საზოგადოება

„ოცნება“ უარყოფს, რომ პორტოს დეკლარაციას მხარი დაუჭირა

4 ივლისი, 2025 •
„ოცნება“ უარყოფს, რომ პორტოს დეკლარაციას მხარი დაუჭირა

განახლება (4 ივლისი, 18:27 საათი) – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ნეტგაზეთის კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ “ქართულ ოცნების” წევრებს ფინალურ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რაც წინააღმდეგობაში მოდის ასამბლეის თავდაპირველ ცნობასთან, რომ მათ ხმა მისცეს პორტოს დეკლარაციას, ასევე -“ოცნების” წევრის კომენტართან, რომ მან საერთოდ წინააღმდეგ მისცა ხმა.


„ქართული ოცნება“ უარყოფს, რომ მხარი დაუჭირა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით, პორტოს დეკლარაციას და ამბობს, რომ წინააღმდეგ მისცა ხმა.

თუმცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ დეკლარაცია ერთხმად იქნა მიღებული და ამასვე ადასტურებს კენჭისყრის ვიდეოჩანაწერი.

რა ხდება?

სამ ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე მიიღეს პორტოს დეკლარაცია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სირიის ხელისუფლებას მიმართავს, გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება, აკრიტიკებს დემოკრატიული უკუსვლის პროცესს საქართველოში, ასევე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისა და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ. დეკლარაცია მოიცავს სხვადასხვა საკითხზე მიღებულ რეზოლუციებსაც, მათ შორის  „საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ“, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტმა 2 ივლისს 42 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო.

„ქართული ოცნების“ დელეგაციამ, რომელშიც ნიკოლოზ სამხარაძე, მაია ბითაძე და ლევან მახაშვილი შედიოდნენ, 2 ივლისს კომიტეტში რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ასევე შესთავაზეს შესწორებები, თუმცა ხუთშაბათს პლენარულ სხდომაზე პორტოს დეკლარაციის და უშუალოდ საქართველოზე რეზოლუციის კენჭისყრისას არანაირი წინააღმდეგობა არ დაფიქსირებულა.

ამას ადასტურებს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ასამბლეის თავმჯდომარე ცალ-ცალკე აყენებს კენჭისყრაზე დეკლარაციის პარაგრაფებს, რეზოლუციებს და შემდეგ მთელ დეკლარაციას. არც ცალკეულ პარაგრაფებზე და არც მთლიან დეკლარაციაზე წინააღმდეგობას არავინ აფიქსირებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტით, ასამბლეა ხმის მიცემას ახორციელებს ხელის აწევით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა სახელობითი კენჭისყრა ან ფარული კენჭისყრა. მიცემული ხმების რაოდენობის გამოთვლისას გათვალისწინებულია მხოლოდ დადებითი და უარყოფითი ხმები. თავშეკავების რაოდენობის მხოლოდ დოკუმენტირება ხდება. თავმჯდომარეს შეუძლია, ასამბლეის თანხმობით კენჭისყრაზე ერთად დააყენოს აბზაცები, რეზოლუციები ან მათი რამდენიმე ნაწილი, თუმცა ნებისმიერ წევრს შეუძლია მოითხოვოს ტექსტის ცალკე კენჭისყრა თითოეულ ან კონკრეტულ აბზაცზე. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს ეს არ გაუკეთებიათ.

OSCE PA-ის პრესრელიზში წერია, რომ საპარლამენტო ასამბლეის მიერ პლენარულ სხდომაზე ერთხმად მიღებული პორტოს დეკლარაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰელსინკის საბოლოო აქტის მუდმივ მნიშვნელობას და იღებს ვალდებულებას, დაიცვას და ხელი შეუწყოს მის პრინციპებს, მათ შორის სუვერენული თანასწორობის პატივისცემას, ძალის მუქარის ან გამოყენებისგან თავის შეკავებას, საზღვრების ურღვეობას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას.

სქრინშოტი OSCE PA-ს ვებგვერდიდან

„ნეტგაზეთმა“ 3 ივლისს მიმართა საქართველოს პარლამენტისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახურებს და ჰკითხა, დაუჭირა თუ არა მხარი საქართველოს დელეგაციამ პორტოს დეკლარაციას. საქართველოს პარლამენტისგან პასუხი ვერ მიიღო, თუმცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან „ნეტგაზეთს“ უპასუხეს:

„დიახ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა ძირითადი კომიტეტის დებატების დროს რეზოლუცია გააპროტესტა, კომიტეტის მიერ მისი დამტკიცებისა და პორტოს დეკლარაციაში ჩართვის შემდეგ ყველამ მხარი დაუჭირა დეკლარაციას მთლიანობაში“, – ნათქვამია პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიერ გამოგზავნილ წერილში.

სქრინშოტი „ნეტგაზეთისა“ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საფოსტო მიმოწერიდან

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ნეტგაზეთი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერია. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთმა OSCE PA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.

იგივე გაიმეორა ქართული დელეგაციის წევრმა მაია ბითაძემ.

„ასეთი ტყუილი როგორ უნდა გაავრცელო, როდესაც უყურებდი, 4 დღე თავი მოვიკალით იქ? დეკლარაცია ეს არ იყო, ეს იყო რეზოლუცია. მეორე, არც კომიტეტებზე და არც, სამწუხაროდ, საბოლოო რეზოლუციასაც კი ამ შესწორების გამო (პოლიტპატიმრებზე. ნეტ) მხარი არ დავუჭირეთ, მათ შორის იმ ჩანაწერებს, რომლებიც ჩვენ თვითონ ჩავაწერინეთ (სირიის ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების გაუქმების მოთხოვნა)“, — განუცხადა ბითაძემ „ნეტგაზეთს“.

სინამდვილეში, საპარლამენტო ასამბლეის ბოლოს მიიღეს დეკლარაცია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა რეზოლუციებსაც. „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი ჩანაწერი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ დეკლარაციის ძირითად ტექსტშია.

მაია ბითაძეს ვთხოვეთ დაზუსტება, რა პოზიცია დააფიქსირა რეზოლუციის შემდეგ გამართულ დეკლარაციის კენჭისყრაზე. მან გვითხრა, რომ წინააღმდეგ მისცა ხმა.

„არ დაგვიჭერია, წინააღმდეგ მივეცით ხმა“, — ამბობს ბითაძე.

კენჭისყრის ვიდეოკადრებში გარჩევადი არ არის, საბოლოო კენჭისყრის დროს იმყოფებოდა თუ არა ქართული დელეგაცია დარბაზში, თუმცა, თუ მართალია, რასაც მაია ბითაძე ამბობს, და საქართველოს დელეგაციამ არათუ თავი შეიკავა ან კენჭისყრას არ დასწრებია, არამედ წინააღმდეგ მისცა ხმა, ეს კენჭისყრისას უნდა გამოჩენილიყო.

„ქართული ოცნების“ უარყოფის შემდეგ, „ნეტგაზეთი“ კვლავ დაუკავშირდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და დამატებითი განმარტება მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა კომიტეტში რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა (და შესთავაზეს შესწორებები, გამოთქვეს წინააღმდეგობა რეზოლუციის მიმართ და ა.შ.), ხუთშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე დეკლარაციის მთლიანობაში მიღებასთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა არ დაფიქსირებულა“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში და დასტურად გაუგზავნეს პლენარულ სესიაზე კენჭისყრის ვიდეო, სადაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობა არ ფიქსირდება.

განახლება (4 ივლისი, 18:27 საათი) – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ნეტგაზეთის კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ “ქართულ ოცნების” წევრებს ფინალურ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რაც წინააღმდეგობაში მოდის ასამბლეის თავდაპირველ ცნობასთან, რომ მათ ხმა მისცეს პორტოს დეკლარაციას, ასევე “ოცნების” წევრის კომენტართან, რომ მან საერთოდ წინააღმდეგ მისცა ხმა.

სქრინშოტი ასამბლეის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მონაწერიდან

რა წერია დეკლარაციაში ნახეთ ამ ბმულზე

OSCE PA „ოცნებას“ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი