საზოგადოება

წამება, არასათანადო მოპყრობა – რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში გაზაფხული-ზამთრის საპროტესტო აქციებზე

1 აპრილი, 2025 •
წამება, არასათანადო მოპყრობა – რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში გაზაფხული-ზამთრის საპროტესტო აქციებზე

სახალხო დამცველის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევის კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო, რაც, პირველ რიგში, განაპირობა კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული ღირსების ხელშეუვალობის უფლების, წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პრინციპის დარღვევის ინტენსივობამ.

სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ ანგარიშში, რომელიც 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შეეხება, ცალკე თავი ეთმობა გაზაფხულისა და ზამთრის საპროტესტო აქციებზე არასათანადო მოპყრობა და სხვა უფლებადარღვევებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მძიმე უფლებადარღვევათა წყება ძირითადად დაიწყო 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და მათზე ძალადობას, ორგანიზებული სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას.

„2024 წლის 15 აპრილიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 624 პირი. მათგან არასათანადო მოპყრობაზე 360 პირი მიუთითებდა (57.7%). უფრო კონკრეტულად, 2024 წლის აპრილსა და მაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 182 მონახულებული პირიდან 93 საუბრობდა არასათანადო მოპყრობის შესახებ (51.1%). ხოლო 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე მონახულებული 442 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე 267 პირი (60%) მიუთითებდა“, – ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობამ (მაგალითად, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით აღუჭურველობამ), ზამთრის საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციებზე არასათანადო მოპყრობის ჩადენისათვის დღემდე არცერთი სამართალდამცავი არ არის პასუხისგებაში მიცემული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, როგორც გაზაფხულის, ასევე, ზამთრის აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური და ცალკეულ შემთხვევებში მასშტაბური.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს წამების, წამების მუქარის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით. გამოძიება როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის აქციების ეპიზოდებზე მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლებით, რაც სათანადოდ არ ასახავს გავრცელებული არასათანადო მოპყრობის ინტენსივობასა და სიმძიმეს.

გაზაფხულისა და ზამთრის საპროტესტო აქციები – არასათანადო მოპყრობა და სხვა უფლებადარღვევები

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო, რაც, პირველ რიგში, ღირსების ხელშეუვალობის უფლების, წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პრინციპის დარღვევის ინტენსივობამ განაპირობა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მძიმე უფლებადარღვევათა წყება ძირითადად 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაიწყო (გაზაფხულის აქციები). გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობამ (მაგალითად, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით აღუჭურველობამ), 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საპროტესტო აქციებზე (ზამთრის აქციები) არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა.

„შესაბამისად, ზამთრის აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდნენ. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ საპროტესტო აქციების დაშლის დროს დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის მზარდი ტენდენცია იკვეთება: მაგალითად, სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიდან 30.2 % მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის შესახებ; 2023 წლის 7-9 მარტის აქციებზე – 20.8%; 2024 წლის აპრილ-მაისის აქციებზე – 51.1%; 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 60%; ამასთანავე, ზამთრის აქციების დაშლის პირველ დღეებში – 2024 წლის 29 ნოემბრიდან – 2 დეკემბრის პერიოდში, მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე 79.5%, ხოლო 2025 წლის 2-3 თებერვლის შეხვედრებისას 25 პირიდან 22, ე.ი. 88% აცხადებდა, რომ არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და ძალადობას, ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას.

