დღეს, 11 მარტს, 20:00 საათზე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების გამო საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან “ქალთა მოძრაობის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება.
“ფარული ჩანაწერების კიდევ ერთხელ გავრცელება ნათლად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პირადი ცხოვრებით ადამიანების შანტაჟის მცდელობასთან. ჩვენ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას. შესაბამისად, როგორც პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა ჩანაწერების გაკეთება.
ჩვენ აღარ ვაპირებთ მოვითმინოთ ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირება,
აღარ ვაპირებთ მოვითმინოთ სპეკულაციები და შანტაჟი!
მოვითხოვთ, სასწრაფოდ დადგეს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკიხი! მათ შორის პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, პროკურატურის და სუსის!
მოდი დღეს, რვა საათზე, საქართველოს კანცელარიასთან!
არა შანტაჟს!
არა მანიპულაციას!
არა სპეკულაციას!”
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი.