ახალი ამბები

რელიგიური უმცირესობების რეაქცია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე

5 ივლისი, 2011 • 1665
რელიგიური უმცირესობების რეაქცია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე

საქართველოში მოქმედი რელიგიური ჯგუფები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ  სიხარულით ეხმაურებიან.

ფაქტიურად, ამ სტატუსის მიღება ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ სრულუფლებიანი ნაწილი ქართული საზოგადოებისა და ქართული საზოგადოება აღიარებს ჩვენს მონაწილეობას ქართული საზოგადოების მშენებლობაში. აი, ეს იყო მთავარი პათოსი, რისთვისაც გვინდოდა ამ სტატუსის მიღება და ამ ეტაპზე ბედნიერები ვართ,“ – განუცხადა «ნეტგაზეთს» საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.

ეპისკოპოსის თქმით, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მხრიდან ამ სტატუსის მოთხოვნა განპირობებული იყო სოლიდარობის განცდით სომხური სამოციქულო და რომის კათოლიკური ეკლესიისადმი. რუსუდან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ამ ეკლესიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მიღება კონკრეტულ საჭიროებებზეა მიბმული – შენობა-ნაგებობების დაბრუნებასთან და ა.შ.

ჩვენი ეკლესიისათვის ყოველდღიურ საქმიანობაში ამ სტატუსის არქონა ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა იმ ფონზე, როგორი დისკრიმინაციული სკაანონმდებლო ფონიც არსებობდა იმ საკითხთან მიმართებაში, რომ არსებობდა ერთი განსაკუთრებული რელიგიური ჯგუფი და დანარჩენებისთვის აბსოლუტური ბუნდოვანება იყო სტატუსთან დკაავშირებით,“ – გვითხრა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა. მისი თქმით, კანონპროექტის პირველი ვერსია იყო დისკრიმინაციული და მიუღებელი, მიუხედავად იმისა, რომ მასში ევანგელური ეკლესიაც იყო მოხსენიებული.

რუსდან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ეს რელიგიურ ჯგუფებს შორის არსებულ იერარქიაში იქნებოდა კიდევ ერთი საფეხური, რომელიც გაზრდიდა ბარიერს პრივილიგებულ და ნაკლებ პრივილიგებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის.

კანონპროექტის ბოლო ვერსია, რომელმაც კანონის სახე მიიღო, არის მისაღები, იმიტომ, რომ აქ არ არის  რელიგიური ჯგუფების ჩამოანთვალი და ის ყველასთვის ღიაა.  როცა ჩვენ ვმუშაობდით სტატუსის საკითხზე, ძირითადად, ეს ეხებოდა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას, ასევე საპატიმროებში სიტუაციის გამოსწორებას, იმიტომ, რომ ჩვენ ამ წლის იანვრამდე არ გვქონდა ჩვენი პატიმრების მონახულების უფლება. ბოლო დროს ამ მხრივ ძალიან პოზიტიური ნაბიჯები იდგმება და პროცესები სასიკეთოდ მიდის. სავარაუდოდ, რაღაც ეტაპზე, ალბათ, საგადასახადო კოდექსიც შეიცვლება. ფაქტია, რომ ის დისკრიმინაციულია. არის თვალშისაცემი მუხლები, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს რელიგიურ ორგანიზაციებს,“ -ამბობს რუსუდან გოცირიძე.

პარლამენტის გადაწყვეტილებას ასევე დადებითად აფასებს სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესისის საქართველოს ეპარქიის პრესსამსახურის თანამშრომელი მარი არაქელოვა.

ჩვენი პოზიცია დადებითია. სომხური ეკლესია, ბოლოს და ბოლოს., ღირსეულ იურიდიულ სტატუსს მიიღებს საქართველოში. ეს შეცვლის იმას, რომ ეკლესიის საქმიანობას იურიდიულ ფორმას მისცემს. არ შეიძლება, რომ იგივე საბაჟო გადასახადები და იგივე საკანონმდებლო სფერო მოქმედებდეს რელიგიურ ორგანიზაციებზე, როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე. დადებითი ის იქნება, რომ ეკლესიას არ ჰქონდა საბანკო ანგარიში, თუნდაც სატელეფონო გადასახადის დროს იქმნებოდა პრობლემა და ა.შ. მაგალითად, თუ თანხის გადმორიცხვას აპირებ, კერძო პირზე უნდა გადმორიცხო და ჩვეულებრივად შესაბამისი გადასახადი უნდა გადაიხადო. საქართველომ დამოუკიდებლობა რომ მოიპოვა, ამ სტატუსის მიღებას მას შემდეგ ველოდებოდით,“ – უთხრა მარი არაქელოვამ ნეტგაზეთს.

აჭარის ქართველ სუნიტთა მთავარი მუფთი ჯემალ პაქსაძე ამბობს, რომ „როგორც ევროპის სახელმწიფოებში, ჩვენი ქვეყანაც ადგას აღმშენებლობის გზას, დემოკრატიის გზას და წლების მანძილზე ჩვენი დარდი იყო, რომ ვყოფილიყავით საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ჩვენი მრევლისა და წინამძღოლების დიდი სურვილია, რომ შესაბამის კანონმდებლობაში მოექცეს და მიენიჭოთ იურიდიული სტატუსი, ჩვენი მიწები იქნება, სკოლებში, სხვა შენობები თუ მეჩეთები.“

ჯემალ პაქსაძის თქმით, მათი თემის მთავარი სარგებელი იქნება ის, რომ მუსლიმთა სამმართველოსა და ქონებას იურიდიული სტატუსი ექნება.

გვინდა, რომ ჩვენი საქმიანობა კანონმდებლობის ჩარჩოებში მოვაქციოთ. ჩვენთვის წლების ოცნება იყო, რომ ჩვენი ქონება ჩვენვე გვქონოდა დაკანონებული. ამ სტატუსის არქონა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ ჰქონდეს პასპორტი. ჩემი, როგორც ქართველი და დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანის, ასევე ჩვენი ერთიანი თხოვნაა ქართველი მუსლიმებისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ იურიდიული ფორმა ჰქონდეს ჩვენს თემს. განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა, ქართველი მუსლიმები ჩვენს ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვინდა, რომ ერთიანი საქართველო ვაშენოთ ჩვენს ძმებთან, იქნებიან ესენი მართლმადიდებლები, კათოლიკეები თუ სხვა სარწმუნოების ადამიანები,“ – ამბობს ჯემალ პაქსაძე, აჭარის ქართველ სუნიტთა მთავრი მუფთი.

ამავე თემაზე:

საპატრიარქო: “შეთანხმება ვერ შედგა”

დარჩიაშვილი: არსებობენ ადამიანები, ვინც ცდილობენ რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას

რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციაზე ცვლილებები დამტკიცებულია

დებატები პარლამენტში რელიგიური გაერთიანებების საკითხზე

რა შეიცვლება რელიგიური გაერთიანებებისთვის

პატრიარქი საკანონმდებლო ცვლილებების პროცედურის შეჩერებას ითხოვს

რელიგიურ გაერთიანებებზე კანონპროექტი შეიცვალა

რელიგიური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსი და საგადასახადო რეჟიმი

უთანხმოება რელიგიური ორგანიზაციების იურიდიული სტატუსის განსაზღვრისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი