პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პროკურორი მედეა ცირამუა ირწმუნებოდა, რომ ნინო დათაშვილისგან არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მედეა ცირამუა ითხოვდა, რომ ნინო დათაშვილი პატიმრობაში დაეტოვებინათ.
ნინოს ადვოკატი თამარ გაბოძე აცხადებდა, რომ დათაშვილის პატიმრობა დაკავების წამიდან უკანონოა. მისი თქმით, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ყველაზე მკაცრი ზომა, გამოიყენება მაშინ, როცა სხვა ზომები ვერ აზღვევს საფრთხეებს, თუ ის მართლაც არსებობს.
“რატომ უნდა იყოს პატიმრობა ნინო დათაშვილის მიმართ გამოყენებული და არა აღკვეთის სხვა ზომა, პროკურატურა ვერ/არ ასაბუთებს”.
თამარ გაბოძის თქმით, პროკურორების დამოკიდებულება, დაუსაბუთებლად რომ ითხოვენ ნინო დათაშვილის პატიმრობაში დარჩენას, „ხაზს უსვამს მათ სუბიექტურ დამოკიდებულებას.“ ადვოკატის თქმით, მიმალვის საფრთხეზე ლაპარაკობს პროკურატურა იმ დროს, როდესაც ნინო დათაშვილი 11 დღის მერე დააკავეს იმ ინციდენტის მერე, რასაც ედავებიან.
დაცვის მხარე აღკვეთის გაუქმებას ითხოვდა.
„მე შეიძლება არ ვენდობი სისტემას, მაგრამ ვენდობი პროფესიონალის ეთიკას. მე არ ვითხოვ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებას. ვითხოვ მართლმსაჯულებას“, – განაცხადა ნინო დათაშვილმა.
საბოლოო ჯამში, მოსამართლემ ნინო წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მისი თქმით, მიმალვის საფრთხის გამო არა, მაგრამ ბრალდების მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის გამო.
ამავე მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა და შემდეგი პროცესი 21 აგვისტოს გაიმართება.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ნინო დათაშვილმა სასამართლოს მანდატურს “ტკივილი განაცდევინა” ძიძგილაობაში, როდესაც ქალს სასამართლოს შენობიდან აძევებდნენ.
