საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ვერიფიკაციის აპარატის მონაცემების დამუშავება, ასევე ამომრჩევლისთვის პირადობის ჩვენების მოთხოვნა ეკრძალება.
აღნიშნული ცვლილებები, დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას და ხელს უშლის ე.წ. კარუსელის აღმოჩენას.
რა იცვლება?
კერძოდ, 3 აპრილს ცესკომ ცვლილებები შეიტანა კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ დადგენილებასა და ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში.
კერძოდ, კენჭისყრის ჩატარებისას (გარდა საარჩევნო კოდექსითა და ცესკოს დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ დაუშვებელია:
- კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;
- ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;
- ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.
გარდა ამისა, ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელს უფლება აქვს, ერთ საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს სურვილი აქვს, ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია, დაიკავოს კენჭისყრის შენობაში კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილი.
„მარტივად აგვარებენ საკითხს – დაკვირვებას კრძალავენ“
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, ამ ცვლილებით დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას.
„გუშინ ცესკომ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას. განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი – კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.
ამ ცვლილებით დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. “კარუსელი”), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოადგენს“, – აცხადებს ნინო დოლიძე.
ცესკოს მიერ მიღებულ ცვლილებებს კრიტიკულად აფასებს პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილიც.
მისი თქმით, ეს ცვლილებები პრაქტიკულად სპობს დამკვირვებლის მიერ პირადობებით მანიპულირების ფაქტების აღმოჩენის შესაძლებლობას.
„ეს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ დამკვირვებლები ვეღარ მოახდენენ ე.წ. კარუსელების გამოვლენას. შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ოცნების“ რეგისტრატორებს და კომისიებში დასაქმებულ „ოცნების“ პარტაქტივს სერიოზული ძალისხმევის გაწევა სჭირდებოდა, რომ მსგავსი მანიპულაციები დაემალათ. მათ შორის, სკამები მაქსიმალურად ჰქონდათ კედელზე მიმდგარი, რომ დატოვებულ სივრცეში დამკვირვებელი არ ჩამდგარიყო და პირადობის მონაცემებთან ვერიფიკაციის აპარატზე დაფიქსირებული მონაცემების შეუსაბამობა არ დაეფიქსირებინა. მარტივად აგვარებენ საკითხს – დაკვირვებას კრძალავენ.
როგორც აღვნიშნე, „ოცნება“ ემზადება არჩევნებისთვის. მიმდინარეობს ზეწოლის, კორუფციის, მანიპულაციის ყველანაირი რესურსის მობილიზაცია და ცენტრალიზება და 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია. პროცესი აქვთ მაქსიმალურად დაჩქარებული. მზადება მიდის საკანონმდებლო დონეზეც და საკადრო ცვლილებების დონეზეც – ბოლოდროინდელი ყველა საკადრო ცვლილება, დღევანდელის ჩათვლით, არჩევნებს უკავშირდება“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
რა პასუხობს ცესკო კრიტიკას?
კრიტიკის პასუხად ცესკომ 4 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ირწმუნება, რომ ცვლილებები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტით არის განპირობებული.
ცესკო კრიტიკოსებს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებს უწოდებს და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც ცესკო აცხადებს, ამ ადამიანების მიზანია „ეს თემა განავრცოს და გაავრცელოს ზოგიერთმა მიკერძოებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის“.
„აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსი ყოველთვის კრძალავდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას, რასაც ადასტურებს კანონის თანახმად ამომრჩევლის სიების ორი ვერსიის არსებობა: ერთი, სიის საჯარო ვერსია, რომელიც გაიცემა ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია – ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და, შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო.
დამკვირვებელთა უფლებებიც სრულადაა გაწერილი საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით და არცერთი აღნიშნული უფლება ცესკოს დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა. ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით.
როგორც ჩანს, ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები კარგად არ იცნობენ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს ან შესაძლოა, მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დამახინჯებულ ინტერპრეტაციას. სხვაგვარად, რთულია აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, მათ მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა. ასევე, ზოგადად, გასულ არჩევნებზე, მათი მხრიდან გამოწვეული არაერთი ინციდენტი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის დარღვევის კუთხით“, – აცხადებს ცესკო.