ახალი ამბები

მრევლისთვის ახალ კანონთან ერთად ბიომეტრული პასპორტებიც მიუღებელია

10 ივლისი, 2011 • 1029
მრევლისთვის ახალ კანონთან ერთად ბიომეტრული პასპორტებიც მიუღებელია

ამ წუთებში მეტეხის ხიდზე მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. ისინი პარლამენტისგან 5 ივლისს მიღებული კანონის გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც საქართველოში მოქმედ რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარიგისტრირების უფლება მიეცათ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამავე მოთხოვნის გასაცხადებლად მეტეხის ხიდიდან პარლამენტის შენობისკენ აპირებენ გადანაცვლებას.

ამას გარდა, მეტეხის ხიდზე შეკრებილი ადამიანები ამ წუთებში ხელმოწერებს აგროვებენ მიმართვაზე საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომლითაც ისინი აპროტესტებენ ბიომეტრული პასპორტების, ელექტრონული პირადობის მოწმობებისა და პლასტიკური ბარათების საყოველთაო გამოყენებას. მათი თქმით, აღნიშნული დოკუმენტები არაქრისტიანულ სიმბოლიკას მოიცავს, რის გამოც ისინი მოითხოვენ ამ დოკუმენტების ნეიტრალური და მართლმადიდებლური მრევლისთვის მისაღები ვერსიის დაშვებას.

თბილისში მოქმედი მართლმადიდებლური ტაძრების მღვდელმსახურების მოწოდებით, მრევლმა დღეს საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. 12:00 საათისთვის მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ, ხოლო იქიდან მეტეხის მიმართულებით გადაინაცვლეს.

ანალოგიური აქცია გუშინ ქაშუეთის ეკლესიასთან გაიმართა. მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდამჭერები პერმანენტული აქციების გამართავს იქამდე აპირებენ, სანამ არ გაუქმდება კანონი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის მინიჭების შესახებ და არ დაიწყება საყოველთაო მსჯელობა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საკითხზე საყოველთაო დიალოგის გამართვისა და კანონის მიღების პროცესის შეჩერების თხოვნით საქართველოს პატრიარქმა პარლამენტს 4 ივლისს მიმართა, თუმცა 5 ივლისს ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ეს კანონი მაინც დაამტკიცა. ამის შემდეგ, 7 ივლისს ილია მეორემ ამ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა მოგვიანებით დაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ 5 ივლისსვე ჰქონდა ხელი მოწერილი აღნიშნულ კანონზე.

საქართველოს საპატრიარქო ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესების საწინააღმდეგოსა და საშიშს უწოდებს ახალ კანონს, რომელიც საქართველოში ოფიციალურად 6 ივლისიდან ამოქმედდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი