ახალი ამბები

გიორგი აბდალაძე: 26 მაისის კადრებს შევეწირეთ

11 ივლისი, 2011 • 1282
გიორგი აბდალაძე:  26 მაისის კადრებს შევეწირეთ

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების დაკავება 26 მაისის დარბევის ფოტოებს უკავშირდება. მე ბევრი ვიფიქრე და ამ დასკვნამდე მივედი“, – წერს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, რომელიც სამართალდამცავებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. აბდალაძის წერილი  დღეს გამოაქვეყნა  გაზეთმა „ალიამ“.

აბდალაძე წერილში ხსნის, თუ რატომ მივიდა ზემოთმოყვანილ დასკვნამდე: „პირველ რიგში, აგვისტოს ომის შემდეგ სხვა სკანდალური ფოტოები პირადად მე არ გადამიღია. ის ფოტოები სააკაშვილს არ გააღიზიანებდა. პირიქით, ყველა კადრი რუსეთის აგრესიას ასახავდა და ერთ–ერთმა მათგანმა მსოფლიო პრესა მოიარა.  26 მაისს ჩვენ გადავიღეთ ფოტოები, რომლებშიც კარგად ჩანდა, როგორ გაუსწორდით საკუთარ მოსახლეობას. ჩემი ორი კადრი „ასოშეიტედ პრესის“ ვებ გვერდზე დაიდო, საიდანაც ევროპისა და ამერიკის არაერთ გაზეთსა და ჟურნალში დაიბეჭდა“.

აბდალაძე წერს, რომ ასევე სკანდალური ფოტოები გადაიღეს და გაავრცელეს ზურაბ ქირციკიძემ, შახ აივაზოვმა, „ფრანს პრესისა“ და „რეიტერის“ ფოტორეპორტიორებმა, თუმცა:

„უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე კარგი კადრები ირაკლი გედენიძეს ჰქონდა. ის სპეცრაზმელებთან ერთად მოვიდა აქციის დარბევის დროს და ფოტორეპორტიორებიდან ყველაზე საუკეთესო პირობებში იყო, რადგან პოლიციელებმა იცოდნენ, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი რომ იყო და არავინ არაფერს უშლიდა. ირაკლიმ გადაიღო კადრი, სადაც ჩანს სპეცრაზმელების მიერ მოკლული ადამიანი. მერე ეს ფოტო ზურაბ ქურციკიძეს მიყიდა, რომელმაც ის ევროპის ფოტოსააგენტოს მეშვეობით გაავრცელა. ამ კადრას ავტორი არ ეწერა, მაგრამ ყველა ფოტორეპორტიორმა იცოდა, ორაკლის გადაღებული რომ იყო“

„როგორც ჩანს სააკაშვილმა გაიგო, ირაკლიმ ამ დარბევის ფოტოები საერთაშორისო პრესაში რომ გაავრცელა და არ აპატია. არ გვაპატია ჩვენც, დემოკრატიულ ქვეყნებში თავი რომ მოვჭერით და ყველას რომ ვაჩვენეთ სისხლიანი რეჟიმის მეთაური რომ არის. … ამიტომაც მიიღო სააკაშვილმა ჩვენი დასჯის გადაწყვეტილება“

აბადალაძე წერს, რომ „ ირაკლი გედენიძისთვის საყვედურიც არ უთქვამთ იმის გამო, რომ აქციაზე გარდაცვლილი ადამიანის ფოტო გაავრცელა, არადა პრეზიდენტის პრესამსახურში ამ ფაქტის შესახებ ყველამ იცოდა. ეს მე ირაკლისგან ვიცი. ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილმა მერაბიშვილს შეათითხნინა ჩვენს წინააღმდეგ საქმე, მოიგონეს არარსებული და აბსურდული სცენარი, შეაკოწიწეს საქმე და ჯაშუშობა დაგვაბრალეს“.

„უბრალოდ, ვერ შეეხნენ „როიტერისა“ და „ფრანს პრესის“ ფოტორეპორტიორებს, რადგან ამ სააგენტოებს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობები აქვთ და მათი დაკავება საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა. ვერ გათვალეს, რომ შაჰ აივაზოვის ბედით ამერიკის საელჩო დაინტერესედებოდა, რადგან „ასოშეიტედ პრესს“ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა არ აქვს და შაჰი მოსკოვის ოფისის თანამშრომელია.“.

