ახალი ამბები

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 მოქალაქე პატიმრობაში დატოვა

27 ნოემბერი, 2025 •
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 მოქალაქე პატიმრობაში დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მოქალაქეები – ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანიძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე პატიმრობაში რჩებიან. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

დაკავებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი:

  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
  • სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).

წარდგენილ ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს. ერთ-ერთი მათგანი, ზურაბ ჭავჭანიძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

პროკურორების ინფორმაციით, საქმე 39-ტომიანია, მათ მიერ წარდგენილი დასაკითხ მოწმეთა ნუსხა კი  140-კაციანია. მათ სრულად დასაშვებად ცნეს დაცვის მხარის მიერ ამ დროისთვის წარდგენილი მტკიცებულებები.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათმა ნაწილმა ბრალდების მხარის მტკიცებულებების სრულად დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, ნაწილმა კი მხოლოდ ცალკეული დოკუმენტების.

თუმცა,მოსამართლე ბუგიანიშვილმა ორივე მხარის წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. მან საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადაიტანა.

ამ სხდომის პარალელურად, ერთი სართულით ზემოთ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სხვა 13 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობდა. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ იმსჯელა, თუმცა ყველა მათგანი – სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა უპიტაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი