საზოგადოება

ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობა საქართველოს მასშტაბით 80%–ით ან სრულად დაფინანსდება

4 თებერვალი, 2016 • 1968
ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობა საქართველოს მასშტაბით 80%–ით ან სრულად დაფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით,  „ჰერცეპტინით“ ადრეულ ძუძუს კიბოს  1–წლიან მკურნალობას საქართველოს მასშტაბით 80%–ით დააფინანსებს, სოციალურად დაუცველებისათვის კი დამატებითი შეღავათები იქნება.

30 იანვარს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ პაციენტებს პრეპარატის მაქსიმუმ 1-წლიანი კურსისთვის საჭირო თანხას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, სრულად დაუფინანსებს, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, 80%–ით დაუფინანსდებათ მკურნალობა რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს. სერგეენკოს თქმით, წელიწადშ ძუძუს კიბოს 1300–მდე შემთხვევა ვლინდება.

“მერიამ გარკვეული პერიოდის წინ გამოიჩინა მართლაც მნიშვნელოვანი ინიციატივა, როდესაც  დაიწყო მოლაპარაკებები ერთ–ერთი ძვირადღირებული მედიკამენტის, ჰერცეპტინის  მწარმოებელ კომპანიასთან. ამ მოლაპარაკებებმა ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი. ამით შესაძლებლობა მოგვეცა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით განგვეხორციელებინა ის პროექტი, რაც უკვე მერიამ საფუძველი ჩაუყარა,”– განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტს მიმდინარე თვის განმავლობაში, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 80%-იანი დაფინანსებით მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მედიკამენტ „ჰერცეპტინით“ მკურნალობის ერთწლიანი კურსი დაახლოებით 50.000 ლარს შეადგენს, პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი ბენეფიციართა მხრიდან დანახარჯი 7.000 ლარამდე შემცირდება. ასევე, დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებითვის დამატებითი შეღავათები განხორციელდება. დაბალი ფინანსური ხელმისაწვდომობის გამო საქართველოში მედიკამენტ „ჰერცეპტინით“ პაციენტების მხოლოდ 5-10% მკურნალობს. პროგრამის მეშვეობით კი ისინი 20%-იანი თანაგადახდით ძუძუს კიბოს მკურნალობას ადრეულ სტადიაზევე შეძლებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ონკოლოგიურ პაციენტ ქალებს შორის სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. მათ შორის, 20-25%-ში ყველაზე აგრესიული – HER2-რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბო აღინიშნება, რომლის ადრეულ სტადიებზე (I-III) განკურნების საუკეთესო შანსს სწორედ „ჰერცეპტინით“ მკურნალობის ერთწლიანი კურსი წარმოადგენს.

ყველა ბენეფიციარი პრეპარატ „ჰერცეპტინს“ რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებს. ამისათვის პაციენტებმა მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №100), მედიკამენტის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა, სოციალურ კატეგორიას მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ასევე გინეკოლოგიური და მამოლოგიური პათოლოგიების მიმართულებით სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტის მორფოლოგიური ლაბორატორიის მიერ დადასტურებული HER-2 რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს არსებობის თაობაზე დასკვნები უნდა წარადგინონ.

ჯანდაცვის სამინისტრო ასევე აქვეყნებს ინ აფთიაქების ჩამონათვალს, სადაც ბენეფიციარები მედიკამენტ „ჰერცეპტინს“ მიღებას შეძლებენ.

„პე-ეს-პე“ – თბილისი (ლუბლიანას ქ.15; თამარ მეფის გამზ. 31; ჭავჭავაძის გამზ. 54; გამსახურდიას გამზ. 14; ყაზბეგის გამზ. 14; საბადურის ქ. 20/7; ტაშკენტის ქ. 22/22) ქუთასი (ბროსეს ქ. 5) ბათუმი (ჭავჭავაძის ქ. 46)

„ფარმადეპო“ – თბილისი (სანაპიროს ქ.10) ქუთაისი (აღმაშენებლის გამზ. 24) ბათუმი (მელიქიშვილის 18/გორგასალის ქ. 92)

„ჯი-პი-სი“ – თბილისი (ალ.ყაზბეგის გამზ. 10; ლუბლიანას ქ. 5; აღმაშენებლის გამზ. 96; პეკინის ქ. 11; მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორია) ბათუმი (გორგილაძის ქ. 30; ჭავჭავაძის ქ. 113) ქუთაისი (გრიშაშვილის ქ; გამსახურდიას ქ. 23)

მასალების გადაბეჭდვის წესი