საზოგადოება

ერთი ღამე დევნილებთან-დასაწყისი

1 თებერვალი, 2011 • 1466
ერთი ღამე დევნილებთან-დასაწყისი

ერთი ღამე დევნილებთან
ერთი ღამე დევნილებთან

29 იანვარს დევნილთა მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო.
11 ოქტომბრიდან დევნილები ტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, კარვებში, ცხოვრობენ. ამ კამპანიაში მონაწილეობას იღებენ სოციალური მედიის წარმომადგენლები(ასევე მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა უპარტიო მოქალაქეს), ჩვენი მიზანია დევნილთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება(მოგეხსენებათ, დღეს ინფორმაციის ვაკუუმში ვართ), ყოველ დღე რამდენიმე ადამიანი მათთან დარჩება და შეეცდება, უკეთ ასახოს მათი მდგომარეობა, ცოტა ხნით წარმოიდგინონ თავი მათ ადგილას.
29 იანვრის ღამეს 5 ადამიანი დავრჩით დევნილებთან, ნამდვილად არ ყოფილა ადვილი, პირიქით, ძალიან რთული აღმოჩნდა პირადად ჩემთვის.

23 დევნილი 4 თვეა კარვებში ცხოვრობს, მათი მოთხოვნაა, შეუქმნან საცხოვრებელი პირობები ისეთ ადგილას, სადაც ელემენტარულად თავის რჩენის საშუალება ექნებათ. თუმცა, მოთხოვნის გარდა, მათი იქ ცხოვრების მიზეზი ისიც არის, რომ წასასვლელი არსად აქვთ. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს, ყველამ დიდი და რთული გზა გამოიარა, მრავალი დამსახურება აქვთ ქვეყნის წინაშე.

არის დევნილი, რომელსაც ორივე ფეხი ომში აქვს დაკარგული, ერთ ბატონს ცალ ფეხში ძვლის მაგივრად რკინა აქვს(დანარჩენები ამბობენ, რომ ღამე ეყინება, პარკებს იხვევს და ჩანთაში დებს). კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არც ერთი მათგანი არ არის, მაგრამ ზოგის მდგომარეობა გაუსაძლისია.
ღამით გავიგეთ, რომ ყველა კარავში წყალი ჩადის. ასევე, არ აქვთ საკვები, საჭიროებენ ჰიგიენურ ნივთებს, შეშას (შეძლებისდაგვარად იქნებ დავეხმაროთ).

სუბელიანი მოდისო და გვერდზე იხედებაო, თვალს გვარიდებსო, ამბობს ერთი ქალბატონი. ერთხელ უთქვამს, იჩხავლეთ რამდენიც გინდათო. ამბობენ, რომ სამინისტროში კარგი ხალხიც მუშაობსო, გვეხმარებიანო. არ გაინტერესებთ, დახმარებაში რას გულისხმობენ? ამ კითხვაზე მათი პასუხი ასეთია:
-გამოდიან და გვესალმებიან, გველაპარაკებიან. ვეცოდებით. მადლიერი ვართ მათი, კეთილები არიან.
ფაქტი, რომელმაც გამაოცა, ის არის, რომ არც ერთი მღვდელი არ მისულა მათთან, ეკლესია საერთოდ არ ეხმაურება ამ საკითხს. ერთხელ ყოფილა სამინისტროში მღვდელი მისული და ერთ-ერთი დევნილი შეეხმიანა, მამაო, დაგვლოცეთ მაინცო, მან კი ყურადღებაც არ მიაქცია(ხელიც კი აიქნიაო).
და მერე ვინმე იტყვის, რომ სრული განუკითხაობა არაა ქვეყანაში?
ჯერ როგორ შეუძლიათ,  ოთხი თვე უყურონ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, რატომ არ ამოიღო ვინმემ ხმა?

დევნილები გვიანობამდე ისხდნენ ჩვენთან ერთად, ძალიან თბილი და სასიამოვნო ხალხია. ერთ–ერთი ქალი აფხაზეთზე ყვებოდა, დამესიზმრაო და ცრემლი მოადგა. ეს ხომ ჩვენი ხალხია…
სანამ სახლში წამოვიდოდი, გული ამეწვა, მე თბილ სახლში მივალ, ისინი კი დილით სიცივეში გამოვლენ, არ მინდა, ამ სიცივეში ადამიანების სიცივეც ხვდებოდეთ. შემოგვიერთდით, თავად ნახეთ ეს ყველაფერი. გააგებინეთ ყველას, რომ ცუდად არიან, მათ ყურადღება და სითბო სჭირდებათ.
იმედი, იმედი მაინც აქვთ. წამოსვლისას ძალიან ბევრი მადლობა გადაგვიხადეს, ასეთი ყურადღება ჯერ არავის გამოუჩენიაო. დღეს კიდევ გველოდებიან.

პოსტის დასასრულს კი მინდა პატრიკ ნიმოილერის სიტყვები დავწერო, ვიმედობნებ, რომ გაუგებარი არაფერია. იგი ნაცისტების შესახებ ამბობდა, “როდესაც ისინი კათოლიკეების დასაჭერად მოვიდნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვიყავი. ….როდესაც მათ სოციალ-დემოკრატები აიყვანეს, მაშინაც დუმილი ვარჩიე, რადგან არც სოციალ დემოკრატებთან მქონდა საერთო. …. ხმა არ ამომიღია არც მაშინ, როდესაც პროფკავშირები დაატუსაღეს – მათგან არავის ვიცნობდი. …. ებრაელი არ ვარ და არაფერი მითქვამს, როცა ამის შემდეგ ყველა ებრაელი დააპატიმრეს… ხოლო როცა ჩემს დასაპატიმრებლად მოვიდნენ, აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო”.

 

პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა მეამბოხის ბლოგზე

მასალების გადაბეჭდვის წესი