ახალი ამბები

ბიტკოინების საქმე: გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

10 მარტი, 2025 •
ბიტკოინების საქმე: გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

აღნიშნულ საქმეში გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით. სასამაართლომ ის დამნაშავედ ცნო ორივე მუხლში.

გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა. მან საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა.

„სამარცხვინო“, — ამ ერთი სიტყვით გამოეხმაურა ბაჩიაშვილი განაჩენს სოციალურ ქსელში.

გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის კიდევ ორ საქმეში. როგორც ბიტკოინების, ისე „მტკვარი ჰესის“ საქმეში მომჩივანი ბიძინა ივანიშვილია. ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე 2.5 მილიონ-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ხოლო მტკვარი ჰესის ბრალზე – 50 000 ლარი. აკრძალვის მიუხედავად, მან ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, სისხლის სამართლის მესამე საქმე აღიძრა.

რას ედავებიან ბაჩიაშვილს – მოკლედ

ბიტკოინების საქმეში პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მან დიდი ოდენობით, კერძოდ, თითქმის 40 მლნ დოლარის ღირებულების ბიტკოინები მიითვისა. ბრალის მიხედვით, ბაჩიაშვილმა ბიტკოინები ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადებული ინვესტიციებით შეიძინა, თუმცა მას მოგება არ მისცა. ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილმა თავისი ბანკიდან მას უბრალოდ ფული ასესხა, რომელიც უკან დააბრუნა და ის, რომ ეს სესხი იყო და არა ინვესტიცია, დადასტურებულია აუდიო ჩანაწერებით, რომელიც მისი და ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ასახავს.

მტკვარი ჰესის საქმეში ბაჩიაშვილს ივანიშვილი და პროკურატურა ედავებიან, რომ მან არ გაითვალისწინა ჰესის საკითხზე ჩატარებული კვლევები და არაჯეროვნად შეასრულა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობა, რის შედეგადაც მტკვარი ჰესი, რომელშიც მილიონობით დოლარი დაიხარჯა, დღემდე არ არის აშენებული. გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ადვოკატის თანახმად, ბაჩიაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალზე ხანდაზმულობის ვადა გასულია. როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, სადავო ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა და წარდგენილ ბრალზე ხანდაზმულობის ვადა 2020 წელს გავიდა.

მესამე საქმე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აღიძრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი