ყოფილი საჯარო მოხელეების პროფკავშირები “კონსტიტუციის 78-ე მუხლი” ეხმიანება მათი წევრის, დიმიტრი ჯამბურიას დაკავებას ტროტუარზე პროტესტისთვის:
“ყოფილ საჯარო მოხელეებს გამოხატვის თავისუფლების გამო სამსახურიდან გათავისუფლება არ აკმარეს და ახლა ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობას უფარდებენ.
4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ყოფილ საჯარო მოხელეს, “კონსტიტუციის 78-ე მუხლის” წევრს, დიმიტრი ჯამბურიას, ხოლო რამდენიმე წუთში დაიწყება კიდევ ერთი ყოფილი საჯარო მოხელის, ნათია ჭავჭანიძის პროცესი. ორივე მათგანის შრომით უფლებებს სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი იცავს.
როგორც ირკვევა, ყოფილი საჯარო მოხელეა სანდრო მეგრელიშვილიც, რომელსაც ასევე პატიმრობა შეუფარდეს.
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირისთვის შემაშფოთებელი და სრულიად მიუღებელია ის ნაბიჯები, რომელსაც “ქართული ოცნება” ყოველდღიურად დგამს ანტიდემოკრატიულ გზაზე და აბიჯებს იმ ყველაფერს, რაზეც დავაფუძნეთ სახელმწიფო და თავის დროზე ემსახურებოდნენ დიმიტრი ჯამბურია, ნათია ჭავჭანიძე, სანდრო მეგრელიშვილი, თორნიკე თოშხუა და სხვები.
მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, ნუ გამოიწვევენ შეუქცევად პროცესებს, აბსურდული კანონების “აღსრულებით” ნუ ეცდებიან თავისუფლების გაქრობას იმ საზოგადოებაში, რომელიც ყოველთვის შრომობდა და იბრძოდა ამ ქვეყნის უკეთესი, დემოკრატიული მომავლისთვის.
თუ მათ ხელთაა ძალაუფლება, ჩვენს მხარეს არის სიმართლე, კეთილსინდისიერება და თავდადება საკუთარი სამშობლოსთვის, ამდენად, შეუძლებელია, ამ გადაწყვეტილებებით დამარცხდნენ დიმიტრი და სანდრო და გაიმარჯვონ მათ, ვინც ეს ანტიდემოკრატიული კანონი მიიღო, აღასრულა და გადაწყვეტილება გამოიტანა.
მხარდაჭერა და სოლიდარობა დიმიტრი ჯამბურიას და სანდრო მეგრელიშვილს. ამ უთანასწორო და ამორალურ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებთ ნათია ჭავჭანიძეს”, – ნათქვამია ორგანიზაციის 23 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
- 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხდღიანი პატიმრობა შეუფარდა 2025 წლის 17 დეკემბერს თბილისში, ტროტუარზე გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო.
- “ოცნებამ” 2025 წლის დეკემბრიდან აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი, რეპრესიული კანონი, რომელიც მოქალაქეებს სჯის პროტესტის გამო ტროტუარზე დგომისთვისაც კი და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააპატიმრა.








