„ნეტგაზეთისა და ბათუმელების“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება: დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მოწმის სახით დაიკითხა ერთ-ერთი მთავარი მოწმე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელია. დაცვის მხარის შეფასებით, მოსამართლემ კვლავ დაუსაბუთებლად და სტანდარტების დარღვევით, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
გრიგოლ ბესელიას, მისივე თქმით, არც სიწითლე უნახავს მზია ამაღლობელისგან „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძის სახეზე და არც ამაღლობელის მხრიდან ლანძღვა მოუსმენია პოლიციის მისამართით. თუმცა სრულიად ეთანხმება მზია ამაღლობელის მიმართ წარდგენილ ბრალს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სილა კი არ გააწნა, არამედ ხელი დაარტყა სახეში. თან ისე ძლიერად, რომ ამ დარტყმამ აქციაც კი დაშალა.
ნეტგაზეთი შეძლებისდაგვარად დეტალურად მოგიყვებათ, რა ხდებოდა დღეს სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე, რაც თითქმის 5 საათს გაგრძელდა.
რა ხდებოდა სხდომის მიმდინარეობისას?
პროცესი დღის პირველ საათზე იყო დანიშნული. მზია ამაღლობელი და მოსამართლე ნინო სახელაშვილი დარბაზში პრაქტიკულად ერთ დროს შემოვიდნენ. სასამართლო სხდომათა დარბაზებში ქცევის კოდექსი მოსამართლის ფეხზე ადგომით დახვედრას გულისხმობს. ფეხზე ადგომითა და მხარდამჭერი შეძახილებით დამსწრეები მზია ამაღლობელს შეხვდნენ.
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა პროცესზე ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენეს, პროსახელისუფლებო „რუსთავი 2-ის“ ეთერში 16 აპრილს გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით, სადაც კობახიძე თქვა, რომ „მზია ამაღლობელი არ არის მსხვერპლი. კონკრეტულ დავალებას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.
ადვოკატი ჯუბა ქათამაძემ განმარტა, რომ მისსავე სიტყვებზე დაყრდნობით, ირაკლი კობახიძე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ ინფორმაციას ფლობს და მტკიცებით ტონში საუბრობს. შესაბამისად, გაუჩნდა დაცვის მხარეს მისი გამოკითხვის სურვილი და უკვე მიმართეს წერილობითაც. მზია ამაღლობელის ადვოკატები ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას ამ ეტაპზე არ ითხოვენ და იმედი აქვთ, რომ მოწმედ გამოძახებამდე ირაკლი კობახიძე გამოკითხვას დათანხმდება.
პროკურატურამ, რომელიც დღევანდელ პროცესზე თორნიკე გოგეშვილისა და შოთა ჩხაიძის სახით იყო წარმოდგენილი, ადვოკატებს უპასუხა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე გარკვეულ შეფასებებს აკეთებენ და სისხლის სამართლის საქმეს განსახილველად ეს ვერ დაერთვება, რადგანაც ეს პოლიტიკური შეფასებებია, სამართლებრივ ჩარჩოს სცდება. თუმცა, ამის მიუხედავად, პროკურორ გოგეშვილის თქმით, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მისი ადვოკატები აქცევენ. ადვოკატების განმარტებით კი, ირაკლი კობახიძის განცხადებები მზია ამაღლობელთან დაკავშირებით შეფასებების კატეგორიას სცდება, აღწერს მოვლენებს, როგორც ფაქტებს, და დასადგენია, მართლა აქვს რამე ინფორმაცია თუ არა. როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი გამოიკითხებოდა, რომელიც განაცხადებდა, რომ ფლობდა ინფორმაციას მზია ამაღლობელის ქცევის მოტივებსა და მიზანზე, ისევე უნდა გამოიკითხოს ირაკლი კობახიძეც, მიუხედავად მის მიერ დაკავებული პოლიტიკური პოზიციისა.
„თუ მზიას დავალება იყო პოლიციელის შეურაცხყოფა, მისი ღირსების დაკნინება და მან [კობახიძემ] იცის რამე ამის შესახებ, მისი [ამაღლობელის] ქმედება, მიუხედავად იმისა, დავალება მისცა მეზობელმა თუ ვინმე სხვამ, ეს ცვლის საქმის კვალიფიკაციას. ეს აღარ არის თავდასხმა პოლიციელზე. დავალება თუ შეურაცხყოფაა, ეს აღარ არის პოლიციელზე თავდასხმა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაცვის მხარისთვის ამ ფაქტების გარკვევა პროცესზე“, – აღნიშნა მწარიაშვილმა.
მოსამართლე სახელაშვილი ირაკლი კობახიძის მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობაზე თავის გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.
რატომ ვერ დაინახა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა ირაკლი დგებუაძის სახეზე სიწითლე, თუ ეს სხვა პოლიციელებმა დაინახეს?
პროცესზე ჯერი მიდგა მოწმეთა დაკითხვაზე და სასამართლოს „სცენაზე“ შემოვიდა გრიგოლ ბესელია, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავების პერიოდში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. რამდენიმესაათიანი დაკითხვის პროცესში ბესელიამ მოყვა, თუ რაოდენ ძლიერი იყო მზია ამაღლობელის დარტყმა ირაკლი დგებუაძის ლოყაზე – იმდენად ძლიერი, რომ ამ ხმამ და ფაქტმა აქცია დაშალა. თუმცა თხრობა ბესელიამ ცოტა შორიდან დაიწყო და „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გასამყარებლად, თითქოს მზია ამაღლობელიც, სხვა დემონსტრანტებთან ერთად, ვიღაცის დავალებებს ასრულებდა, განაცხადა, რა უჩვეულოდ დაიძაბა სხვა დროს მშვიდი და მეგობრული ურთიერთობა პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის იმ კონკრეტულ, 11 იანვრის აქციაზე.
„თბილისში ცოტა სხვა ურთიერთობა იყო პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. ბათუმში სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა არასდროს. ვხუმრობდით ხოლმე, ლამისაა დავნათესავდეთო. […] მოდიოდნენ ჩვენთან აქციების მონაწილეები, ორგანიზატორები, პარტიების ლიდერებიც და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენთან ამ კარგი ურთიერთობის გამო განიცდიდნენ ბულინგს. ბოლოს [იანვრიდან] მოდიოდნენ აქციებზე და გამარჯობასაც აღარ გვეუბნებოდნენ“, – თქვა ბესელიამ.
ბესელიამ გაიხსენა, თანდათან როგორ დაეტყო 11 იანვრის აქციას დაძაბულობა და საქალაქო სასამართლოსთან როგორ მიაკრა პოლიციელს სტიკერი ერთ-ერთმა დემონსტრანტმა – „იფიცება საქართველო“, რასაც მისი დაკავება და დროებით მოთავსების იზოლატორში შეყვანა მოჰყვა. აქვე შეგახსენებთ, რომ როგორც ირაკლი კობახიძე, ისე სოზარ სუბარი, დაბეჯითებით აცხადებდნენ ეთერებში, რომ მზია ამაღლობელი იყო ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ზურგზე სტიკერებს აკრავდა.
ბესელიას თქმით, აქციის მონაწილეებმა მომატებული აგრესიით მისი თანამშრომლებისადმი, პოლიციის შენობასთან გადმოინაცვლეს, ის კი შენობიდან გამოვიდა და მათთან მშვიდი კომუნიკაცია სცადა. მისი თქმით, რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის, მზია ამაღლობელი. სწორედ ამ დროს გაიცნო და გაიგო მის შესახებ პირველად.
ბესელიამ თქვა, რომ თავად იყო მოწმე, როგორ გააკრა სტიკერი მზია ამაღლობელმა პოლიციის შენობის ერთ-ერთ კედელზე, თუმცა თავისი ყურით არ მოუსმენია მზია ამაღლობელის მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები პოლიციელების მიმართ, რასაც მზია ამაღლობელს სხვა პოლიციელები აბრალებენ. არ უნახავს არც რამე სახის აგრესია მზია ამაღლობელის მხრიდან ირაკლი დგებუაძის მისამართით სილის გაწვნის ეპიზოდამდე. თუმცა მოგვიანებით, როდესაც მას კითხვებს უკვე მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი უსვამდა, არაერთხელ გაიმეორა, რომ მზია ამაღლობელი გამოხატავდა აგრესიას. არაერთგზის ჩაკითხვის შემდეგაც კი, გრიგოლ ბესელიამ ვერ დაასახელა კონკრეტული ფაქტი, რაში გამოიხატებოდა მზია ამაღლობელის მხრიდან აგრესია.
სტიკერის გაკვრის შემდეგ მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს პირველად დააკავეს. თუმცა მალევე გაუშვეს. უკვე 12 იანვარი დადგა. საპროტესტო აქცია ფაქტობრივად იშლებოდა, პოლიციელების ჯგუფი უეცრად წინ გამოიჭრა და ჭყლეტასა და დაპირისპირებაში დააკავეს მზიასთან მოსული მისი ახლობლები, ძმები ლაშა და გიგა გაბაიძეები.
გაბაიძეები აქციაზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით პირველი დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. აქციაზე მათი მისვლის მომენტში მზია ამაღლობელი უკვე გათავისუფლებული იყო და წასასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც პოლიცია მოულოდნელად ძმების მიმართულებით დაიძრა და ორივე მათგანი დააკავა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დაკავებამდე მზია ამაღლობელი ჭყლეტაშია მოყოლილი და ფეხსაცმელიც გასძვრა. გაბაიძეების დაკავების შემდეგ გაიმართა ემოციური საუბარი მზია ამაღლობელსა და ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს შორის, მოხდა სილის გაწვნა და მზია ამაღლობელი უკვე მეორედ, ამჯერად სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმეზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას. ბათუმის საქალაქო სასამართლო. 28 აპრილი. 2025
როგორ ჰყვება ამ ეპიზოდს გრიგოლ ბესელია:
„აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძის მიმართ] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, იმიტომ, რომ არ ვართ მიჩვეული პოლიციელები ქალებისგან, მით უმეტეს, აჭარაში, ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებას. იმ დღეს მოხდა ქალბატონი ციალას დაკავებაც და კიდევ ერთი მანდილოსნის, სახელები და გვარები აღარ მახსოვს იმ ბავშვების. ნაკლებად მქონდა მათთან შეხება. ე.ი. იმდენად იყვნენ მოწადინებულები იმ დღეს, რომ „დაკავებულიყვნენ“, რომ მანამდე, ადმინისტრაციული დაკავების დროს, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეთავისუფლებინა და არ შეგვესახლებინა დროებითი მოთავსების იზოლატორში, უარს აცხადებდნენ გათავისუფლებაზე. არ უნდოდათ, რომ გასულიყვნენ. […]
მათ შორის [ირაკლი დგებუაძესა და მზია ამაღლობელს შორის] იყო კითხვა-პასუხი [რატომ დააკავეს ძმები გაბაიძეები]. დგებუაძე ბრუნდება, მერე ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ მაგათ შორის. იმ წამსვე ხდება, რეაგირებაც ვერ მოვახდინე.
ქალბატონი მზია და ქალბატონი ეთერი ერთად იდგნენ. ქალბატონ მზიას არც ვიცნობდი და შეხებაც არ მქონია მანამდე. ქალბატონი ეთერი იყო უფრო აგრესიული, მეც მქონდა კომუნიკაცია იმ დღეს და ვიცი, მისი დამოკიდებულება როგორი იყო, განსაკუთრებით თავგამოდებით აგრესიულობით გამოირჩევა ხოლმე. მინდოდა, რომ მიმესწრო, რომ რაღაცა არ მომხდარიყო. ის დღე იყო ჩემთვის იმის მანიშნებელი, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო, იმდენად არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ აქციის მონაწილეები“, – ამბობს ბესელია.
ბესელია გამორიცხავს, რომ დგებუაძემ მზია ამაღლობელის მისამართით რამე შეურაცხმყოფელი თქვა, რადგანაც, მისი თქმით, დგებუაძე „ასეთი პიროვნება“ არაა და არაა შემჩნეული არავის მიმართ აგრესიაში. ის ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელმა უსაფუძვლოდ დაარტყა დგებუაძეს ხელი სახეში, რადგან აქციის წევრების სურვილი იყო ტემპერატურის აწევა.
„პირველ რიგში, როგორც ყველა პოლიციელი, მათ შორის მეც, შეურაცხყოფილები ვიყავით მისი ამ ქმედებით. კომუნიკაცია მქონდა [დგებუაძესთან], მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება [თუ ეტყობოდა დაზიანება]. ისეთი ხმა იყოს დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა.
მერე გამოვედით რამდენჯერმე მეც და დგებუაძეც. ჟურნალისტებიდან დაწყებული, აქციის წევრებით დამთავრებული, ლიდერებით დამთავრებული, ყველა იძახდა, აპატიეთ ქალბატონს, ანერვიულებული იყოო. დარტყმის სიძლიერეზეც ვსაუბრობ და თვითონ ფაქტზეც. ადგე და პოლიციის ხელმძღვანელს ხელი გაარტყა, ასე არ ხდება რა. მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელს თავს რომ ესხმი და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებ, ეს არ არის მიღებული ფორმა არცერთ ქვეყანაში“, – თქვა გრიგოლ ბესელიამ.
გრიგოლ ბესელიამ ადვოკატ მაია მწარიაშვილს უპასუხა კითხვებზე ირაკლი დგებუაძის მიერ მიღებულ ზიანთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელმა სილა გააწნა ისეთი ძალით. რომ ეს იყო ხელის დარტყმა, თავდასხმა, ძალიან ძლიერი და აქციის დაშლის ეფექტის მქონე.
მაია მწარიაშვილი: რა დაზიანება მიიღო ბატონმა დგებუაძემ, თუ იცით?
გრიგოლ ბესელია: სახეში ხელი დაარტყეს. ვიზუალურად რამე დაზიანება არ ვიცი. სისხლდენა არ ჰქონია.
მ.წ.: სისხლნაჟღენთი ჰქონდა?
გ.ბ.: არა.
მ.წ.: ნაკაწრი თუ გინახავთ მის სახეზე?
გ.ბ.: არა.
მ.წ.: აბა, რა ნახეთ მის სახეზე?
გ.ბ.: ხელის დარტყმა ვნახე.
მ.წ.: თქვენ სიწითლე არ გინახავთ?
გ.ბ.: არ მინახავს. სიწითლე ჰქონდა თუ არ ჰქონდა, არ მიმიქცევია ყურადღება მაგისთვის.
ბესელიას დაკითხვა მოწმის სახით სასამართლოზე 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გრიგოლ ბესელია 2022 წელს დაინიშნა აჭარის პოლიციის უფროსად, მანამდე თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. პოლიციაში მუშაობდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ოცნების“ დროს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი აპრილის დასაწყისში დატოვა და, როგორც პროცესზე განაცხადა, ამჟამად „შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაშია“. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს იმას, რომ მისთვის კონკრეტული პოსტი ჯერ არ ჩაუბარებიათ.
ბესელიას აჭარაში დანიშვნის შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტი დაიკავა ირაკლი დგებუაძემ. გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებას. ორივე მათგანი იმ პირებს შორის არიან, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირეს. ირაკლი დგებუაძეს აქციების არაერთი მონაწილე ადანაშაულებს ძალადობაში. თუმცა, როგორც იცით, დგებუაძე მზია ამაღლობელის საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი – მან განაცხადა, რომ 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიერ აქციაზე გაწნული სილის შედეგად ლოყა გაუწითლდა და ტკივილი განიცადა.
ბესელიას შემდეგ სწორედ დგებუაძე უნდა დაეკითხათ დღეს მზია ამაღლობელის პროცესზე, თუმცა მისი დაკითხვა, სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე შედგება.
„მოღალატის“ ძახილით შეაცილეს სასამართლოს შენობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი დგებუაძე. „ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა” – ამ შეძახილებით გააცილეს ბესელია საქალაქო სასამართლოდან დაკითხვის შემდეგ.

ირაკლი დგებუაძე. ბათუმის საქალაქო სასამართლოში შესვლისას. მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა. 28 აპრილი, 2025
პრკურატურა და სასამართლო მზია ამაღლობელისგან „ძლიერი ინტენსივობისა“ და „მომეტებულ“ საფრთხეს ელიან
დღეს სასამართლოზე ასევე იმსჯელეს, რამდენად მიზანშეწონილი შეიძლება იყოს განაჩენის გამოტანამდე აღკვეთის ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა. პროკურატურის თქმით, „ძლიერი ინტენსივობის საფრთხე“ არსებობს მზია ამაღლობელის მხრიდან. მოსამართლეს თუ ვკითხავთ, „მომეტებული საფრთხეა დანაშაულის განმეორების“, თუ მზია ამაღლობელი ციხიდან გამოვა.
დაცვის მხარეს სურდა პროკურატურისგან მოესმინა, კონკრეტულად რა დანაშაულის საფრთხეს ხედავდა მზია ამაღლობელისგან და შემდეგ სასამართლოს ემსჯელა, პატიმრობის გარდა, რა გზებით შეიძლებოდა ამ საფრთხეების არიდება. მაგალითად, თუ თვლიდა სასამართლო, რომ მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს ან რომელიმე სხვა პოლიციელს დაესხმებოდა თავს, შესაძლებელი იყო, მაგალითად, ისიც, რომ მზია ამაღლობელისთვის აეკრძალათ პოლიციელებთან და პოლიციის განყოფილებასთან რამდენიმე მეტრზე მიახლოება. მიუხედავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა, მზია ამაღლობელისგან მომდინარე „ძლიერი ინტენსივობისა“ და „მომეტებული“ საფრთხეების დაკონკრეტებაზე თავი არც პროკურატურას შეუწუხებია და არც სასამართლოს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
მაია მწარიაშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება დასტურია, რომ მოსამართლე სახელაშვილს სისხლის სამართალში კვალიფიკაცია არ აქვს.
„მოსამართლემ დღეს ბრძანა, რომ მზიას პატიმრობა დასაბუთებული უნდა იყოს მინიმალური სტანდარტით. მართალი გითხრათ, გაოცებული დავრჩი, მისი პატიმრობა დასაბუთებული უნდა იყოს სტრასბურგის მაღალი სტანდარტით. რაც უფრო ხანგრძლივია მისი პატიმრობა, ეს დასაბუთების სტანდარტი იწევს, უფრო და უფრო რთული ხდება პატიმრობის დასაბუთება და სასამართლომ ეს არ იცის. დასახელებული მინიმალური სტანდარტითაც ვერ ასაბუთებს“, – თქვა მაია მწარიაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ.
სხდომის მიწურულს სიტყვის თქმის საშუალება მიეცა მზია ამაღლობელსაც.
„პროკურატურის გასაგონად მინდა ვთქვა – მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან. თუ გინდათ, ჩემი განწყობა იცოდეთ, ეს არის.
რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა, ვერ ვხვდები, რას ნიშნავს დანაშაულის ჩადენა და თან ახალი [დანაშაულის]. იმიტომ, რომ ბუნებით კრიმინალი არ ვარ და ყველაფერი ის, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული, მძაგს, ატანა არ მაქვს. ახალი დანაშაული თუ უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხომ?! ან თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?! იქაც მაქვს კომუნიკაცია. ვერ ვხვდები ამას.
პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი, რას გავაკეთებ. დანაშაულს არ ჩავიდენ, იმიტომ, რომ არ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ. ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამტოვოთ პატიმრობაში. ევროინტეგრაციისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ”, – თქვა მზია ამაღლობელმა სხდომის მიწურულს.
როგორც პროკურატურა, ისე სასამართლო, ბრალდების მხარის მოწმეებთან ერთად, ამყარებენ მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას იმაზე დაყრდნობით, რომ მან ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, გამოუშვეს, მერე ჩაიდინა „უარესი“ – სისხლის სამართლის საქმე და, „შესაბამისად“ კიდევ უფრო „მომეტებულია საფრთხე“ ახალი დანაშაულის, თუ განაჩენის გამოტანამდე ციხის გარეთ იქნება. ადვოკატ მაია მწარიაშვილის შეფასებით ეს მხოლოდ დასტურია, რომ მიმდინარე პროცესი დაცლილია სამართლისგან.
„პასუხისმგებლობას, რომ ეთქვა, ირაკლი დგებუაძეს ლოყა გაუწითლდაო, თავი აარიდა“, – ასე შეაფასა მაია მწარიაშვილმა ბესელიას პასუხები დგებუაძისადმი მიყენებულ ზიანზე, – „მან აჩვენა, რამდენად პოლიტიზებულია პოლიცია. მან არ იცის, რომ მზიას ადმინისტრაციული [პირველი] დაკავება გასაჩივრებულია, ის თვითონ იყო განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო და ეს ჩემგან მოისმინა დღეს პროცესზე. გადაწყვეტილებაც არის მიღებული და ესეც არ იცის.
ეს პროცესი დაცლილია სამართლისგან და სამართლებრივი პროცედურებისგან. პოლიცია მზიას ადმინისტრაციული ბრალდებით ათეთრებს საკუთარ უკანონობას. მზიას ეუბნებიან, რომ აგინებდი პოლიციასო, რისი მტკიცებულებაც არ არსებობს. რაკი დააკავეს რეალურად სტიკერის გაკვრის გამო, ჩართეს ამის გათეთრების მექანიზმიც.“
ნინო სახელაშვილმა განიხილა თავდაპირველად მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. მან გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა პატიმრობა მზია ამაღლობელს.
გარდა ამისა, ნინო სახელაშვილი დასანქცირებული მოსამართლეა. ბალტიის ქვეყნებმა ის დაასანქცირეს სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო.
მას შემდეგ, რაც გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ განაწესეს.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მომდევნო სხდომა მზია ამაღლობელის საქმეზე 8 მაისს, 13 საათზე შედგება.