნაცმოძრაობა” კონსტიტუციით ქორწინების განმარტებას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ მათი ფრაქცია ქორწინების დეფინიციაზე საკონსტიტუციო კანონპროექტის საორგანიზაციო კომისიის შექმნას არ ეწინააღმდეგება, თუმცა კომისიაში წევრი არ ყავთ წარმოდგენილი:

“ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ეს საკითხი უკვე დიდი ხანია, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების დროიდან დარეგულირებელია საქართველოს კანონმდებლობაში.”

მისივე თქმით,  კონსტიტუციაში ქორწინების განმარტება ხელოვნურად წამოწეული საკითხია:

“არგუმენტები არსებობს, მაგრამ ეს საკითხი არის საქართველოს კანონმდებლობაში კარგად ჩამოყალიბებული და ამ კომისიის შექმნა არის ხელოვნური. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ კომისია შეიქმნას, შეიძლება კომისიის შექმნას მხარდაჭერაც ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ აქტიურად ვიყოთ ჩართული კომისიაში.”

დეპუტატი ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს, თუ არა მხარს კანონპროექტს:

“კი ბატონო, შეიქმნას ეს კომისია, იყოს მსჯელობა, როცა განხილვისთვის საკითხი პარლამენტში მოვა, ალბათ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ.”

პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ცვლილებებთან დაკავშირებით საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავს.


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი