საზოგადოება

„კანონი არ მავალდებულებს სისხლის სამართალში გამოცდის ჩაბარებას“ — მზია ამაღლობელის მოსამართლე

18 მარტი, 2025 •
„კანონი არ მავალდებულებს სისხლის სამართალში გამოცდის ჩაბარებას“ — მზია ამაღლობელის მოსამართლე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. მომდევნო პროცესი 31 მარტს, 13:00 საათზე შედგება. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა მის აცილებაზე.

ადვოკატების მხრიდან მოსამართლის აცილებაზე არგუმენტები მდგომარეობდა იმაში, რომ მოსამართლე ვერ აკმაყოფილებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით, სტრასბურგის სასამართლოს ტესტით დადგენილ მიუკერძოებლობის სტანდარტს; მის მიერვე მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება იყო დაუსაბუთებელი. ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ სახელაშვილი არ არის კანონით დადგენილი წესის დაცვით დანიშნული, მას არ აქვს მაგისტრის და მასთან გათანაბრებული ხარისხის იურიდიული განათლება, რაც მოსამართლედ დანიშვნისთვის არის საჭირო, და არ არის სპეციალიზებული სისხლის სამართალში.

ნინო სახელაშვილის თქმით, მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის ფაკულტეტი- როგორც ბაკალავრიატი, ისე მაგისტრატურა- რომელიც სხვა სპეციალობებთან ერთად მოიცავდა სამართალსაც და  იმ დროს მოქმედი კანონისა და ეროვნული გამოცდების შესაბამისად, ფლობს სამართლის სპეციალიზაციას, როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრის საფეხურზე. თუმცა მოსამართლემ არ უარყო, რომ მისი, როგორც მაგისტრის, სპეციალიზაცია არ მოიცავს სისხლის სამართალს. მოსამართლე სახელაშვილი ამბობს, რომ კანონი მისგან არ მოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯელობისას სისხლის სამართალში სპეციალიზაციის ქონას.

„სასამართლოს ამ შემადგენლობას [სახელაშვილი გულისხმობს თავის თავს. ნეტ.] ჩაბარებული აქვს კერძო სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. ჩარიცხული ვარ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სადაც დეტალურად გავიარე ყველა ის სავალდებულო მოთხოვნები, რაც მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არის საჭირო. მოქმედი კანონის შესაბამისად, არცერთი ნორმა არ ავალდებულებს, რომ აუცილებლად ჩაბარებული იყოს სისხლის სამართალში საკვალიფიკაციო გამოცდა და ეს არ არის შეზღუდვა“, — აღნიშნა მოსამართლე სახელაშვილმა.

მან მიიჩნია, რომ ყველა არგუმენტი და შენიშვნა დაცვის მხარის წარმომადგენელთაგან არ იყო საფუძვლიანი და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა აცილებაზე.

31 მარტს პროცესზე მოსამართლე სახელაშვილი იმსჯელებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების დასაშვებობაზე.

ნინო სახელაშვილმა განიხილა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხიც. მან გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა პატიმრობა მზია ამაღლობელს.

გარდა ამისა, ნინო სახელაშვილი დასანქცირებული მოსამართლეა. ბალტიის ქვეყნებმა ის დაასანქცირეს სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ — ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო.

მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა, გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე, მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ განაწესეს.


მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.

სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი