საზოგადოება

10 ქვეყანა მხარდაჭერას უცხადებს ეუთოს თავმჯდომარეს თბილისის მოვლენების გამო

16 ოქტომბერი, 2025 •
10 ქვეყანა მხარდაჭერას უცხადებს ეუთოს თავმჯდომარეს თბილისის მოვლენების გამო

10 ქვეყანა მხარდაჭერას უცხადებს ეუთოს თავმჯდომარესა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენს, რომელიც “ქართული ოცნების” მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა და მეტიც, თბილისში ყოფნისას 5000 ლარითაც დააჯარიმეს.

შესაბამის განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. მხარდაჭერა გამოხატეს შემდეგმა ქვეყნებმა

  • ესტონეთმა
  • ისლანდიამ
  • დანიამ
  • ლიეტუვამ
  • ლატვიამ
  • შვედეთმა
  • ნორვეგიამ
  • კანადამ
  • დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ
  • ნიდერლანდებმა

“ჩვენ ვაფასებთ მის ჩართულობას საქართველოში აქტორებთან და ეუთოს ღირებულებებისადმი მხარდაჭერას, რომელიც მათ შორის მოიცავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის მანდატს სამხრეთ კავკასიის რეგიონში”, – აცხადებენ ეს ქვეყნები.

ელინა ვალტონენი, საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს, იმყოფებოდა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, საოკუპაციო ხაზთან. მან განაცხადა, რომ გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა განრიგში ცვლილებების გამო და საქართველოდან აზერბაიჯანში წავიდა ვიზიტით.რუსთაველის გამზირზე მის მისვლას და დემონსტრანტების მხარდამჭერი ვიდეოს გამოქვეყნებას  „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მხრიდან კრიტიკა და შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა. მათ შორის, თავად ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ეუთოს თავმჯდომარე რუსთაველზე, „კანონსაწინააღმდეგო მიტინგზე“ მყოფ „50 აკაცუკთან“ „51-ე აკაცუკად“ მივიდა და მასთან შეხვედრის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება „ოცნებამ“ მიიღო. ამ განცხადებიდან საათების შემდეგ გახდა ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ სინამდვილეში შეხვედრა თავად ელინა ვალტონენმა გააუქმა, ილჰამ ალიევთან დაგეგმილი ვიზიტის დროში გადმოწევის გამო.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ეუთოს თავმჯდომარე შსს-მ რუსთაველზე მისვლის გამო, გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა. მანამდე კი ვნახეთ ელინა ვალტონენის მიმართვა ირაკლი კობახიძისადმი:

„გეპატიჟებით — ჩამობრძანდით ფინეთში, შეხვდით თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს და დააკვირდით ნებისმიერ დემონსტრაციას, რომელსაც მოისურვებთ.

პ.ს. ვწუხვარ, რომ მომიწია, ჩვენი შეხვედრა გამეუქმებინა თბილისში გრაფიკების დამთხვევის გამო.“

მასალების გადაბეჭდვის წესი