ახალი ამბები

სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან პერფორმანსი გაიმართა

15 ნოემბერი, 2021 • 1334
სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან პერფორმანსი გაიმართა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, რომელზეც განიხილავენ დიდი რაოდნეობით საბიუჯეტო სახსრების საქმეს, „კორტების სპეცოპერაციის საქმეზე“ მსჯავრდებული გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ სასამართლოსთან პერფორმანსი გამართა.

ირინა ცააძემ სასამართლოსთან მიიტანა პიჯაკები (მედიაში აღნიშნულ პროცესს ხშირად უწოდებენ „პიჯაკების საქმეს“), საყოფაცხოვრებო ნივთები და განაცხადა:

„აი, რის გამოც ასამართლებენ ჩვენს პრეზიდენტს, რომელმაც აგვიშენა ქვეყანა: ამ პიჯაკების გამო… მე ვესწრებოდი [ერთ-ერთ წინა] სასამართლო პროცესს. 3 საათი ლაპარაკობდნენ, როგორ იყიდა თურმე მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო რეზიდენციისთვის ფეირი, ტუალეტის ქაღალდი, კბილის პასტა, „ვენოკი“. ამაზე ასამართლებენ პრეზიდენტს“, – განაცხადა ჟუნრალისტებთან ირინა ცააძემ.

ირინა ცააძემ ასევე განაცხადა, რომ მისი ძმა, გიორგი ცააძე, არაერთი წელია, უკანონო პატიმრობაშია.

გიორგი ცააძე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილეა, რომელიც „კორტების საქმეზეა“ მსჯავრდებული.

„კორტების სპეცოპერაციისას“, 2006 წლის 2 მაისს, მოკლეს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. სწორედ იმ პერიოდში იყო ცააძე სამმართველოს უფროსის მოადგილე.

ცააძე დამნაშავედ 2015 წელს ცნეს ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ოჯახი ბრალს არ იზიარებს.


15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით [დაახლოებით 8.8 მლნ ლარის] გაფლანგვის საქმეზე.

სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან შიმშილობს, პროცესზე ფიზიკურ სივრცეში დასწრების საშუალებას არ აძლევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი