ახალი ამბები

თსუ-ს თვითმმართველობა და სტუდენტთა ჯგუფი აქციებს ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილას გამართავენ

13 მარტი, 2016 • 1448
თსუ-ს თვითმმართველობა და სტუდენტთა ჯგუფი აქციებს ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილას გამართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, 14 მარტს, 12:00 საათზე, ერთდროულად ორი აქცია გაიმართება. ერთი მათგანი უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდება, ხოლო მეორე, იმ სტუდენტების ჯგუფის, რომლებიც რამდენიმე დღეა თსუ-ში საპროტესტო აქციებს მართავენ.

სტუდენტთა ჯგუფის მოთხოვნები უცვლელია. ისინი კვლავ აპროტესტებენ უნივერსიტეტის კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და მოითხოვენ, უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე. აქციების შეწყვეტას მხოლოდ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ გეგმავენ.

თსუ-ს თვითმმართველობა კი მოითხოვს, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს დაუბრუნდეს და ამ მოთხოვნით აქცია დღეს დააანონსეს. სტუდენტთა ჯგუფში გაჩნდა ეჭვი, რომ თვითმმართველობის წევრები კონტრაქციას აწყობენ.

მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩვენი აქციის პარალელურად თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა გეგმავს კო…

Posted by აუდიტორია #115 on Sunday, 13 March 2016

 

თუმცა ბრალდება მიუღებელია თვითმმართველობის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორისათვის. როგორც პაატა ბახტურიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, მათი აქცია კონტრაქცია ვერ იქნება, რადგან დიდწილად ისინი სტუდენტთა ჯგუფის მოთხოვნებს იზიარებენ, მაგრამ არ ემხრობიან გამოხატვის ფორმებს.

“აზრების განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ჩვენ ვითხოვთ ინსტიტუციური წესრიგის აღდგენას და გვინდა, რომ სენატის წევრებს მიეცეთ საშუალება, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და ან დაუჭირონ, ან არ დაუჭირონ მხარი გიორგი გაფრინდაშვილს, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. აქ საუბარია მხოლოდ იურიდიულად გაწერილი პროცედურის ბოლომდე მიყვანაზე, რომელსაც ხელი შეუშალეს არადემოკრატიული და ძალისმიერი გზებით,”- აცხადებს ბახტურიძე.

რაც შეეხება დროსა და ადგილს, პაატა ბახტურიძე ამბობს, რომ “აქ არ უნდა დავხურდავდეთ, ვინ დაასწრო აქციის დაანონსება”. მისი თქმით, უნივერსიტეტის ეზო იმიტომ შეირჩა, რომ ხალხის შეკრებისათვის დიდი სივრცეა საჭირო, ხოლო დრო სხვა სტუდენტებთან გამოკითხვის შედეგად შეათანხმეს:

“უკვე დიდი ხანია ჩვენ ვდგავართ გვერდზე დაძაბულობის თავიდან არიდების მიზნით, ამით კი გამოვიდა ისე, რომ რეალურ პრობლემებსა და პროტესტის სწორ მიმართულებას ავცდით. გადავიდა პროცესი მიზანმიმართულ პიროვნულ დისკრედიტაციაში, ადამიანისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევაში, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს უგულებელყოფაში და ფეხების ბრახუნით საკითხების გადაწყვეტაში. ეს ჩვენი აზრით დამღუპველია უნივერსიტეტისთვის და ვცდებით რეალურ პრობლემას, რაც არის ოდეერის მუშაობა. სწორედ ამიტომ გამოდის ხალხი, რომელიც სხვა ადგილას, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ დაეტევა და დროც გამოკითხვის შედეგად შეირჩა. ვიმეორებ, ეს არ არის არც კონტრაქცია და არც ვინმეს მხარდასაჭერი აქცია. უბრალოდ, ვითხოვთ ინსტიტუციების პატივისცემას და პასუხისმგებლობების დაკისრებას ამ არეულობის შემოქმედებზე.”

თსუ-ს თვითმმართველობა აქციის გამართვის დროისა და ადგილის შეცვლას არ აპირებს.

“არ გვიფიქრია. ამაზე ჯობია მეორე ჯგუფმა იფიქროს, რომლებსაც უკვე რამდენიმე დღეა მონოპოლია აქვთ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და სხვასაც მოუსმინონ.”

პაატა ბახტურიძე პროცესების გართულებაში უნივერსიტეტის რექტორს, ვლადიმერ პაპავასაც ადანაშაულებს.

“ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ვლადიმერ პაპავას, რომელიც ოდეერთან თანამშრომლომდა 3 წელი და მხოლოდ ახლა განაცხადა ამის შესახებ. ეს აჩენს დიდ ეჭვს, რომ მან სიტუაციის გასამწვავებლად გააკეთა ეს განცხადება, რაც უნივერსიტეტისთვის დამღუპველია და უკვე მიაყენა დიდი ზიანი. ამისთვის პასუხი უნდა აგოს, ან დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ჩაურევლობა მიმდინარე პროცესებში,” – ამბობს ბახტურიძე.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა, აქცებს მართავს. ისინი მოითხოვენ:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების სისტემის საქმის გამოძიება.
  • აკადემიურ საბჭოს მოუწოდებენ, კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილთან შეხვედრის დროს, მოუწოდოს მას, მოხსნას თავისი კანდიდატურა.
  • დაიწყოს საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურისა და რეორგანიზების შესახებ.

10 მარტს სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა უნივერსიტეტის სენატის სხდომა, რომელზეც კანცლერი უნდა აერჩიათ.

უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ საუნივერსიტეტო სივრცეში ე.წ. ოდეერების მუშაობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

12 მარტს სტუდენტებს შეხვდა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე. ხოლო პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გაფრინდაშვილს თხოვა, რომ მოეხსსნა თავისი კანდიდატურა. გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ის ორშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას, მოხსნის თუ არა თავის კანდიდატურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი