დაზიანდა გზა, რომელიც “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ორი დღის წინ გახსნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ გზის სავალი ნაწილი დაზიანებულია ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
“ნეტგაზეთი” თავდაპირველად თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანება წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” (GWP) პასუხისმგებლობაა. GWP-ში კი გვითხრეს, რომ დაზიანება უამინდობამ და უხვმა ნალექმა გამოიწვია.
“დღეს, 11 სექტემბერს, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, უამინდობისა და უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ახლად რეაბილიტირებული საკანალიზაციო ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა. სისტემის გადატვირთვა გამოიწვია თვითნებურად დაერთებულმა შიდა სანიაღვრე სისტემებმა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყოფს დაზიანებების აღდგენას”, – აცხადებენ კომპანიაში.
საავტომობილო გზა, რომელიც დღეს დაზიანდა, კახა კალაძემ მოადგილეებთან, ვაკის რაიონის გამგებელთან, თბილისის საკრებულოს წევრბთან და “ქართული ოცნების” პარლამენტის დეპუტატებთან ერთად პომპეზურად გახსნა ორი დღის წინ, 9 სექტემბერს.
ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქყჩების რეაბილიტაციისთვის, რომელიც რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, ჯამში, 24 მილიონ ლარი დაიხარჯა. მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, ეს ფული მათ შორის მოხმარდა წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელების გამართვას. თუმცა გახსნიდან ორ დღეში წვიმის გამო დაზიანდა საკანალიზაციო ქსელი, რამაც თავის მხრივ გზის საფარის დაზიანება გამოიწვია.