„სამწუხაროდ, დღემდე, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში, არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, მაშინ როდესაც ძალადობის ორ ეპიზოდში, რომლებიც სხვადასხვა ვიდეოჩანაწერში იყო აღბეჭდილი, მოძალადე სამართალდამცავი პირები შეუნიღბავები იყვნენ და შესაძლებელი იყო მათი ამოცნობა. ამის საპირისპიროდ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია. დამატებით, დაკავებულთა გადმოცემით, მათთვის ტელეფონებისა და პირადი ნივთების კანონსაწინააღმდეგო ჩამორთმევის მასშტაბური შემთხვევებიც იკვეთება“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის საპროტესტო აქციებთან კავშირში სახალხო დამცველის აპარატმა შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:

  • სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, როგორც გაზაფხულის, ასევე, ზამთრის აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური და ცალკეულ შემთხვევებში, მასშტაბური;
  • რამდენიმე ათეული მსხვერპლი მიუთითებს სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსგავსი, ერთნაირი ხერხებისა და მეთოდების გამოყენებაზე;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლები არ ატარებენ რაიმე მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რაც არსებითად უშლის ხელს პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მნიშვნელოვნად აზიანებს გამოძიების პროცესს. რაც, თავის მხრივ, ახალისებს დაუსჯელობას;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარკვეულ შემთხვევებში, უარს ამბობს ეთანამშრომლოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტული პირების ამოცნობაში. ამით გამოძიებას ხელი ეშლება ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში;
  • არასათანადო მოპყრობის ჩამდენ პოლიციელთა მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი იმ შემთხვევაშიც არ დამდგარა, როდესაც მათი ამოცნობა შესაძლებელი იყო (მაგალითად, ორ შემთხვევაში, დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ, და ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ძალადობის ფაქტების დროს, როდესაც პოლიციელებს არ ეკეთათ ნიღბები და შესაძლებელი იყო მათი სახეზე ამოცნობა)
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება არ არის ეფექტიანი;
  • გამოძიება ეპიზოდურია და მიმდინარეობს მხოლოდ ცალკეული თანამშრომლების შესაძლო პასუხისმგებლობის გამოვლენის ირგვლივ და არ შეისწავლის მოვლენებს სისტემურად, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლო ბრძანებისა თუ მდუმარე თანხმობის გამოვლენისა და სრული სურათის აღსადგენად;
  • გამოძიება არ მიმდინარეობს წამების, წამების მუქარის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით. გამოძიება, როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის აქციების ეპიზოდებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს, რაც სათანადოდ არ ასახავს გავრცელებული არასათანადო მოპყრობის ინტენსივობასა და სიმძიმეს;
  • გამოძიებამ თითქმის ვერ მოიპოვა რელევანტური ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან თუ კერძო ობიექტიდან, ასევე პოლიციელების სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერები და ე.წ. რაციების აუდიოჩანაწერები, მათ შორის, დაუსაბუთებელი ან ურთიერთგამომრიცხავი განმარტებებით;
  • სახელმწიფო კვლავ არათანმიმდევრულად და თვითნებურად იყენებს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 156-ე მუხლს (დევნა შეუწყნარებლობის მოტივით) და პოლიტიკური ან/და განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დევნის მსგავს შემთხვევებს სხვადასხვა მუხლით აკვალიფიცირებს;
  • გაზაფხულის აქციების პერიოდში აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე ფიზიკურად მოძალადე სხვადასხვა ჯგუფიდან/პირიდან პასუხისგებაში მიცემული თითქმის არავინ არის. ასევე დაუსჯელები არიან ზამთრის აქციებისას ე.წ. შავნიღბიანი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც სასტიკად დაესხნენ თავს, მათ შორის, ჟურნალისტებს
  • არ არის გამოვლენილი გაზაფხულის აქციებისას მოქალაქეებზე მიმდინარე სატელეფონო მუქარების, შეურაცხყოფების სავარაუდო ორგანიზატორები და ამსრულებლები;
  • დაკავებულებს თვითნებურად და შაბლონურად უხანგრძლივდებათ დაკავების 24 საათი 48 საათამდე, რაც განზრახ უკანონო დაკავებაზე შეიძლება მიანიშნებდეს;
  • პროტესტის მონაწილეთა ოფიციალური დამკავებელი პირები არ არიან ფაქტობრივად დამკავებელი პირები, რაც პოლიციელთა მხრიდან მტკიცებულების ფალსიფიკაციაზე შეიძლება მიანიშნებდეს;
  • გამოკითხული დამკავებლად გაფორმებული პოლიციელები, როგორც წესი, მიუთითებენ, რომ დაინახეს კონკრეტული პირის მხრიდან სამართალდარღვევა, თუმცა, ამავე დროს, ხალხმრავლობასა და ხმაურზე მითითებით, ვერ ხედავდნენ ამავე მოქალაქეების მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობას;
  • აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან არაერთი ჟურნალისტი გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, მათ ხელს უშლიდნენ პროფესიულ საქმიანობაში;
  • გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს მხოლოდ რამდენიმე პირი მიუთითებდა ტელეფონისა და ნივთების წართმევაზე, ხოლო ზამთრის საპროტესტო აქციების დროს ათეულობით დემონსტრანტი აღნიშნავდა მობილური ტელეფონისა და პირადი ნივთების წართმევის, ასევე, ტელეფონში არსებული ინფორმაციის შემოწმების შესახებ;
  • გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს მხოლოდ რამდენიმე პირი მიუთითებდა ტელეფონისა და ნივთების წართმევაზე, ხოლო ზამთრის საპროტესტო აქციების დროს ათეულობით დემონსტრანტი აღნიშნავდა მობილური ტელეფონისა და პირადი ნივთების წართმევის, ასევე, ტელეფონში არსებული ინფორმაციის შემოწმების შესახებ;
  • გამოიკვეთა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა არასრულწლოვანებისა და შშმ პირის მიმართ
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ამ დრომდე არ დაუყენებია რომელიმე პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოქალაქე და დაკავებული მიუთითებდა სხვადასხვა უფლებადარღვევასა თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე;
  • აქციების მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც სრულად არ ითვალისწინებს სამართლიანი სასამართლოს უფლების შესაბამის გარანტიებს. უფლებრივი გარანტიების არარსებობის ფონზე, პარლამენტმა არსებითად გაამკაცრა შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები;
  • ორ საქმეში, სადაც ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ჩადებაზე და მათ უკანონო დაკავებაზე მიუთითებენ, პოლიციას ჩხრეკა-ამოღების განხორციელების პროცესში არც კი უცდია ნეიტრალური მტკიცებულებები მოეპოვებინა;
  • სახალხო დამცველის აპარატისათვის გართულებულია დაკავებული პირების მოძიება და ადგილსამყოფელის დადგენა დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლებამდე.

„ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, საპროტესტო აქციების ფარგლებში გამოვლენილი უფლებადარღვევები, სპეციფიკისა და, განსაკუთრებით, მასშტაბურობის გათვალისწინებით, მრავალ ასპექტს მოიცავს. საპროტესტო აქციების კონტექსტში ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის, თავისუფლების უფლების, საქმის სამართლიანი განხილვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევებს, რასაც წინამდებარე ქვეთავში, ქვემოთ, მოკლედ მიმოვიხილავთ“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან (სსს) მოითხოვა 2024 წლის აპრილისა და მაისის საპროტესტო აქციებზე მონაწილეთა მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მასალებზე საგამონაკლისო წესით დაშვება, რაც დაკმაყოფილდა.

„გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფორმები, მეთოდები, მათი გამოვლენის ხერხები მსხვერპლებში იწვევდა ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა თუ მორალურ ტანჯვას, რაც თითქმის ყველა შემთხვევაში წარმოადგენდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო რამდენიმე პირის მიმართ, აქციებში მონაწილეობის გამო, მათი დასჯის მიზნით ჩადენილი ძალადობა თავისი ინტენსივობის, ხასიათის, ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სისასტიკის ხარისხით წამებას უტოლდებოდა. მაგალითისთვის, ერთ-ერთ შემთხვევაში, მსხვერპლის მიმართ ხანგრძლივი სასტიკი ძალადობის გარდა, მისივე გადმოცემით, ადგილი ჰქონდა გდდ-ს წევრების მხრიდან მოხრჩობის გზით მკვლელობის მცდელობის იმიტაციას. აუტანელ ტკივილს თან ახლდა უმწეობის შეგრძნება, დამცირების განცდა და მძიმე სულიერი ტანჯვა. მოცემულ ეტაპზე არსებული საქმის მასალებით აპარატისთვის შესაძლებელი გახდა წამების თვალსაჩინო და აშკარა რამდენიმე შემთხვევის გამოკვეთა“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი,  მომიტინგეთა გამოკითხვების ოქმების მიხედვით, მათ მიმართ შავნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ არასათანადო მოპყრობას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ დაკავების დროს, არამედ დაკავების შემდეგაც – ე.წ. ცოცხალ დერეფანსა და მანქანებში.

„ისინი დაკავებულებს ურტყამდნენ ხელებს, ფეხებს და, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელკეტებს. არის ჩვენება აირწინაღისა და ფარის განზრახ დარტყმის თაობაზე. ურტყამდნენ ხელებაწეულ და ძირს დაცემულ/დაგდებულ ადამიანებსაც, რომლებიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ პოლიციას. ძალადობა გრძელდებოდა რამდენიმე წამიდან – რამდენიმე წუთამდე დროის პერიოდში. დარტყმები იყო რამდენიმედან რამდენიმე ათეულამდე (40- 50 დარტყმა), ძალადობდნენ ძირითადად ჯგუფურად, რამდენიმე სპეცრაზმელი ერთდროულად. დაკავებულებს თავის არეში ურტყამდნენ იმდენად ძლიერად, რომ რამდენიმემ გონება დაკარგა და ტვინის შერყევა მიიღო, რამდენიმე პირს ჰქონდა სისხლდენაც. დაკავებულთა ჩვენებების მიხედვით, გარდა ფიზიკური ძალადობისა, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას უკიდურესად დამამცირებელი და დისკრიმინაციული ლექსიკით, რაც დაკავებულებისთვის მორალურად და ემოციურად მძიმე იყო“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკავებულებზე ძალადობა გამოძიების მასალებში არსებულ ვიდეოჩანაწერებშიც იკვეთება.

„ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ჩანს ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ძალადობა ათამდე სპეცრაზმელის მხრიდან. კადრების თანახმად, ერთ-ერთ სპეცრაზმელს დაჭერილი აქვს მისი მარჯვენა ხელი, ხოლო მეორე სპეცრაზმელი მარცხენა ხელს უჭერს და უწევს მაღლა, რათა ვერ შეძლოს თავის დაცვა. შემდეგ ძირს დაგდებულს წიხლებს ურტყამენ სახეში და სხეულის სხვა ნაწილებზე. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ამ პოლიტიკოსს, სხვა დაზიანებებთან ერთად, აღენიშნებოდა თვალბუდის ფსკერისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა.

დაკავებული არასრუწლოვნებიც მიუთითებენ მათ მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ. არის ქალების ჩვენებები მათ მიმართ ძალადობის თაობაზე. საპროტესტო აქციაზე მყოფი სასულიერო პირები ასევე მიუთითებენ წიწაკის სპრეის სახეში შესხმასა (ასახულია ტელევიზიით გასულ კადრებშიც) და 3-4-ჯერ ფეხის დარტყმაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, იკვეთება პოლიციელების მხრიდან დაკავებული კაცის მიმართ გაუპატიურების მუქარაზე მითითება.

ანგარიშის თანახმად, რამდენიმე დაკავებულმა კაცმა გდდ-ს წევრების მხრიდან ხელკეტით გაუპატიურების მუქარის შესახებ მიუთითა.

„დაკავებულების გადმოცემით, არასათანადო მოპყრობას სჩადიოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრები (მათ მოიხსენიებდნენ სპეცრაზმელებად, რობოკოპებად, შავნიღბიანებად და ა.შ.), თუმცა, საჩივრები შემოსულია არასათანადო მოპყრობაზე სამინისტროს სხვა დანაყოფების მხრიდანაც. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მონახულებული დაკავებულებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად: გდდ-ს წევრები მათ ურტყამდნენ ჯგუფურად, მათ შორის, 3-15 პირის ჩათვლით, და ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ურტყამდნენ წიხლებს, ხელებს, ფეხებს, მუშტებს, ხელკეტებს, ფარს, ჩაფხუტს სხეულის სხვადასხვა არეში; დაკავებულებს დაზიანებები თვალხილულად ძირითადად თავისა და სახის არეში აღენიშნებოდათ. დაკავებულები აღნიშნავდნენ დამცირების მიზნით ფეხის საჯდომის არეში ამორტყმის შესახებ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღწერილი, დაკავებულების განმარტების მიხედვით, გდდ-ს მწკრივებად განლაგებული წევრებისგან მოწყობილი იყო ერთგვარი „დერეფანი“, სადაც ატარებდნენ დაკავებულებს და სპეცრაზმელები ჯგუფურად ძალადობდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ; გდდ-ს წევრები დაკავებულებს ფიზიკურად ჯგუფურად და სასტიკად უსწორდებოდნენ მიკროავტობუსებშიც, ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს.

„მიკროავტობუსში ყოველი ახალი დაკავებულის შეყვანისას ყველას სცემდნენ და ეს რამდენჯერმე მეორდებოდა; რამდენიმე დაკავებული აღნიშნავს, რომ მიკროავტობუსში შეასხეს წიწაკის სპრეი და კარი დაუხურეს. გამოიკვეთა შემთხვევები, როცა მომიტინგეები მიუთითებდნენ ახლო ნათესავების ერთმანეთის წინ ცემის შესახებ; ძალადობის სასტიკი ფორმების გამოყენებაზე მიუთითებენ პოლიტიკური მოტივითაც; რამდენიმე პირი მიუთითებდა საყურის ყურიდან ჩამოგლეჯის შესახებ.

2025 წლის 2 თებერვლის აქციაზე დაკავებულები მიუთითებდნენ, რომ გდდ-ს ხელმძღვანელმა დაიწყო მოქალაქეთა გინება, ხოლო სპეცრაზმმა – დაკავებები. ერთ-ერთი პირი აცხადებდა, რომ ხსენებული პირი სპეცრაზმელებს აძლევდა მითითებებს, ეცემათ დაკავებულები; არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა შშმ პირი, რომელსაც ვიზუალურადაც აღენიშნებოდა დაზიანებები. რაც შეეხება შსს-ს სხვა დანაყოფების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს: სისხლის სამართლის წესით დაკავებულებიდან ერთი ბრალდებული მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური ძალადობის შესახებ; ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი მიუთითებდა პოლიციის განყოფილების შენობაში, შესასვლელ სივრცეში, 10-მდე ადამიანის თანდასწრებით სრულად გაშიშვლებაზე და ბუქნების გაკეთებაზე, რაც დამამცირებელი იყო; ერთი პირი მიუთითებდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გინებაზე, სთხოვდნენ ტელეფონის კოდის მოხსნას, თავში ურტყამდნენ ტელეფონს და ლაზერს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სპეციალური საშუალებების გამოყენება (წიწაკი სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები)

ანგარიშის თანახმად, რამდენიმე მოქალაქე მიუთითებდა (ცრემლსადენი გაზის გარდა) რეზინის ტყვიების სროლის თაობაზე. ერთ-ერთი მათგანის თქმით, კლინიკაში გაუკეთეს ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, პაციენტს ჰქონდა ლოყისა და საფეთქელ-ქვედაყბის ღია ჭრილობა, რბილ ქსოვილებში დარჩენილი იყო უცხო სხეული, რომლის მოსაცილებლად ჩატარდა ოპერაცია. საგამოძიებო ორგანომ კლინიკიდან რეზინის ტყვია ამოიღო.

სხვა მოქალაქე კი აცხადებდა, რომ რეზინის ტყვიამ გაიარა აირწინაღში და მოხვდა წარბის არეში. გარდა ამისა, რეზინის ტყვიების მოხვედრაზე მიუთითებდა კიდევ ორი მოქალაქე. ერთ-ერთი – ჩაფხუტსა და ფეხის თითზე (ფეხსაცმელიც გაუხვრიტა), ხოლო მეორე – ჩანთაზე (ჩანთა დაზიანდა), ასევე, ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა და სასწრაფომ დაუმუშავა.

„საგულისხმოა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოითხოვა ინფორმაცია 1-2 მაისს გამოყენებული სპეციალური საშუალებების შესახებ. კერძოდ, რომელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს და რომელმა დანაყოფებმა. იყო თუ არა რეზინის ტყვიები გამოყენებული, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, ვის დაევალა და რა გახდა რეზინის ტყვიების გამოყენების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძველი.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით ეცნობა, რომ 1-2 მაისს გამოყენებული იყო წყალსატყორცნი, ცრემლსადენი გაზი და ხელის სპრეი (წიწაკის შემცველობით). ხოლო შეკითხვა რეზინის ტყვიებისა და დანაყოფების შესახებ უპასუხოდ დატოვა.

რაც შეეხება ზამთრის აქციებს,  ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართა. მათ შორის, აპარატი დაინტერესდა, რა სახისა და რა ოდენობის სპეციალური საშუალებების (ცრემლსადენი გაზი, ე.წ. წიწაკის სპრეი, არალეტალური იარაღი, ე.წ. რეზინის ტყვიები და სხვ.) გამოყენებას ითვალისწინებდა უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა; რამდენმა თანამშრომელმა, რა დროს, რა ლოკაციაზე, რა სახეობის და რაოდენობის სპეციალური საშუალება გამოიყენა; გაიარა თუ არა შემოწმება/ექსპერტიზა კონკრეტულმა სპეციალურმა საშუალებამ, რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე; რა სახის და ტიპის ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს და რა პროპორციით და სხვ. აპარატს ეს ინფორმაცია დღემდე არ მიუღია.

ჟურნალისტები

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების დროს სამართალდამცველების განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლები, აქციის მონაწილეებთან ერთად, გახდნენ ჟურნალისტები. ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც არასათანადო მოპყრობას, ასევე, მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.

„2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების მიმდინარეობისას, სხვადასხვა დროს მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერები ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, საქმიანობაში ხელშეშლისა და ტექნიკის დაზიანების თაობაზე; ასევე, დაშავების შესახებ, მათ შორის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.

აქციების დროს, სამწუხაროდ, არაერთი ჟურნალისტი თუ მედიის წარმომადგენელი დაშავდა, რამდენიმე მათგანს სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება დასჭირდა, მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე.

აქციების დაშლის პირველივე დღეს გდდ-ს წევრის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს თავს დაესხა სპეცრაზმელი.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განმარტა, რომ მოულოდნელად, სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს ნიღბიანმა პოლიციის თანამშრომლებმა. მისი თქმით, დაკავების დროს, ძირს დააგდო დაახლოებით ათზე მეტმა სამართალდამცველმა, რომლებიც ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. მას აღენიშნებოდა დაზიანებები სხვადასხვა არეში. გავრცელებული ინფორმაციით, ჩადენილი ძალადობის შედეგად, მას ცხვირი სოპერაცია დასჭირდა. გარდა ამისა, პირდაპირი რეპორტაჟის დროს, დაშავდა ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რის გამოც საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, საჭიროა ყველა ამ შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ არცერთ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოვლენილი და დასჯილი არ არის შესაბამისი დამნაშავე.

სახალხო დამცელის ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი