საზოგადოება

კარავში მცხოვრები დევნილი უკურნებელ სენს ებრძვის

9 თებერვალი, 2011 • 1770
კარავში მცხოვრები დევნილი უკურნებელ სენს ებრძვის

თაზო კუპრეიშვილის ფოტო
თაზო კუპრეიშვილის ფოტო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და დევნილთა სამინისტროს შენობის წინ გაშლილ კარავში მცხოვრები ვასო რაზმაძე სიკვდილს ებრძვის. მას ღვიძლის ციროზი და ტუბერკულოზი აქვს. დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე აღარ შეუძლია და ბოლო ორი დღეა, საუბარიც უჭირს.

ვასო რაზმაძე აფხაზეთის ომის ვეტერანია. 1993 წლის ომის დროს დაიჭრა და მას შემდეგ ავადმყოფობდა, მაგრამ მისი მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა, როდესაც საცხოვრებლად კარავში გადავიდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და დევნილთა სამინისტროს შენობის წინ გაშლილ კარვებში უკვე ხუთი თვეა ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი ათამდე ოჯახი, რომლებიც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, გასული წლის ზაფხულში გამოასახლეს თბილისის სხვადასხვა ობიექტიდან.

ვასო რაზმაძე მეტრო „დელისთან“ მდებარე საერთო საცხოვრებლიდან 2010 წლის აგვისტოში გამოასახლეს, რის შემდეგაც  სამინისტროს წინ გაშლილ კარავში ცხოვრობს.  

„მისთვის ასეთ პირობებში ცხოვრება არ შეიძლებოდა. სჭირდებოდა თავშესაფარი, რომ ავადმყოფ კაცს ელემენტარული არსებობის საშუალება ჰქონოდა. ამ ყინვასა და სიცივეში კი ავადმყოფობა გაურთულდა და ახლა ძალიან ცუდადაა“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ სამინისტროს წინ ერთ–ერთ კარავში მცხოვრებმა დევნილმა მედეა ჯავახაძემ.

კარავში მცხოვრები კიდევ ერთი დევნილი ეთერ ბჟალავა იხსენებს, რომ ვასო რაზმაძის მდგომარეობა განსაკუთრებით ორი დღის წინ დამძიმდა:

„ვასო გუშინწინ პარლამენტის წინ აქციაზე იყო წასული. იქ ცუდად გახდა. კარავში რომ მოვიდა, სისხლი აღებინა,“- ამბობს ეთერ ბჟალავა.

დღეს ვასო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა აღნიშნეს, რომ მას სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება. სამინისტროს წინ გაშლილ კარვებში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ რაზმაძის დასახმარებლად სასწრაფო გუშინაც გამოიძახეს.

„სასწრაფომ გუშინაც გადაიყვანა ვასო საავადმყოფოში, თუმცა, დღეს დილით საკუთარმა  დამ ისევ კარავში მოიყვანა, ცოტა საჭმელი დაუტავა და წავიდა,“ – ამბობენ დევნილები.

კარავში მყოფთაგან ავადმყოფის დას არავინ იცნობს და მისი ტელეფონის ნომერიც არავის არა აქვს. როგორც დევნილები ამბობენ, ვასოს დას საკუთარი ოჯახი აქვს და ძმისთვის ვერ იცლის. მედეა ჯავახაძე ამბობს, რომ ვასოს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, ის დაზღვეულიც არის, მცირე პენსიასაც იღებს, მაგრამ საავადმყოფოდან საკუთარმა დამ დღეს დილით რატომ წამოიყვანა, არ იცის.

დევნილები სამინისტროსგან და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისგან ვასო რაზმაძისთვის ყურადღების მიქცევას ითხოვენ.

სამინისტროს წინ გაშლილ კარვებში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი