საზოგადოება

„მიცვალებული ორჯერ არ კვდება, მე სოხუმში დავიღუპე“ — ბათუმელი მედროშის სიტყვა

27 ნოემბერი, 2025 •
„მიცვალებული ორჯერ არ კვდება, მე სოხუმში დავიღუპე“ — ბათუმელი მედროშის სიტყვა

„მე ვარ სოხუმელი. სოხუმში 15 ვაჟკაცი (საუბარია ქართველ მებრძოლებზე) დავკარგე — ახალგაზრდა ბავშვები, 19-25 წლის. გამოვდივარ [აქციაზე] იმიტომ, რომ მათი სულები არ მაძლევენ საშუალებას, გავჩერდე. იმიტომ, რომ მათ თავი რუსებთან ბრძოლას შესწირეს“, — განაცხადა 4 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულმა მედროშემ ზურაბ ჭავჭანიძემ სასამართლო პროცესზე.

მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რა საფრთხის მომტანია საქართველოსთვის რუსული მმართველობა.

ჭავჭანიძემ თქვა, რომ სამართალდამცველებთან კონფლიქტი არასდროს ჰქონია და მისთვის გაუგებარია, რას ედავებიან.

„ჩემი სამშობლოს გულისთვის ვდგავარ აქ. მე ყოველდღე გავდივარ სიკვდილს და სიცოცხლეს შორის — მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული. ზუსტად ასეთ დღეში ვართ ახლა საქართველოში. მიცვალებული ორჯერ არ კვდება. მე სოხუმში დავიღუპე, მაგრამ ვაგრძელებ სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის და სიკეთისთვის. ჩემი ერთადერთი აზრი ყოველთვის იყო სიყვარული, სიკეთე და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება. და თუკი ახლა სასამართლოში ვდგავარ, ფაქტობრივად, სიყვარულს და პატიოსნებას აპატიმრებთ, იმიტომ, რომ მე სხვანაირად არ შემიძლია.

და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი — გამარჯვებულები შურს არ იძიებდნენ! არსად და არასდროს!“ — განაცხადა ჭავჭანიძემ.


მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დღევანდელ პროცესზე, ზურაბ ჭავჭანიძესთან ერთად, პატიმრობაში დატოვა  „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული კიდევ 13 ბრალდებული: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანიძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე.

ბათუმელი მედროშე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა – ის შიმშილობს

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 მოქალაქე პატიმრობაში დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი