საზოგადოება

„ვის შევუშალე ხელი?“ – ვინ და როგორ დააპატიმრეს ტროტუარზე დგომის გამო

23 იანვარი, 2026 •
„ვის შევუშალე ხელი?“ – ვინ და როგორ დააპატიმრეს ტროტუარზე დგომის გამო

დღეს, 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 მოქალაქე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს. მათგან ხუთს პატიმრობა შეუფარდეს.

წინა სხდომებზე  შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები ირწმუნებოდნენ, რომ აქციის მონაწილეების ტროტუარზე დგომით, გადაადგილებაში ხელი ეშლებოდათ სხვა მოქალაქეებს. დღევანდელ სხდომებს, სადაც მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილება ცხადდებოდა, უწყების არცერთი წარმომადგენელი არ დასწრებია.

ვის შევუშალე ხელი? – ეს კითხვა, სხვადასხვა ფორმით, არაერთხელ დაისვა გასული სხდომების განმავლობაში, თუმცა ყველა ჯერზე უპასუხოდ დარჩა.

ამ კითხვაზე პასუხი ისევ არ აქვთ ნუკრი კაკულიას, მიხეილ ზაქარეიშვილს, ლუკა ნაგლიაშვილს და სანდრო მეგრელიშვილს – მათ, ვისაც სხდომის დარბაზშივე დაადეს ხელბორკილები; არც დიმიტრი ჯამბურიას, რომელიც სხდომას ვერ დაესწრო და მოგვიანებით საკუთარი ფეხით მივიდა იზოლატორში; არც ჯამბურიას ცოლს, ნათია ჭავჭანიძეს და არც 24 წლის აქტივისტს, ანი ახმეტელს, რომლებსაც მოსამართლეებმა სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

„ტროტუარის საქმეებზე“ გადაწყვეტილებების გამოცხადება 23 იანვარს მოსამართლე დავით მაკარაძემ დაიწყო.

35 წლის მაკარაძე გორის რაიონული სასამართლოდან თბილისის საქალაქოში სამი თვის წინ გადმოიყვანეს და მას შემდეგ, ძირითადად, პროევროპულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების საქმეებს განიხილავს. მან ჯერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტსა და პოლიტიკის მკვლევარს, სანდრო მეგრელიშვილს შეუფარდა 4-დღიანი პატიმრობა, შემდეგ – დიმიტრი ჯამბურიას, ბოლოს კი – ლუკა ნაგლიაშვილს.

დიმიტრი ჯამბურია საკუთარ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, რადგან სამსახურს ვერ გააცდენდა. ამჟამად ის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს, თუმცა იქამდე, 20 წლის განმავლობაში, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი იყო. ჯამბურია ერთი წლის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს საჯარო მოხელეთა კანონში შეტანილი იმ ცვლილებების საფუძველზე, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 2 დღეში მიიღო. ცვლილებების, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეთა წინააღმდეგაა მიმართული.

როცა გაიგო, რომ 4-დღიანი პატიმრობა ელოდა, დიმიტრი ჯამბურიამ შვებულების შესახებ განცხადება დაწერა – სამსახურიდან თავი გაითავისუფლა, რათა შსს-ს დაეპატიმრებინა. ამის შემდეგ სასამართლოში ჯერ ცოლის, ნათია ჭავჭანიძის მხარდასაჭერად მივიდა. სასამართლოს ეზოში პოლიციელების დანახვისას შეშფოთდა – ვაითუ აქვე დამაკავონ და ცოლის სხდომას ვერ დავესწროო, თუმცა ცოლის პროცესზე დასწრებაც მოახერხა და მოგვიანებით, იზოლატორისკენ თავად წავიდა პირდაპირ სასამართლოდან.

„ახლა ვაპირებ ზაჰესის იზოლატორთან მისვლას, დარეკვას 112-ში, რომ მივედი და დამიჭირონ, 4 დღე ჩამსვან”, – თქვა მან სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

საკუთარ სხდომას არ დასწრებია არც დიმიტრი ჯამბურიას ცოლი, ნათია ჭავჭანიძე. ქმრის მსგავსად ისიც ყოფილი საჯარო მოხელეა – წლების განმავლობაში ისიც გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობდა. იმ დროს, როცა მოსამართლე მანუჩარ ცაცუა მას სამართალდამრღვევად აცხადებდა, ნათია ჭავჭანიძე გვერდით დარბაზში, მეგობრის, მინდია შერვაშიძის სხდომას ესწრებოდა.

მინდია შერვაშიძე არის ჩემი მეგობარი, რომლის პროცესიც დაემთხვა ჩემს სხდომას. მე წინასწარ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მის პროცესს უნდა დავსწრებოდი. პლუს, ჩვენ ხომ არ ვაღიარებთ ამათ [ხელისუფლების] ლეგიტიმურობას და ვამბობთ, რომ სასამართლო ჯიბეში უზით. შესაბამისად, ჩემი იქ ყოფნა-არყოფნა არაფერს ცვლიდა”, – განმარტა მან.

როგორც ნათია ჭავჭანიძემ თქვა, მასაც და მის ქმარსაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ დააკავებდნენ. ამიტომ იზოლატორში რამდენიმე დღის გატარებისთვის საჭირო ნივთები წინასწარ ჩაალაგეს ჩანთებში, რომელიც საპატიმროში მათ შვილს უნდა შეეგზავნა. 19 წლის ანა ჯამბურია სასამართლოში მშობლების მხარდასაჭერად იყო მოსული.

მანუჩარ ცაცუამ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ისტორიკოს ნუკრი კაკულიასაც. ნეტგაზეთი მას სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრა.

„არ არსებობს არც ერთი ადამიანიც კი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩემი იქ დგომის გამო დაბრკოლება შეექმნა. ეს ამბავი ისტორიაში დარჩება ტროტუარის საქმეების სახელით. ამ ლაქას ვერ ჩამოირეცხავს ვერც ცაცუა და ვერც “ქართული ოცნება”, ვერასდროს. ეს საქმეები უნდა იყოს მეხსიერების მარკერები იმისთვის, რომ შემდეგ აღარასოდეს აღარ დაგვემართოს იგივე ამ ქვეყანაში. დღეს ველოდები, რომ გამიშვებენ [იზოლატორში] ტროტუარზე დგომის გამო. 9 აპრილის მემორიალთან პროტესტის გამოთქმის გამო დამიჭირეს და არა იმის გამო, რომ ვიღაცას ხელს ვუშლიდი”, – ამბობდა კაკულია დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

„ტროტუარის საქმეებზე“ დღეს გადაწყვეტილებები მიიღო მოსამართლე ზვიად ცეკვავამაც – მან იურისტ მიხეილ ზაქარეიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ანი ახმეტელს  სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

ანი ახმეტელი იყო პირველი ადამიანი, ვინც ტროტუარზე დგომის გამო სასამართლოში დაიბარეს. ის სასამართლოში საკუთარ სხდომამდე ერთი საათით ადრე, მეგობრის, ლუკა ნაგლიაშვილის საგულშემატკივროდ მივიდა. როგორც თქვა, გასული წლის 17 დეკემბერს ის და ნაგლიაშვილი ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტთან – შსს-ს წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებშიც კი ერთად ჩანან.

“ბორკილები რომ დამადონ, აუცილებელია?” – იკითხა ანი ახმეტელმა მას შემდეგ, რაც ლუკა ნაგლიაშვილს მის თვალწინ, სხდომის დარბაზშივე გაუკეთეს ხელბორკილები – “არა, წინააღმდეგობის გაწევას კი არ ვაპირებ, უბრალოდ, რა საჭიროა”.

ბორკილები საჭირო არ გამხდარა. მართალია, ანი ახმეტელიც სამართალდამრღვევად ცნეს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მას მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

დღეს გაიმართა ნინიკო ბედინეიშვილის საქმის სასამართლო სხდომაც. შსს მასაც „ტროტუარზე დგომით მოქალაქეებისთვის დაბრკოლების შექმნას” ედავება. მოსამართლე თორნიკე კაპანაძე ბედინეიშვილის შესახებ გადაწყვეტილებას 10 თებერვალს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

თორნიკე კაპანაძემ ტროტუარზე დგომის გამო ერთი ადამიანი უკვე ცნო სამართალდამრღვევად. გუშინ, 22 იანვარს, მან რეზი დუმბაძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. სწორედ რეზი დუმბაძეა პირველი მოქალაქე, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს.

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს აფასებენ როგორც „ახალ რუსულ სტანდარტს“ და დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუნდამენტური საყრდენის გამოცლას.

„ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ამკვიდრებს ახალ პრაქტიკას, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.

„2026 წლის 23 იანვარს ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საფეხმავლო გზაზე პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. აღნიშნული ფაქტი შეკრების თავისუფლებას იმთავითვე შეზღუდულ უფლებად აქცევს, შინაარსს აცლის მის ფუნდამენტს და არის ცალსახად ანტიკონსტიტუციური”, – ვკითხულობთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

23 იანვარს, დღის ბოლოს, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყება სიცრუეს და მანიპულაციას უწოდებს ფორმულირებას, რომ მოქალაქეებს „ტროტუარზე დგომის გამო“ აკავებენ.

„სინამდვილეში საუბარია არა ტროტუარზე დგომაზე, არამედ შემთხვევაზე, როდესაც პირი აფერხებს ან ხელს უშლის მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება”, — წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება ხელმძღვანელობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით, რომელიც აქციის მოწყობის წესებს არეგულირებს. ადრე ამ მუხლით აკავებდნენ მოქალაქეებს, რომლებიც, შსს-ს მტკიცებით, უკანონოდ კეტავდნენ სამანქანო გზას.

მაშინ შსს მოქალაქეებს მოუწოდებდა, გზის გადასაკეტად არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში დამდგარიყვნენ ტროტუარზე და არა სამანქანო გზაზე. იმავეს ამტკიცებდნენ უწყების წარმომადგენლები სასამართლოში და მოსამართლეები, რომლებიც “გზის გადაკეტვის” გამო დემონსტრანტებს ჯარიმებს ან ადმინისტრაციულ პატიმრობებს უფარდებდნენ.

მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” პარლამენტმა კანონი გაამკაცრა, სამართალდამცველები და მოსამართლეები მოქალაქეებს უკვე ტროტუარზე დგმის გამოც აპატიმრებენ.

“ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ მოქალაქე ამ მუხლს მეორედ დაარღვევს, მის მიმართ უკვე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება. ამ შემთხვევაში პატიმრობის ვადა ერთ წლამდეა განსაზღვრული.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი