ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.
ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად იანვრის გადაწყვეტილებისა რწმუნებათა სიგელების შეზღუდული უფლებამოსილებით რატიფიცირების შესახებ, საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა დატოვა ასამბლეა, რითაც უარყო დიალოგი და ამჟამად ასამბლეაში ქართული დელეგაცია წარმოდგენილი არ არის. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ასამბლეის მუშაობაში იმ წევრების ჩართულობა, რომელთა რწმუნებათა სიგელები რატიფიცირებულია, არის ვალდებულება და არა არჩევანი.
PACE-ს თანახმად, „ქართულ ოცნების“ მიერ ასამბლეის რეკომენდაციების შეუსრულებლობა და განგრძობითი დემოკრატიული უკუსვლა არ იქნება ხელსაყრელი ახალი ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებისთვის, თუ ისინი წარდგენილი იქნება ასამბლეის მომავალ სესიაზე.
ახალი რეზოლუციით ძალაში რჩება ჯერ კიდევ წინა რეზოლუციით განსაზღვრული მოთხოვნა, შეიქმნას პირობები დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
რეზოლუცია 14 პუნქტისგან შედგება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ არცერთი წინა რეკომენდაცია არ შესრულებულა. ამის საპირისპიროდ, სიტუაცია გაუარესდა და დაემატა არაერთი ახალი კრიტიკა და გამოწვევა, რომელიც პარტნიორების შეფასებით ქართულ დემოკრატიას აქვს. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის ხარისხის ასეთი სწრაფი უკუსვლის გამო.
იანვრის სესიაზე PACE-მ საქართველოს დელეგაციის შეზღუდული უფლებამოსილება ცნო წინაპირობებით, რომელთა შესრულებაზე აპრილის სესიაზე უნდა ემსჯელა.
თუმცა მანამდე, სანამ PACE ქართული დელეგაციის უფლებამოსილებაზე იმსჯელებდა, „ქართულმა ოცნებამ” წევრები ასამბლეიდან წინმსწრებად გამოიწვია.
PACE არის ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების დეპუტატების საპარლამენტო ასამბლეა. ევროსაბჭო განსხვავდება ევროკავშირისგან. საქართველო ევროსაბჭოს წევრია 1999 წლიდან. “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი” – ეს ცნობილი სიტყვა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ სწორედ PACE-ში წარმოთქვა 1999 წელს.