პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) ეხმაურება „ქართული ოცნების“ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გაცხადებულ გეგმებს, რომლითაც მმართველი პარტია, ინსტიტუტის შეფასებით, მედიას სრულად უკეტავს დამოუკიდებელი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.
„ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, გაძლიერდება უკვე ისედაც რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის სამიზნე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერის ამოქოლვაა და შესაძლოა სრულიად აღმოფხვრას კიდეც ქართველი ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციებისთვის შესაძლებლობა, მოიპოვონ ნებისმიერი ფორმის დამოუკიდებელი დაფინანსება“, — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია განცხადებაში ხსნის, რა კონკრეტული საფრთხეების შემცველია „ქართული ოცნების“ ეს უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები მედიისთვის:
- საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს „გრანტის“ ცნებას და ასეთად მიიჩნევს პრაქტიკულად ნებისმიერ დაფინანსებას, რომელიც უცხოეთიდან შემოდის და უკავშირდება საჯარო, პოლიტიკურ ან პოლიტიკის ფორმირებაზე ორიენტირებულ საქმიანობას. მედიაორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ასეთ გრანტებს ან დაფინანსებას მთავრობისგან წინასწარი ნებართვის გარეშე მიიღებენ, შესაძლოა ექვს წლამდე პატიმრობა დაემუქროთ.
- არაკანონიერ გრანტად შეიძლება ჩაეთვალოს ჟურნალისტს ნებისმიერი მისი პროფესიული საქმიანობისთვის, კვლევისთვის, ანალიზისთვის მიღებული ანაზღაურება უცხოელი აქტორისგან.
- „ქართული ოცნების“ მთავრობამ უნდა მისცეს ნებართვა უცხოურ ორგანიზაციებს, რომ მათ საკუთარ ადგილობრივ წარმომადგენლობას მისცენ დაფინანსება. „ოცნებამ“ უნდა მისცეს ასევე ნებართვა უცხოელ აქტორებს, რომელთაც ქართველი ექსპერტების მომსახურება დასჭირდებათ.
- გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში შემოვა დამამძიმებელი გარემოება — „ფულის გათეთრება საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებთან დაკავშირებით“, რისთვისაც, სასჯელის სახით გათვალისწინებულია 9-დან 12 წლამდე პატიმრობა.
ორგანიზაცია წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 2025 წელს უკვე მიღებული რეგულაციები, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ერთობლიობაში, ქართულ მედიას ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ამყოფებს.
IPI-სა და MFRR-ის (Media Freedom Rapid Response/სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის) პარტნიორ ორგანიზაციებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდებოდა და საერთაშორისო, ურყევი რეაგირების გარეშე ეს მეტად გამწვავდებოდა.
„მიუხედავად თავისუფალი მედიისთვის სულ უფრო მტრული გარემოსი, დამოუკიდებელი ჟურნალისტები ქვეყანაში რჩებიან და უარს ამბობენ გაჩუმებაზე ან იძულებით ემიგრაციაზე. თუმცა მათ სასწრაფოდ სჭირდებათ საერთაშორისო მხარდაჭერა.
[…] ამიტომ მივესალმებით ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რათა დაიწყოს ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე“, — ნათქვამია IPI-ს განცხადებაში, რომელსაც არაერთი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია უერთდება, რომელიც მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს.
MFRR (Media Freedom Rapid Response/სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის) არის ევროპის მასშტაბით მოქმედი მექანიზმი, რომელიც აკვირდება და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, კანდიდატ ქვეყნებსა და უკრაინაში. პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
IPI და სხვა ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ „ოცნების“ პარლამენტს, რომ დაუყოვნებლივ თქვას უარი დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და გააუქმოს უკვე არსებული რეპრესიული რეგულაციები.
„საბოლოოდ, კვლავაც მოვუწოდებთ ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას, მკაცრი რეაგირება იქონიონ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე, მათ შორის, დამატებითი მიზნობრივი სანქციების გზით“, — წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
International Press Institute (IPI)
European Federation of Journalists (EFJ)
Free Press Unlimited (FPU)
Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT)
European Centre for Press and Media Freedom (ECPMF)
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაგეგმილია ცვლილებების შეტანა: „გრანტების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში.
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს.
განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.
თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას – დაჯარიმებას უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
„გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.








