კინოსაზოგადოებახელოვნება

ცენზურა თუ პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის კონტროლი – რას იძიებს შსს

4 მარტი, 2016 • 4454
ცენზურა თუ პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის კონტროლი – რას იძიებს შსს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრანგი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმი “Love” პორნოგრაფიული შინაარსისაა. შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე.

მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას სსსკ-ის 255-ე და 255-ე პრიმა მუხლებით ხელმძღვანელობდა, რაც პორნოგრაფიული ნაწარმოების, ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადებას, ან გასაღებას გულისხმობს, თუმცა იგივე მუხლი შენიშვნაში ადგენს, რომ თუ მასალას აქვს სახელოვნებო ღირებულება, ის არ შეიძლება პორნოგრაფიად იქნეს მიჩნეული. ასევე,  სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საქართველოში პორნოგრაფიის დამზადება, გავრცელება და ა.შ არის დანაშაული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის უკანონო ხასიათისაა. ამავდროულად, არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ ადგენს შეზღუდვას, რა შემთხვევაში არის პორნოფრაფიის დამზადება უკანონო, ან კანონიერი.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრის, იურისტ გიორგი მშვენიერაძის თქმით კი, ის, რაც ქვეყანაში აკრძალული არ არის, ბუნებრივია, დაშვებულია:

“უფრო მეტიც, საქართველოს არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ ადგენს პორნოგრაფიის ცნებას. დემოკრატიულ სახელმწიფოში ვინმეს პასუხისგებაში მიცემა ან სხვა სახის სასჯელის დაწესება პორნოგრაფიის გავრცელებისათვის ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს. სახელმწიფომ შესაძლოა დააწესოს შეზღუდვები, როდესაც საქმე ეხება ბავშვთა პორნოგრაფიას. ის, რომ ადამიანი დასაჯო პორნოგრაფიის გაზიარებისათვის, არალოგიკური და არაკონსტიტუციურიცაა,” – აცხადებს მშვენიერაძე.

მოსამართლის გადაწყვეტილებამ შსს-ს ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს მიანიჭა უფლებამოსილება კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

“საიტებს, სადაც ეს ფილმი არის გავრცელებული, მათ შორის ისეთ საიტებზე, რომლებსაც ყველა ვსარგებლობთ, მოსთხოვეს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებმაც ატვირთეს მათ სივრცეში ეს ფილმი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ფილმის ამტვირთავის ვინაობა, რათა, სავარაუდოდ, ის მიეცეს პასუხისგებაში.”

თუმცა, შსს-ს განცხადებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 109-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, “მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურეობის მიმწოდებელი პირი სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (მათ შორის, პორნოგრაფიული) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს კოდირებული ფორმით.

“გამოძიების მიერ, სამართლებრივი წესის შესაბამისად, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმები, მათ შორის, გასპარ ნოეს “Love”, მიეკუთვნება პორნოგრაფიას,” – აცხადებენ სამინისტროში.

გიორგი მშვენიერაძის აზრით, სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება ამ შემთხვევაში ცენზურაა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არაკონსტიტუციურია:

“ღიმილისმომგვრელია იმის გაფიქრებაც კი, რომ შსს-ს რომელიმე გამომძიებელი რაღაც ფილმს უყურებს, გადაწყვეტს, ფილმს არ აქვს სახელოვნებო ღირებულება და არის პორნოგრაფია. მე არ ვარ კომპეტენტური და ვერ განვსაზღვრავ, არის თუ არა ნოეს ფილმი მაღალი მხატვრული ღირებულების, მაგრამ მთავარია, რომ ეს არის მხატვრული ფილმი და შსს-ს გამომძიებლები არ უნდა წყვეტდნენ, საქართველოში რომელი ფილმი მიაკუთნონ რა კატეგორიას და შემდეგ ამ კატეგორიიდან გამომდინარე იჭერდნენ ადამიანებს. ეს უკვე არის ცენზურა და სხვა არაფერი.”

აღნიშნული საქმე სასამართლოში განსახილველად პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა დააყენა.

გიორგი მშვენიერაძე ასევე საუბრობს 2015 წლის მაისში დაკავებულ პირებზე, რომლებიც 19 სხვადასხვა ვებ-გვერდზე პორნოგრაფიული ნაწარმოებისა და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამირების ფაქტზე გამოავლინეს და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

“მაშინ, სამწუხაროდ, ამ ადამიანებთან მიმართებაში გაიმართა ვაჭრობა და მათ ეუბებოდნენ, რომ თუკი ისინი დაიწყებდნენ ბრძოლას სასამართლოში, მათ ვინაობას გაასაჯაროებდნენ. ამით აიძულეს ამდენი ადამიანი, რომ საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინათ იმ დანაშაულზე, რომელიც სსკ-ით დანაშაულად არ მიიჩნევა. ეს შემთხვვეაც არის იმავე პოლიტიკის გაგრძელება და უკვე მხატვრულ ფილმებსაც მიადგნენ. ეს არის უკვე მორალური პოლიცია. ვიღაცები საკუთარი ბნელი და გაუნათლებელი შეხედულებების გამო აწესებენ ცენზურას ამა თუ იმ ნაწარმის გავრცელებაზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს,” – აცხადებს მშვენიერაძე.

ფრანგი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმის “Love” პრემიერა 2015 წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ასევე უჩვენეს 2015 წლის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმმა კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. ფილმი გამოირჩევა თამამი სცენებით და გასპარ ნოეს ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ხარისხის რეჟისორულ ნამუშავრად მიიჩნევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი