საზოგადოება

დანახული იმედი – დევნილები

3 თებერვალი, 2011 • 1660
დანახული იმედი – დევნილები

მეხუთე დღეა დაიწყო კამპანია “ერთი ღამე კარავში მყოფ დევნილებთან”. პირადად მე აქტიური მონაწილე გავხდი და უკვე მესამედ დავრჩი. ამ დღეების განმავლობაში ერთი უსიამოვნო ინფორმაცია გავიგე, თურმე დევნილები იყოფიან შევარდნაძის და სააკაშვილის დევნილებად. თურმე ეს ხალხი, რომელიც სამინისტროსთან შიმშილობს ამ მთავრობის მისახედი არ ყოფილა.

ხშირად მსმენია, რომ რაც ემართებათ დევნილებს, ისევ თავისი ბრალიაო, მაგათ არ გაყიდეს ხმებიო? როგორ აღარ ცდილობენ ადამიანები, გაამართლონ საკუთარი უყურადღებობა და გულგრილობა. გასაგებია, შეიძლება დევნილებმა შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მათი ასე უყურადღებოდ დატოვება წარმოუდგენელია.

გუშინ ღამე ვისმენდი ერთ-ერთი მათგანის ისტორიას. გვიამბობდა, როგორ დაკარგა ფეხები, როგორ იბრძოდა და ა.შ. ბოლოს ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. ამ ხალხმა რამხელა გზა გამოიარა, რამდენჯერ გადაურჩა სიკვდილს, რამდენჯერ დაიცვა საკუთარი ქვეყანა და ახლა მათ ცხოველებივით ექცევიან. თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი ცხოველებს უკეთესად ექცევა, ვიდრე დღევანდელი მთავრობა ამ ხალხს. სრულიად უყურადღებოდ არიან დატოვებული, ტელევიზიით მათზე არაფერს ამბობენ, საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის მათ შესახებ, სწორედ ამის შედეგია, რომ სოციალური მედიის წარმომადგენლებმა და ჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, მათთვის მხარი დაეჭირათ.

მე პირადად აღფრთოვანებული ვარ დევნილი ქალბატონების გამძლეობით, კიდევ შერჩენიათ ენერგია და უკან დახევას არც აპირებენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ ერთი დიდი ოჯახი ცხოვრობს, ეს ადამიანები აფხაზეთიდან დევნილები არიან. მათ სთავაზობენ რეგიონებში წასვლას, სადაც არანაირი პირობები არ არის, რომ ადამიანმა თავი ირჩინოს, ელემენტარულად არსებობა შეძლოს. არ მჯერა, ეს ხალხი ამას იმსახურებს ჩვენგან? უყურადღებობას და ქუჩაში ცხოვრებას? წარმოუდგენელია! ჩვენი მომავლისთვის იბრძოდნენ და ახლაც ამას აკეთებენ.

მაესტროს სიუჟეტში კობა სუბელიანი აცხადებდა, რომ რეგიონებს კარგად მოაწყობენ და ყველა პირობას შექმნიან დევნილებისთვის. ერთი კითხვა მებადება: ჯერ რომ პირობები შეექმნათ და მერე გადაესახლებინათ ეს ხალხი, არ შეიძლებოდა?

სამინისტროდან გამოსული ადამიანებისგან უპატივცემულობა იგრძნობა, არც კი იმჩნევენ, რომ მათ წინ ხალხი ლამის იხოცება.

უკვე ვთქვი, რომ მესამედ დავრჩი დევნილებთან და მეც ამ დიდი ოჯახის წევრი მგონია თავი. განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ მათგან. ყოველ დილას იმეორებენ, რომ ჩვენ მათი ერთადერთი იმედი ვართ, და რომ ძალიან ბედნიერები არიან ჩვენი იქ ყოფნით.
ყველას მინდა გირჩიოთ: ჩაერთეთ ამ კამპანიაში. ეს არ არის მხოლოდ დევნილების დახმარება, ეს თქვენი თავის გადარჩენაა, რადგან ოდესმე მათ ადგილას შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ.

დამინახავენ ხოლმე და თინიკო! თინიკოო, მეძახიან. თითოეული იქ მიმსვლელი ადამიანი მათი იმედია, მე დავინახე მათ თვალებში იმედი, რომელიც ჩვენ ჩავუსახეთ, ყველა ახალგაზრდის ჩართვაა საჭირო, რათა ეს იმედები არ გაცრუვდეს.

“დაიცავი სხვა, რომ იყო დაცული”. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არ არის არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, ადამიანობის გამომჟღავნებაა. გავაღვიძოთ ადამიანობა ჩვენში, ნუ ვიქნებით ცივები, რადგან ეს ადამიანები ჩვენი მშობლები არიან.

დაინახეთ ეს იმედი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს, ნუ გაექცევით საკუთარ თავს და ადამიანობას.

თავდაპირველად გამოქვეყნდა მეამბოხის ბლოგზე

მასალების გადაბეჭდვის წესი