საზოგადოება

რა აკლია მაყურებელს ტელეეთერში?

4 აპრილი, 2011 • • 2311
რა აკლია მაყურებელს ტელეეთერში?

მუსიკალური, იუმორისტული, სპოტული გადაცემები, მხატვრული ფილმები, სერიალები და საბავშვო გადაცემები – ეს ის არის, რის დეფიციტსაც განიცდის საქართველოს მოსახლეობა ქართულ სატელევიზიო სივრცეში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შეკვეთილი კვლევის შედეგების მიხედვით.

მუსიკალური გადაცემები 28.50%
იუმორისტული გადაცემები 23.00%
სპორტული გადაცემები 20.00%
მხატვრული ფილმები 16.50%
საბავშვო გადაცემები 14.70%
სერიალები 14.70%
სატელევიზიო თამაშები 12.70%
საინფორმაციო გადაცემები 11.30%
შემეცნებითი გადაცემები 10.90%
ანალიტიკური გადაცემები 10.50%
დოკუმენტური ფილმები 5.60%
არც ერთი 2.40%
სხვა 3.90%
არ ვიცი 55.40%

გასართობი თოქ შოუები და მუსიკალური გადაცემები ლიდერობს პასუხებში, შეკითხვაზე – რის ყურებას ანიჭებთ უპირატესობას სატელევიზიო სივრცეში. საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემები მნიშვნელოვნად ჩამორჩება იუმორისტულ შოუებს და სატელევიზიო სერიალებს, მხატვრულ ფილმებს და გასართობ თოქ–შოუებს. შემეცნებითი გადაცემების ნახვა გამოკითხულთა მხოლოდ 6,6%–ს სურს, ანალიტიკური გადაცემის კი – 3,9%–ს.

მუსიკალური გადაცემები 35.50%
გასართობი თოქ შოუები 29.00%
სატელევიზიო სერიალები 20.00%
მხატვრული ფილმები 16.20%
იუმორისტული გადაცემები 15.70%
ქართული მხატვრული ფილმები 14.60%
სპორტული გადაცემები 13.60%
სატელევიზიო თამაშები 12.70%
საბავშვო გადაცემები 11.90%
საინფორმაციო გადაცემები 10.60%
დოკუმენტური ფილმები 10.50%
შემეცნებითი გადაცემები 6.60%
ანალიტიკური გადაცემები 3.90%
სხვა 25.40%
არ ვიცი 3.90%

სატელევიზიო სერიალებისა და მუსიკალური გადაცემების ჭარბად ყურებასთან ერთად, მათზე დამატებითი მოთხოვნაა გამოკითხულების მხრიდან. რესპონდენტთა აზრით, ეთერში მაინც შეიმჩნევა მუსიკალური გადაცემების ნაკლებობა.

2010 წლის იანვრის გამოკითხვების შედეგად, რომელიც ფიფლმეტრებით ჩატარდა, ყველაზე ხშირად ყურებად ხუთ გადაცემას შორის არის: მუსიკალური კონკურსი “ჯეოსტარი” (“რუსთავი2”), ქართული სერიალი “შუა ქალაქში” (“იმედი”) , თოლქ შოუ “პროფილი” (“რუსთავი ორი”), “კურიერ პოსტსკრიპტუმი” (“რუსთავი ორი”) და “ნანუკას შოუ” (“იმედი”).

მხოლოდ მეათე ადგილზეა “9 საათიანი კურიერი” და მე–14 ადგილზე “იმედის” საინფორმაციო გამოშვება – “ქრონიკა რვა საათზე”.

რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებებს, მაყურებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: სანდოობა, “მიუკერძოებლობა, სისრულე, პოპულარული/გასაგები ენა, ოპერატიულობა, ტექნიკური სტანდარტები”, – ნათქვამია კვლევაში. როგორც ჩანს, ტექნიკური სტანდარტები მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, კერძოდ, ტექნიკური და ვიზუალური ხარისხი, ასევე გადაცემის ეთერში განთავსების მოსახერხებელი დრო.

გადაცემების თემებზე საუბრისას მნიშვნელოვანი უპირატესობით დასახელდა თემები ქართველ ერსა და მენტალიტეტზე.

კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს ჰქონდათ საშუალება, გადაცემის ტიპების გარდა, განესაზღვრათ გადაცემის სასურველი თემები, რომელთა ხილვაც სურთ სატელევიზიო მაუწყებლობით. ყველაზე მაღალი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან ქართველ ერზე, ტრადიციებსა და მენტალიტეტზე, დასაქმებისა და მის მომიჯნავე თემატიკაზე შექმნილ გადაცემებზეა.

ხოლო რაც შეეხება შემეცნებით გადაცემებს, ყველაზე დიდი მოთხოვნილება ისტორიულ თემაზე შექმნილი გადაცემებზეა.

ისტორიულ შემეცნებითი 62.80%
კულტურულ შემეცნებითი 36.80%
ბუნების შესახებ 26.40%
რელიგიურ შემეცნებითი 19.80%
მებაღეობა–სოფლის მეურნეობა 11.90%
სხვა 3.00%
არცერთი 6.80%

პრიორიტეტები იცვლება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 18–24 წლის ადამიანს მოსწონს სპორტული გადაცემები, გასართობი ხასიათის, მუსიკალური გადაცემები და მხატვრული ფილმები.

25-34 ასაკის ჭრილში უპირატესობა შემეცნებითი ხასიათის გადაცემებსა და გასართობ თოქ-შოუებს ენიჭება.

სპორტული და შემეცნებითი გადაცემები მოსწონთ საშუალო ასაკის 35-44 წლის ადამიანებს. იგივე დამოკიდებულება აქვთ 45-54 ასაკის რესპონდენტებსაც, რომელთა არჩევანში მხატვრულ ფილმებსაც წამყვანი ადგილი უკავია.

ასაკოვანი კატეგორიები (55-64 ასაკი) ყველაზე მეტად საინფორმაციო გადაცემების მაყურებელია, თუმცა ეთერში დამატებით საინფორმაციო გამოშვების ხილვის წინააღმდეგია, ასევე,  აკმაყოფილებთ სპორტული გადაცემების არსებული დოზა დღევანდელ სატელევიზიო სივრცეში.

65+ ასაკის რესპოდენტებში მოთხოვნაა გასართობ თოქ–შოუებზე.

კვლევის მიხედვით, საზოგადოებას არ აქვს მოთხოვნა სათემო მაუწყებლობაზე. მათ შორის იმ რეგიონში, სადაც ეთნიკური უმცირესობებია დასახლებული.

კვლევა, რომელსაც ს.აზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მაუწყებლობის პრიორიტეტები უნდა განესაზღვრა, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზიების გაცემის წინაპირობაა.

კვლევა ბისიჯი რისერჩმა ჩაატარა. საზოგადოების აზრის კვლევა ორჯერ განხორციელდა– 2008 და 2010 წლებში.

სამაუწყებლო პრიორიტეტების დასადგენად საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარეობდა 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივნისამდე.

გამოკითხვა მიმდინარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ოკუპირებული რეგიონების გარდა.

კვლევა ჩატარა 18+ ასაკის მოსახლეობასთან.

როგორც კახი ყურაშვილმა, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსმა ნეტგაზეთს განუცხადა, ბისიჯიმ კომისიას რამდენჯერმე ხარვეზებით წარუდგინა კვლევა. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის ჩაბარების პროცესი, ყურაშვილის თქმით, გაიწერა, კომისიამ საჭიროდ ჩათვალა, საველე სამუშაოები ხელმეორედ ჩაეტარებინა. შედეგადად პირველ ეტაპზე, ანუ 2008 წელს, კვლევის ფარგლებში 6500 ადამიანი გამოიკითხა, მეორე ეტაპზე, 2010 წელს კი– 3000 ადამიანი.

 

ამავე თემაზე:

მაყურებლის პრიორიტეტები საქართველოში

რა სურთ მოქალაქეებს მაუწყებლებისგან?

რატომ მალავს კვლევას კომუნიკაციების კომისია

მაუწყებლობის პრიორიტეტები 3 წლიანი კვლევით

მასალების გადაბეჭდვის წესი