საზოგადოება

უმუშევრობა და შრომითი მიგრაცია

17 თებერვალი, 2011 • • 21559
უმუშევრობა და შრომითი მიგრაცია

შრომითი მიგრაცია ის პრობლემაა, რომელიც საქართველოს გასული საუკუნის 90–იან წლებში მოპოვებული დამოუკიდბელობის პირველივე წლებიდან თან სდევს.  ცნობილია, რომ შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა, რომელიც  დღემდე სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვან  პრობლემად რჩება საქართველოში. განსაკუთრებით მწვავედ  უმუშევრობა რეცესიის დროს ვლინდება, ანუ მაშინ, როდესაც, მთლიანი შიგა პროდუქტი იკლებს სულ ცოტა ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში. სამწუხაროდ, რეცესიის ტიპის მოკლევადიანი ეკონომიკური რყევა საქართველოსთვის გრძელვადიან მოვლენად იქცა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია უმუშევრობის ტერმინს ასე განსაზღვრავს – 15 წელზე მეტი ასაკის პირები, რომელთაც  შეეძლოთ მუშაობა, სცადეს მუშაობის დაწყება გასული 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ სამსახური ვერ იშოვეს. ამავე კატეგორიას განეკუთვნებიან დროებით დათხოვნილი და სამსახურის დაწყების მოლოდინში მყოფებიც. საქართვლოს სინამდვილეში კი სიტყვა უმუშევარი განსხვავებული კრიტერიუმით ფასდება. თავს უმუშევარს უწოდებენ ისინიც, ვინც არათუ გასული 4 კვირის, არამედ გასულ 4 თვეზე მეტ პერიოდშიც ვაკანსიების შესახებ მონაცემებით არც კი დაინტერესებულან. ასეთი ტიპის ადამიანები ინფორმაციის გაცვლას ძირითადად ეგრეთ წოდებულ „ბირჟაზე“ ახდენენ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო  შრომის ბირჟასთან… შედეგად, საქართველოში, ძირითადად, სწორედ ასეთი ინდივინდებისგან  შედგება იმედდაკარგულ მუშახელთა კონტინგენტი – ადამიანები, რომელთაც სურთ მუშაობა, მაგრამ ხელი ჩაიქნიეს სამუშაოს  ძებნაზე.
თანამედროვე მსოფლიოში, დასაქმების სფეროში მდგომარეობის დასარეგულირებლად სახელმწიფოები გარკვეულ პოლიტიკას ატარებენ, რომელიც მიზანად ისახავს ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა – ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მონაცემთა ბაზის შექმნა; პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამების განხორციელება; მუშახელის გეოგრაფიული მობილურობის უზრუნველყოფა და სხვა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ინიცირებული  დასაქმების პროგრამა.
    საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ  აღნიშნული სახელმწიფო  პროგრამის შეფასების მიზნით 1 000 დამსაქმებელი გამოკითხა. გაირკვა, რომ საწარმოები პროგრამის ფარგლებში მათთან დასაქმებული პირებისგან გრძელვადიან თანამშრომლობას მხოლოდ 10%-თან გეგმავენ, ანუ საშუალოდ დასაქმების პროგრამის შედეგად გრძელვადიან პერიოდში ყოველი მე-10 ადამიანი საქმდება.
„ვინაიდან სახელმწიფომ პროგრამის ფარგლებში დასაქმებისთვის 40 000 000 ლარი გამოყო, ხოლო პროგრმაში  114 000 მოქალაქე მონაწილეობდა, ჩვენი დაშვებით გრძელვადიან პერიოდში საქმდება მაქსიმუმ 10%–ი, ანუ სახელმწიფო ერთ სტაბილურ სამუშაო ადგილის შექმნაზე მინიმუმ 8 772 ლარს ხარჯავს“ – ასკვნის ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ქეთი ფაცაცია და იქვე ერთ პრობლმატურ თემაზეც ამახვილებს ყურადღებას  – „ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში კერძო ბიზნესი მაღალი ტემპით ვითარდება და შესაბამისად იზრდება შრომის ბაზრის მოთხოვნები პროფესიულ კადრებზე. თუმცა, პროფესიონალიზმი პრობლემაა როგორც ტექნიკურ, ისე  მენეჯერულ დონეზე“.
კვალიფიცირებული მუSახელის  მტკივნეულ პრობლემას აწყდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისია საქართველოში. იგი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის დაფინანსებით,  კონსულტაციისა და დასაქმების პროექტს – JCP ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 7 ქალაქში  (თბილისში, თელავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში) დასაქმების ცენტრებია გახსნილი.  პროექტის ფარგლებში უფასო მომსახურებას უწევენ სამუშაოს მაძიებლებს, ხოლო კერძო თუ საჯარო სამსახურებს ოპერატიულად აწვდიან ვაკანსიის მოთხოვნის შესაფერის კანდიდატთა სიას.  
როგორც პროექტ JCP–ის დამსაქმებელთა ურთიერთობის კოორდინატორი ხათუნა ცხადაძე აღნიშნავს  – „შვიდივე ქალაქში (6 თვეში) რეგისტრირებულია დაახლოებით 7 000 ადამიანი და უკვე დასაქებულია, დაახლოებით, მათი 20%. თუმცა აღსანიშნავია, რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა დაბალი კვალიფიკაცია.  ბევრია დაბალკვალიფიციური ან საერთოდ არაკვალიფიციური ადამიანი“…

დაბრუნებული მიგრანტები

მიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების უმეტესობისათვის,  სამშობლოში დამკვიდრება, მრავალწიანი განშორების შემდეგ, არც ისე მარტივი პროცესია. მათი  სოციალური რეინტეგრაციის მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში სპეციალურ პროგრამას ახორციელებს. როგორც ირკვევა 2003 წლიდან დღემდე მათ 1 232 დაბრუნებულ მიგრანტს გაუწიეს სხვადასხვა ტიპის დახმარება, რაც ძირითადად, მცირე ბიზნესის ხელშეწყობაში გამოიხატება.
ზემოაღნიშნული – ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი რუსუდან იმნაიშვილი: „მცირე ბიზნესში ჩვენ მიერ გაწეული დახმარების გარდა, იმ 1 232 დაბრუნებულ მიგრანტთაგან 133-მა, გამოცდილების გათვალისწინებით,  პროექტ JCP ცენტრის დახმარებით, სხვა სამსახურიც იშოვა.
ხშირია შემთხვევებიც, როცა მიგრანტები გარკვეული ფინანსური დანაზოგით ბრუნდებიან, ყიდულობენ უძრავ-მოძრავ ქონებას, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ სამუშაოდ კვლავ უკან, უცხოეთში ბრუნდებიან. მათი არგუმენტი ასეთია – სოციალური თვალსაზრისით საქართველოში ბევრი არაფერი შეცვლილა და თავის სარჩენს იქ უფრო შოულობენ. უცხოეთში მრავალწლიანი მიგრაციის პერიოდში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღებულები კი, უკვე ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობების გამოყნებით, გარკვეული პერიოდით მუშაობენ ამ ქვეყნებში, ხოლო სამშობლოში სეზონურად ჩამოდიან და საზღვრებს გარეთ გამომუშავებული ფულით ცხოვრობენ. მოკლედ, ნაკლებია ისეთი ადამიანთა რიცხვი, რომლებიც უცხოეთში, შედარებით მაინც, წარმატებული შრომითი მიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ რჩებიან სამშობლოში.    

მიუხედავად ყველაფრისა, დღეს გაცილებით უკეთ ვართ, ვიდრე გუშინ. რადგან უფრო მეტმა ვიცით, რატომ ვართ ცუდად. იმედია, ხვალ კიდევ უფრო მეტს გვეცოდინება. ეს ეხება “გახიზნულ, გაჩუქებულ, გაყიდულ“ შვილებსაც, რომლებსაც ვერაფრით დავიბრუნებთ, თუკი თავად არ მოუნდებათ დაბრუნება. დაბრუნება არა მარტო კეთილშობილური მიზანი, არამედ მოურეველი სურვილიც უნდა იყოს მათთვის –  ოთარ ჭილაძე

მასალა მომზადებულია GFSIS Georgia-ს პროექტის – ”ჟურნალისტების ცოდნის გაღრმავება ეკონომიკასა და ფინანსებში” ფარგლებში. ვრცელი ვარიანტი იხილეთ: http://www.gfsis.org/index.php/ge/activities/projects/view/86/page/109/id/46

მასალების გადაბეჭდვის წესი