„ქართველები კვლავ იბრძვიან საკუთარი ევროპული სახელმწიფოსთვის, ისინი ჩვენი გმირები არიან, სულ მცირე, ჩემთვის“, – განაცხადა დღეს, 14 ოქტომბერს, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში მიმდინარე დისკუსიისას.
დღეს ევროპარლამენტში დისკუსია იმართება, რომლის სახელწოდებაცაა: „თავისუფლება გისოსებს მიღმა: მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და საქართველოს პროდემოკრატიულ მოძრაობას“. დისკუსიას 5 ევროპარლამენტარი მასპინძლობს: რასა იუკნევიჩიენე, პეტრას აუსტრევიჩუსი, ნაჩო სანჩეს ამორი, სერგეი ლაგოდინსკი და ლენა შილინგი.
როგორც რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, დღეს საქართველო კრემლის ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რადგან ქვეყანა შიგნიდან მიიტაცეს.
„ეს გუშინ არ დაწყებულა, 2012 წელს დაიწყო. ამავდროულად, კრემლს სურდა უკრაინის, მოლდოვის და სხვა ქვეყნების შიგნიდან მიტაცება. მათ იქ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ფიქრობენ, რომ წარმატებას მიაღწიეს საქართველოში. თუმცა ჩვენ აქ ერთად ვართ იმის სათქმელად, რომ არ ვეთანხმებით საქართველოს ასეთ, ასე ვთქვათ, შეფასებას და ასეთ დიაგნოზს.
მე ვარ ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ამ ქვეყნის საკითხებში და ვფიქრობ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ, ევროპარლამენტის სხვადასხვა ჯგუფის წევრები, ვცდილობდით და ყველაფერს ვაკეთებდით, რათა ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენს ანგარიშებში, არსებული ვითარება და გზამკვლევი შეგვეტანა იმის შესახებ, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს და, რა თქმა უნდა, ევროკავშირს, იმისთვის, რომ ევროპის კონტინენტზე უფრო დიდი დემოკრატია გვქონდეს.
სამწუხაროდ, მეც ძალიან სამართლიანი და გულწრფელი ვარ – ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ინსტიტუტების დახმარება ქართველი ხალხისადმი უფრო სუსტი იყო, ვიდრე ველოდით. რამდენიმე სახელმწიფოს გარდა, სანქციები არასდროს დაუწესებიათ პასუხისმგებელ პირებისთვის. ბიძინა ივანიშვილი ისევ ფლობს მაღალი რანგის ფრანგულ ჯილდოს და ის საფრანგეთის მოქალაქეა, როგორც მითხრეს. ადამიანი, ვინც დგას ყველა იმ ტრაგედიის უკან, რაც ახლა ხდება საქართველოში. „სპუტნიკის“ სტილის მედია კვლავ მოქმედებს ევროკავშირში, ჩვენს ინსტიტუტებში. და რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
უვიზო რეჟიმზე მხოლოდ ერთ წინადადებას ვიტყვი – ევროპარლამენტში არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა, მაგრამ უვიზო რეჟიმს აქვს კრიტერიუმები, რომლებიც ყველა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს და თითოეული ქვეყანა ფასდება. ჩვენ ერთმანეთში ვთანხმდებით, სულ მცირე, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ, ვინც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე არიან პასუხისმგებელნი, თავად რეჟიმის წარმომადგენლებს და რეჟიმის მარიონეტებს, არ უნდა შეეძლოთ ისარგებლონ უვიზო რეჟიმით, როგორც აქამდე სარგებლობდნენ. ასე რომ, ეს საკითხები ჩვენთვის განსახილველია“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.








