საზოგადოება

TI: დაბალ დონეზე კორუფცია აღმოფხვრილია, თუმცა კვლავაც არის ელიტური კორუფციის რისკები

27 იანვარი, 2016 • 1434
TI: დაბალ დონეზე კორუფცია აღმოფხვრილია, თუმცა კვლავაც არის ელიტური კორუფციის რისკები

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ საქართველომ ელიტურ კორუფციასთან საბრძოლველად ეფექტური მექანიზმები უნდა შექმნას.

დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა კორუფციის აღქმის ინდექსი, რომლის თანახმადაც, საქართველოს 168 ქვეყანას შორის 48–ე ადგილზეა. საქართველომ 100 უმაღლესი ქულიდან 2015 წელს 52–ის დაგროვება შეძლო. მოცემული ინდექსის თანახმად, რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო ნაკლები კორუფციაა ქვეყანაში.

“დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ დაბალ დონეზე კორუფცია აღმოფხვრილია, თუმცა კვლავაც არის ქვეყანაში ელიტური კორუფციის რისკები. იმისთვის, რომ ეს რისკები არ არსებობდეს, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ქმედითი მექანიზმები, რომ ვებრძოლოთ ელიტურ კორუფციას,”- განაცხადა ეკა გიგაურმა კორუფციის აღქმის ინდექსი – 2015–ის პრეზენტაციაზე.

გიგაურის განცხადებით, ამის აღმოსაფხვრელად ერთ–ერთი ეფექტური მექანიზმი იქნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, რომელიც დაექვემდებარება პარლამენტს და  არა აღმასრულებელ ხელისუფლებას. გიგაურის თქმით, ორგანიზაციამ უკვე მიმართა პარლამენტს წინადადებით, რომ ასეთი სამსახური შეიქმნას.

“ჩვენ შევიმუშავეთ შესაბამისი კანონპროექტი და ველოდებით მის განხილვას უახლოეს მომავალში,”– ამბობს ის.

რაც შეეხება ამ ინდექსში საქართველოს პოზიციას, გიგაური ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით მდგომარეობა შენარჩუნებულია.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 3–4 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, კორუფციის აღქმა არ შეცვლილა ქვეყანაში, და ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, არის კარგი, რომ არის შენარჩუნებული ეს დონე, თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მთავრობამ, რომელიც იქნება ამ ქვეყანაში, იზრუნოს, რომ უკეთესი შედეგი დადოს,”– განაცხადა მან.

გიგაურის თქმით,  ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნაა. თუმცა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არსებობს, ამის გაკეთება შეუძლებელია.

საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი, ერეკლე ურუშაძე კი ამბობს, რომ ეს ინდექსი ემყარება სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ინდექსებსა და ქულებს, ამიტომაც ის კონკრეტულ ფაქტებს არ მოიცავს

ერეკლე ურუშაძე. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ერეკლე ურუშაძე. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“არაფორმალური მმართველობა და, ზოგადად, არაფორმალური გავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავისთავად რისკს შეიცავს ხელისუფლების ბოროტად გამოყენების, მათ შორის, კორუფციის კუთხითაც. რადგანაც ამ შემთხვევაში ირღვევა სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის პრინციპი და ანგარიშვალდებულობის პრინციპი, როდესაც ისინი ანგარიშვალდებულნი არიან არა კონსტიტუციით დადგენილი მექანიზმების შესაბამისად, არამედ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან გარეშე აქტორების მიმართ, რომლებიც არ არიან კონსტიტუციური მმართვერლობის სისტემაში,”– ამბობს ერეკლე ურუშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი