მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ “თეატრის ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა”.
„ვასო აბაშიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი, ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.
კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი თეატრი ძალიან აქტიურად არის ჩართული საპროტესტო მოძრაობაში. მათ მოამზადეს საპროტესტო მანიფესტი, რომელიც არაერთ ქალაქში წარადგინეს.
აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი სინდისის პატიმარია ახალი თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.