საზოგადოება

OSCE PA „ოცნებას“ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

3 ივლისი, 2025 •
OSCE PA „ოცნებას“ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 32-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს პორტოს დეკლარაცია და თანმდევი რეზოლუციები, მათ შორის საქართველოს შესახებ.

დეკლარაცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აკრიტიკებს დემოკრატიული უკუსვლის პროცესს ქვეყანაში. OSCE PA „ქართულ ოცნებას“ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისა და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების გამო, რაც ხასიათდება დემოკრატიული უკუსვლის ზრდით, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებით და ძირეულ თავისუფლებებზე, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და მედიის დამოუკიდებლობაზე, მზარდი შეზღუდვებით. ასამბლეა გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სასამართლო ჩარევას, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობასა და საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ევროპულ მისწრაფებებს.

ასამბლეა დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ვალდებულებები, რათა სამოქალაქო საზოგადოებამ, დამოუკიდებელმა მედიამ, აქტივისტებმა და მომიტინგეებმა შეძლონ თავისუფლად მოქმედება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისა და „რუსული ტიპის „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის“ გაუქმებისკენ.

OSCE PA შეშფოთებას გამოთქვამს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დოკუმენტირებული თვითნებური დაკავებების, მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობების ჩათვლით.

ასამბლეა მიესალმება ეუთოს ვენის მექანიზმის ამოქმედებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების საპასუხოდ, რომლებიც ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა.

„აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პროცესებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული შეშფოთების მოსაგვარებლად და დაჟინებით მოუწოდებს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, განსაკუთრებით ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებითა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომლებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, — ნათქვამია დეკლარაციაში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო, მოუწოდებს რუსეთის ჯარების გაყვანისა და დევნილების უსაფრთხო დაბრუნებისკენ. ასამბლეა უარყოფს ყველა მცდელობას, რომელმაც შეიძლება ლეგიტიმაცია მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლქვეშ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს.

დეკლარაციაში შევიდა მოწოდება სირიის მთავრობისადმი, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

„მოხარული ვარ, რომ ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში. ის მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, — დაწერა X-ზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში, რომელიც პორტუგალიაში გაიმართა, ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, საქართველოდან მონაწილეობდნე ლევან მახაშვილი და მაია ბითაძე.

ნიკოლოზ სამხარაძემ მანამდე გააკრიტიკა საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები, ასევე ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრის მცდელობაზე, „გააჩუმონ და ორგანიზაციიდან გარიცხონ დელეგაციის ის წევრები, რომლებიც არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს“.

„ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ასამბლეის რამდენიმე წევრმა წერილით მიმართა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, რომ ქართული დელეგაციის წევრები არ შემოეშვა ქვეყანაში. ეს არის სამარცხვინო ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთოს და ზოგადად პარლამენტარიზმის პრინციპებს“, — განაცხადა სამხარაძემ.

რეზოლუცია საქართველოს შესახებ

პორტოს დეკლარაცია მოიცავს რეზოლუციასაც საქართველოს დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტმა 2 ივლისს, 42 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო.

რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა მრავალი დარღვევა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მათ შორის საარჩევნო პროცედურების დარღვევები და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით გამოყენება.

რეზოლუცია გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებულ გამოყენებას, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაკავებებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას.

რეზოლუციაში საპარლამენტო ასამბლეა იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა შესაძლო საშუალებას მაუწყებლობის, უცხოელი აგენტებისა და გრანტების შესახებ კანონებით.

ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ევროკავშირის მიმართ მზარდი ანტიევროპული რიტორიკით და იმით, რომ „რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების გაძლიერება აჩენს კითხვებს საქართველოს გამოცხადებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი