ნეტგაზეთი | “გასპარ ნოეს კიდობანი”- ერეკლე დეისაძის პერფორმანსი კანცელარიასთან [video] “გასპარ ნოეს კიდობანი”- ერეკლე დეისაძის პერფორმანსი კანცელარიასთან [video] – Netgazeti
RU | GE  

“გასპარ ნოეს კიდობანი”- ერეკლე დეისაძის პერფორმანსი კანცელარიასთან [video]

მწერალმა და მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ მთავრობის კანცელარიასთან პერფორმანსი “გასპარ ნოეს კიდობანი” მოაწყო. არტისტმა გასპარ ნოეს ფილმი “სიყვარული” პროექტორით მთავრობის კანცელარიის შენობის კედელზე აჩვენა:

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. ერეკლე დეისაძე ვარაუდობს, რომ დააკავებენ:

“გავუშვით ფილმის მცირე ნაწილი, გაშვებაში ხელი შეგვიშალეს, ბევრი პოლიციაა მოსული, ელოდებიან, ზემდგომი ორგანოები რას ეტყვიან და ალბათ დამაკავებენ.”

“მე მგონია, რომ შსს-ს პრეროგატივა არ არის ფილმის მხატვრული ანალიზი იმ ქვეყანაში, სადაც სამალავში აღმოჩენილ კადრებს ჩვეულებრივად ქუჩაში აჩვენებდნენ – იმ სისასტიკეს, რაც მასში ხდებოდა.”

Posted by netgazeti.ge on Friday, 11 March 2016

 

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასპარ ნოეს ფილმზე “სიყვარული” დაიწყო გამოძიება პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით. მე, როგორც დამოუკიდებელმა არტისტმა, გადავწყვიტე ამ პერფორმანსის გაკეთება. სახელმწიფოს მონოპოლია აქვს პორნოგრაფიის გავრცელებაზე.,” – აღნიშნავს დეისაძე.

მისივე მოსაზრებით, ამ ფილმის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება აბსურდია:

“მაშინ, როცა სახელმწიფო თავის თავს უფლებას აძლევს, შანტაჟისთვის შენი ცხოვრება გადაიღოს, როცა სახელმწიფო ციხეში ადამიანებს აწამებს, როცა ამ წამების ამსახველი ვიდეოს ჩვენებას უშვებს საჯარო სივრცეში, მხედველობაში მაქვს ზუგდიდში, ბულვარში კასრებში აღმოჩენილი კადრების ჩვენება,  ხელოვნების წინააღმდეგ პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით საქმის აღძვრა აბსურდია.”

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრანგი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმი “Love” პორნოგრაფიული შინაარსისაა. შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე.

მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას სსსკ-ის 255-ე და 255-ე პრიმა მუხლებით ხელმძღვანელობდა, რაც პორნოგრაფიული ნაწარმოების, ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადებას, ან გასაღებას გულისხმობს, თუმცა იგივე მუხლი შენიშვნაში ადგენს, რომ თუ მასალას აქვს სახელოვნებო ღირებულება, ის არ შეიძლება პორნოგრაფიად იქნეს მიჩნეული. ასევე,  სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საქართველოში პორნოგრაფიის დამზადება, გავრცელება და ა.შ არის დანაშაული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის უკანონო ხასიათისაა. ამავდროულად, არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ ადგენს შეზღუდვას, რა შემთხვევაში არის პორნოფრაფიის დამზადება უკანონო, ან კანონიერი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.