„პირადად მე „ასოშეიტედ პრესის“ უშტატო თანამშრომელი ვარ, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ამერიკის საელჩომ ჩემი დაკავების შესახებ გვიან შეიტყო. ისიც გავიგე, რომ შაჰ აივაზოვის საკითხით თავად ამერიკის ელჩი დაინტერესედა და რომ არ გაეთავისუფლებინათ საგანგებო განცხადების გაკეთებასაც აპირებდა. ჩემი დაკავების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, მაგრამ შაჰს ჩემთან შედარებით ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ის შტატიანი თანამშრომელია, მე კი უშტატო. მე მხოლოდ იმ ფოტოებში მიხდიდნენ ფულს, რომლებსაც ჩემგან შეიძენდნენ“.

„მოკლედ, სააკაშვილმა გადაწვიტა ჩვენ სამაგალითოდ დავესაჯეთ და ამით იმ ფოტორეპორტიორებისთვის, რომლებიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აშუქებენ, მაგალითი მიეცათ. იმ ფოტორეპორტიორებს არავინ შეეხო, ვინც ეს კადრები მხოლოდ ადგილობრივ ჟურნალ–გაზეთებში გამოაქვეყნა, მაგრამ ჩვენი დაჭერა, მათთვისაც ნიშანი იყო. სხვა დროს თუ სააკაშვილი ასეთ რამეს გააკეთებს, დამერწმუნეთ, სკანდალური ფოტოების გადაღებას ვერავინ გარისკავს. მან ამით მედია გააფრთხილა– მე რასაც მინდა გავაკეთებ, თუ მინდა ხალხსაც დავხოცავ, მაგრამ თქვენ ამ ფაქტების დაფიქსირების უფლება არ გაქვთო“.

აბდალაძე წერილში წერს, რომ  28 ან 29 მაისს დაურეკეს სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან და უთხრეს, რომ  26 მაისს გადაღებული ყველა ფოტო მათთან მიეტანა: მაშინ ამ საკითხს არასერიოზულად შევხედე და ვუთხარი, ფოტოები წავშალე მეთქი. ალბათ, მაშინ უნდა მივმხდარიყავი, რომ ამ ფოტოების ამბავი ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა“.

„მოკლედ, მე ირაკლი გედენიძე, შაჰ აივაზოვი და ზურაბ ქურციკიძე 26 მაისის კადრებს შევეწირეთ“.

აბდალაძეს მიაჩნია, რომ ნათია გედენიძის დაკავება იმისთვის დაჭირდათ, რომ ირაკლი გედენიძეზე ზემოქმედება მოეხდინათ და მათი აღიარებითი ჩვენებები მიეღოთ.

გიორგი აბდალაძე თავის წერილში ეხება ე.წ. შესაძლო პიკანტურ ფოტოებსაც, რომელიც შეიძლება ჰქონდათ ფოტოგრაფებს ამა თუ იმ ჩინოვნიკზე: „ადვოკატებმა მითხრეს, რომ საზოგადოებაში გაცნდა ეჭვი, ხომ არ უკავშირდება ჩვენი დაჭერა რომელიმე მაღალჩინოსანის პიკანტურ ფოტოს. ყოფილა ვერსიები კონკრეტულ ჩინოვნკებზეც. მე ასეთი ფოტო არასოდეს გადამიღია. თუ შემთხვევით ჩემს ობიექტივში მოხვედრილა მსგავსი კადრი, მაშინვე ვშლიდი და გავრცელებას რომ ტავი დავანებოთ, არავის ვაჩვენებდი. მე არასოდეს ვიქექებოდი სხვის პირად ცხოვრებაში. სხვათაშორის, თავის დროზე სწორედ ამიტომ ვთქვი  უარი  „პრაიმტაიმთან“ თანამშრომლობაზე.

ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე სამართალდამცავებმა 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებული არიან ასევე EPA-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, გედენიძის მეუღლე კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი