ერთი კვირის შუალედში ორმა მოსამართლემ იდენტურ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღო.
ბრალდებულები და ადვოკატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და სვამენ კითხვას – “რა სტანდარტით უნდა ვიხელმძღვანელოთ მომავალში?” სამაგიეროდ, კმაყოფილია პროკურატურა – ორივე შემთხვევაში მოსამართლეებმა საკითხი სწორედ ბრალდების მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.
საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის 12 მარტისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველის 4 მარტის განჩინებებზე.
ეს უკანასკნელი სულ რაღაც სამი თვის წინ დაინიშნა მოსამართლედ გამოსაცდელი, 3-წლიანი ვადით. ხოლო მგელიაშვილი უკვე თითქმის 20 წელია მოსამართლეა. სანამ მოსამართლე გახდებოდა, მეტრეველი მგელიაშვილის თანაშემწე იყო. ისინი ერთად მუშაობდნენ და, როგორც მგელიაშვილმა აღნიშნა, მათი პოზიციები ძირითადად ერთმანეთს ემთხვეოდა. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.
ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა პრაქტიკა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აქციო კანონიერ მტკიცებულებად ინტერნეტში საჯაროდ გავრცელებული ვიდეო.
დავით მგელიაშვილს განჩინება
დავით მგელიაშვილმა განიხილა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 ადამიანის – ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ინსაფ ალიევის, ირაკლი მიმინოშვილის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძისა და თორნიკე გოშაძის საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი.

დავით მგელიაშვილი განიხილავს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს
დაკავებულთა ადვოკატები მოითხოვდნენ პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობას. ისინი ასაბუთებდნენ, რომ უწყებამ ეს მტკიცებულებები უკანონოდ მოიპოვა.
სხვადასხვა მტკიცებულებისა და საპროცესო ნორმების სხვადასხვანაირ დარღვევას შორის საუბარი იყო ინტერნეტში საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოებზეც. პროკურატურის მტკიცებით, ამ ვიდეოებზე ჩანს დაკავებულთა დანაშაულებრივი ქმედებები.
ეს ვიდეოები გამომძიებლებმა სოციალურ ქსელებში – Youtube-სა და ფეისბუკზე დაათვალიერეს, შემდეგ ჩამოტვირთეს და დაურთეს საქმეს.
ადვოკატები ამბობდნენ, რომ ამისთვის მათ წინასწარ უნდა აეღოთ ნებართვა მოსამართლისგან. რადგან მსგავსი ნებართვა არ არსებობს, გამოდის, რომ ისინი უკანონოდაა მოპოვებული. შესაბამისად, დაცვის მხარე ითხოვდა ამ ვიდეოების დაუშვებლად ცნობას. ისევე, როგორც ყველა სხვა მტკიცებულების, რომლებიც ამ ვიდეოებიდან გამომდინარე მოიპოვეს. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნების, რომლებიც ადგენს ამა თუ იმ ვიდეოში გამოსახული პირის ვინაობას. იურისტები ამას მოწამლული ხის ნაყოფის პრინციპს უწოდებენ – უკანონოა ყველა მტკიცებულება, რომელიც უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების საშუალებით იქნა აღმოჩენილი.
ადვოკატებმა ამ მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობა 6 მარტს დააყენეს. პროკურორებმა, ვაჟა თოდუამ და ვახტანგ ცალუღელაშვილმა საპასუხო პოზიციის წარმოსადგენად დრო ითხოვეს და სხდომის გადადება მოისურვეს. ადვოკატებისთვის გაუგებარი იყო, რაში სჭირდებოდათ პროკურორებს საკუთარი მტკიცებულებების კანონიერების დასასაბუთებლად დიდი დრო, ამიტომ მზაობა გამოთქვეს არა სხდომის გადადების, არამედ მხოლოდ რამდენიმესაათიანი შესვენების შესახებ. მოსამართლემ გადაწყვიტა, პროკურორებისთვის პოზიციის ჩამოსაყალიბებლად იმდენი დრო მიეცა, რამდენიც თავად ჩათვალეს საჭიროდ, ამიტომ სხდომა 12 მარტამდე გადაიდო.
12 მარტს თოდუამ და ცალუღელაშვილმა წერილობითი წარადგინეს თავიანთი პოზიცია. ვრცელი ახსნა-განმარტების მოკლე შინაარსი ასეთია: იმის მოპოვებას, რაც საჯაროდ ისედაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, არ სჭირდება მოსამართლისგან დამატებითი ნებართვა. ყველა მტკიცებულება კანონიერადაა მოპოვებული, ამიტომ ადვოკატების მოთხოვნა მათი დაუშვებლობის შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პროკურორები – ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი
ამ დღეს მგელიაშვილმა პროკურორების პოზიციასთან ერთად ადვოკატების დამატებით რეპლიკებსაც მოუსმინა. ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მას შეახსენა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, სხვა საქმეზე, განჩინების გარეშე მოპოვებული ვიდეო დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო და სთხოვა, ეხელმძღვანელა საკუთარი პრაქტიკით.
ვასილ კაძელაშვილის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ კი მას უახლესი პრაქტიკა გააცნო და კოლეგის, ვიქტორ მეტრეველის ერთი კვირის წინანდელ განჩინებაზე მიუთითა – მეტრეველმა, მსგავსი დასაბუთების საფუძველზე, დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის მტკიცებულებები პროკურატურის სასარგებლოდ.
მგელიაშვილმა თქვა, რომ ვიქტორ მეტრეველი “კარგი იურისტი და კარგი მოსამართლეა”, მაგრამ, “ამ შემთხვევაში, მე ამ [მეტრეველის] გადაწყვეტილებისგან განსხვავებული პოზიცია მაქვს და თუ რატომ, ამასაც გეტყვით”.
“განსხვავებაა საჯარო და კერძო ინფორმაციას შორის. საჯარო ინფორმაციის დროს დროს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ადგილიდან აქვს საშუალება, შევიდეს და ეს ინფორმაცია მოიძიოს. რაც შეეხება უშუალოდ პრივატულ, კერძო ინფორმაციას, ამ შემთხვევაში, ამის საშუალება არავის, გარდა იმ პირებისა, ვისაც ეს ინფორმაცია აქვს, ნამდვილად არ გააჩნია. ამ ინფორმაციის მოპოვებას სჭირდება ინფორმაციის გამოთხოვა.
[…] სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში კანონი არსებითად არ დარღვეულა: ჩატარდა დათვალიერება, მტკიცებულება მოპოვებულია, მოტანილია სასამართლოში. მას სჭირდება გამოკვლევა, შეფასება და შემდეგ გაზიარება ან არგაზიარება”, – ასე დაასაბუთა მგელიაშვილმა გადაწყვეტილება.
ელგუჯა ავსაჯანიშვილის საპასუხოდ დავით მგელიაშვილმა განმატა, რომ სხვა საქმეზე განჩინების გარეშე მოპოვებული ვიდეო დაუშვებლად იმიტომ ცნო, რომ ის ვიდეო განთავსებული იყო არა საჯარო სივრცეში, არამედ კერძო პირის დისკებზე, რომლებსაც სხვა ადამიანებს წვდომა არ ჰქონდათ.
ამის შემდეგ ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. გარდა მტკიცებულების დაშვების შესახებ განჩინებისა, მან აცილების საფუძვლად დაასახელა დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ მგელიაშვილის 6 მარტის გადაწყვეტილებაც.
კოჟორიძე ამბობდა, რომ ამ ორი გადაწყვეტილებით ცხადი გახდა მგელიაშვილის არაობიექტურობა და პოლიტიკური მიკერძოება. კოჟორიძის მოთხოვნას სხვა ადვოკატები დაეთანხმნენ, პროკურორები – არა. მგელიაშვილმა ამ შემთხვევაშიც ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და მისი აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ვიქტორ მეტრეველის განჩინება
ვიქტორ მეტრეველმა 4 მარტს განიხილა ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმეში მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი.
მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორების, თორნიკე გოგეშვილისა და შოთა ჩხაიძის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მასალებიდან ამორიცხა თითქმის ყველა მტკიცებულება:
- 17 მოწმე;
- 18 ვიდეომტკიცებულება;
- 13 დათვალიერების ოქმი;
- 14 წერილობითი მტკიცებულება;
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ეს დაცვის უფლების დემონსტრაციულ ჩამორთმევად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ვიქტორ მეტრეველმა “პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე”.
ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა პროკურატურამ მოითხოვა. მათი არგუმენტი არარელევანტურობა იყო – გოგეშვილი და ჩხაიძე ამტკიცებდნენ, რომ ადვოკატების წარმოდგენილ მასალებს საქმესთან შემხებლობა არ აქვს.
მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეს გაუჭირდებოდა ამ არგუმენტით მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა, მაგრამ რადგან ეს გადაწყვეტილება მაინც უნდა მიეღო, განჩინებაში საკუთარი ინიციატივით ჩაწერა ისეთი არგუმენტები, რაც პროკურორებს თავად არც კი უხსენებიათ.
სწორედ მეტრეველის დასაბუთებაში ვკითხულობთ, რომ ვიდეომტკიცებულების მოსაპოვებლად, თუნდაც ის საჯარო სივრცეში იყოს გავრცელებული, მოსამართლის წინასწარი ნებართვაა საჭირო.
“იმდენად, რამდენადაც საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომპიუტერულ სისტემაში დაცული იყო კომპიუტერული მონაცემის სახით, ადვოკატების მიერ ლაზერულ დისკზე ჩაწერა და შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე დართვა სცდება დათვალიერების მიზანს და ეწინააღმდეგება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში დათვალიერება გადაიზარდა ინფორმაციის გამოთხოვაში […] ანუ, ვიდეოფაილების ინტერნეტ სივრცეში საჯაროდ არსებობა სამართლებრივად ადვოკატს არ აძლევდა უფლებას, განეხორციელებინა ვიდეოფალების გადმოწერა და შემდეგ ჩაწერა.
ადვოკატებს დათვალიერება უნდა დაესრულებინათ მხოლოდ დათვალიერების მიმდინარეობის აღწერის შემდეგ და თუ დათვალიერებით აღმოჩნდებოდა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აღნიშნულის შემდგომ მათ უნდა განეხორციელებინათ არა საკუთარი ინიციატივით ლაზერულ დისკზე ჩაწერა საქმეზე დართვის მიზნით, არამედ დაცვის მხარეს უნდა მიემართა შუამდგომლობით სასამართლოსთვის ინფორმაციის გამოთხოვის ნებართვის გაცემის თაობაზე”, – წერია მეტრეველის განჩინებაში.

ვიქტორ მეტრეველის დასაბუთება
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველის სწორედ ეს დასაბუთება წაუკითხა ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ მოსამართლე დავით მგელიაშვილს 12 მარტის სხდომაზე. ადვოკატმა მოსამართლეს მიუთითა, რომ ისინი იდენტურ საკითხს განიხილავდნენ და თუ ერთი კვირის წინანდელ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში “ბრალდების მხარის” ნაცვლად “დაცვის მხარეს” ჩავწერდით და პირიქით, არსებითად არაფერი იცვლებოდა. ამიტომ, მისი გადაწყვეტილებაც იგივე უნდა ყოფილიყო. აბა, სასამართლოს ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიმართ განსხვავებული სტანდარტი ხომ არ ექნება?!
“ბრალდების მხარე მიმტკიცებს, რომ შეგვიძლია დავათვალიეროთ ვიდეო და გადმოვწეროთ. ბათუმში როდესაც მიმაქვს ეს მტკიცებულება, მოსამართლე მეუბნება, რომ დაუშვებელია”, – თქვა აჭარაძემ და იკითხა, როგორ შეიძლება განსხვავებული სტანდარტი არსებობდეს თბილისისა და ბათუმის სასამართლოებში.
მსგავსი შინაარსის კითხვებით მიმართეს პროკურორებსა და მოსამართლეს სხვა ადვოკატებმაც,
“მეტაფორულად რომ ვთქვათ, გვერდით სასამართლო დარბაზში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე თუ დაუშვებელია მტკიცებულება, რომელიც საჯაროდ იყო გავრცელებული და გადმოწერილი იქნა, აქ პროკურატურა რატომ გვიმტკიცებს, რომ ამ გზით მოპოვებული მტკიცებულება უნდა იყოს დასაშვები?!”, – იკითხა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, რომელიც ირაკლი მიმინოშვილისა და გიორგი გორგაძის ინტერესებს იცავს.
რა წერია კანონში
პროცედურულად, დათვალიერება არის ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაო. მას არ სჭირდება მოსამართლის განჩინება. დილემა ჩნდება მაშინ, როცა საქმე ეხება დათვალიერებული ვიდეოს მოპოვებას: დათვალიერების ოქმზე დანართის სახით დამაგრებული ვიდეო შეიძლება განვიხილოთ მტკიცებულებად, თუ მისი მტკიცებულებად ქცევისთვის გამოთხოვაა საჭირო, რაც უკვე მოსამართლის ნებართვით ხდება?!
მხარეები საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად, ძირითადად, ეყრდნობოდნენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 125-ე მუხლებს.
136-ე მუხლის მიხედვით, “თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით“. აქვეა აღნიშნული, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა მასალა პროკურორის დადგენილების საფუძველზეც მოიპოვონ. თუმცა ზემოთ განხილულ არცერთ საქმეში მტკიცებულების მოპოვების გადაუდებელ აუცილებლობაზე საუბარი არ ყოფილა.
რაც შეეხება ამავე კოდექსის 125-ე მუხლს, რომელიც დათვალიერებას ეხება, აქ ნათქვამია, რომ “თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით […] სასამართლოს განჩინება საჭირო არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მონაცემის დათვალიერებისთვის”.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასაბუთებისას ორივე მხარე ამტკიცებდა, რომ “ასეთია პრაქტიკა”: პროკურორები, კანონმდებლობასთან ერთად, ეყრდნობოდნენ პრაქტიკას და ამბობდნენ, რომ საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოებს აქამდეც მხოლოდ დათვალიერების ოქმით ამაგრებდნენ საქმეს. თავის მხრივ, ადვოკატებიც კანონმდებლობასა და საკუთარ პრაქტიკას ეყრდნობოდნენ და იხსენებდნენ საქმეებს, სადაც განჩინების გარეშე მოპოვებული ვიდეომტკიცებულებები მოსამართლემ დაუშვებლად ცნო.
როგორც ჩანს, პრაქტიკა არაერთგვაროვანია და თუ მხოლოდ ამ ორი საქმით ვიმსჯელებთ, ის ბრალდების სასარგებლოდ განიმარტება: თუ პროკურატურა მოიპოვებს ვიდეომტკიცებულებებს სასამართლოს განჩინების გარეშე, ის დასაშვებია, თუ იმავეს დაცვის მხარის ადვოკატები გააკეთებენ – დაუშვებელი.
უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების კანონიერად ქცევის შესაძლებლობა
ამ ორ საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებს შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ის ვიდეოები, რომლებიც ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელის დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამორიცხა, მედიასაშუალებების მიერაა გადაღებული. შესაძლებელია მათი გადაღების ზუსტი დროისა და ადგილის განსაზღვრა, ავტორის იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოკითხვაც.
რაც შეეხება პროევროპულ აქციებზე ძალადობრივი ქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ პირებს, პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ წინააღმდეგ აქვს ვიდეომტკიცებულებები, მაგრამ ვერ პასუხობს კითხვებს: ვინ გადაიღო ეს ვიდეოები, როდის გადაიღეს, კონკრეტულად სად გადაიღეს, ფარულადაა გადაღებული თუ არა და ა.შ. უწყება წარმოადგენს მხოლოდ ვიდეოებს, რომელთა უმეტესობაში ისინიც კი არ ჩანს, ვისი მიმართულებით ისვრიან ნივთებს ბრალდებულები, ან ხვდება თუ არა ეს ნივთები ვინმეს.
საიდან აქვს ეს ვიდეოები პროკურატურას? როგორც უკვე განვმარტეთ, ინტერნეტში საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან.
ვინ არის ამ ვიდეოების წყარო? აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში დაუდგენელია მათი ვინაობა: ესენი არიან ე.წ. ტროლები და ყალბი გვერდები, რომლებიც ხშირად გამოიყენება დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გასავრცელებლად.
მაგალითად, ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას აქვს 25-წამიანი ვიდეო, რომელიც იუთუბზე გაურკვეველი ექაუნთის მიერაა ატვირთული. ამ ექაუნთს ერთი ვიდეოს გარდა სხვა არანაირი აქტივობა სოციალურ ქსელში არ უფიქსირდება. მას არ ჰყავს გამომწერები და ამ ერთადერთ ვიდეოსაც კი, რომელიც სამი თვის წინაა ატვირთული, მხოლოდ რამდენიმე ათეული ნახვა აქვს.
ასეთივე გაურკვეველი წარმოშობის იუთუბის ანგარიშზეა განთავსებული გიორგის გორგაძის წინააღმდეგ არსებული 24-წამიანი ვიდეო. გამომწერები არც ამ ექაუნთს ჰყავს და გიორგაძის “მამხილებელი” ვიდეოს გარდა მხოლოდ ერთი, ნახევარ-წუთიანი, დაბალი ხარისხის ვიდეო დევს, სადაც, სავარაუდოდ, ტბის ხედი ჩანს.
ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ პროკურატურას აქვს 15-წამიანი ვიდეო, რომელიც ფეისბუქზე, ასევე გაურკვეველი წარმოშობის პროფილზეა ატვირთული. ეს პროფილი ერთ წელზე ნაკლები ხნის წინაა შექმნილი და იქ არ მოიძებნება მისი ავტორის მაიდენტიფიცირებელი არანაირი ინფორმაცია. სამაგიეროდ ვხვდებით “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძისა და MMA-ის ჩეჩენი მებრძოლის, რამზან კადიროვთან დაახლოებული ხამზატ ჩიმაევის ერთობლივ ფოტოს.
თორნიკე გოშაძის წინააღმდეგ უწყებას აქვს ე.წ. სთორი, რომელიც, ცხადია, ახლა აღარ იძებნება. ეს “სთორი” ასევე გაურკვეველი წარმოშობის, არაიდენტიფიცირებად ფეისბუქგვერდზე იყო ატვირთული, რომელსაც მხოლოდ 4 “მეგობარი” ჰყავს. მართალია, პოლიციელი, რომელმაც ეს სთორი დაათვალიერა, ჩამოწერა და საქმეს დაამაგრა, ამ ყალბი ექაუნთის “მეგობრებში” არ მოიძებნება, მაგრამ, როგორც ჩანს, მან როგორღაც მოახერხა თითქმის ნულოვანი აქტივობის მქონე ანგარიშზე ატვირთული “სთორის” ნახვა და გადმოწერა იმ 24 საათს განმავლობაში, სანამ ხელმისაწვდომი იყო.

ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულები 12 მარტის სხდომაზე
კანონი ადგენს, თუ როგორ უნდა გადაიღოს ვიდეომტკიცებულება ან როგორ განახორციელოს სხვა ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება პოლიციელმა. აქციის მიმდინარეობისას მოქალაქისთვის არაიდენტიფიცირებადი პოლიციელის მიერ ფარულად გადაღებული ვიდეომტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. სწორედ ამიტომ, ადვოკატების განმარტებით, შსს-ს თანამშრომლები უკანონოდ გადაღებულ საკუთარ ვიდეოებს ინტერნეტში თავად ტვირთავენ, შემდეგ ამ ვიდეოებს თავადვე ჩამოწერენ და როგორც თითქოს საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, ისე “ასაღებენ” სასამართლოში კანონიერ მტკიცებულებად.
თუმცა, ამ ლოგიკით, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების კანონიერად “გასაღებაში” მხოლოდ ყალბი ანგარიშები არ მონაწილეობენ. მაგალითად, ვიდეო, რომელიც ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის წინააღმდეგ აქვს პროკურატურას, პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა გაავრცელეს.
“გამოდის, რომ პროკურატურას ნებისმიერი მტკიცებულების უკანონოდ მოპოვების გზა ღია აქვს. მაშინ, როცა დაცვის მხარისთვის ყველა ეს გზა ჩაკეტილია. ბატონო მოსამართლევ, მე ვფიქრობ, რომ სასამართლოს როლი სწორედ იმაში უნდა გამოიხატოს, რომ პროკურატურას უთხრას და შეაფასოს, რამდენად არის უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების კანონიერად ქცევის მცდელობის ეს გზა შედეგიანი”, – ასე მიმართა შოთა თუთბერიძემ დავით მგელიაშვილს, სანამ ის ამგვარად მოპოვებულ მტკიცებულებების კანონიერად ცნობდა.
იქამდე, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლეს მიუთითა, რომ თუ ამ მტკიცებულებებს დასაშვებად ცნობდა, დაამკვიდრებდა პრაქტიკას, რომლითაც ნებისმიერი პროკურორი და ადვოკატი შეძლებს საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლისთვის გვერდის ავლას.
“თუ თქვენ დაუშვებთ იმას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალა დათვალიერებით შეიძლება დავურთოთ საქმეს, მე პირადად, ოდნავ მოხერხებულ ადვოკატს, მომცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ყველა შემდეგ საქმეზე, სადაც საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩავატარო, გადავიღებ ვიდეომასალას, რომელსაც ვერც ერთ შემთხვევაში საქმეზე ვერ დავამაგრებ. არსებობს არაერთი ტელეგრამ არხი, სადაც შემიძლია გადავიხადო $10 და განვათავსებინო ეს ვიდეომასალა, რომლის IP მისამართის დადგენა იქნება შეუძლებელი. შემდეგ ეს ვიდეომასალა დათვალიერდება და მოხდება ის, რომ შემოვლითი გზით, გინდა დაცვის მხარე, გინდა ბრალდების მხარე, სასამართლოს მოუტანს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებსაც ვერასდროს ვერ მოუტანდა”, – განაცხადა ავსაჯანიშვილმა.
ადვოკატმა მოსამართლეს მიუთითა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება ერთჯერადი: ამგვარი პრაქტიკის დანერგვისთვის გზის გახსნის გარდა, ყველა სხვა შემთხვევაში “კანონიერად გასაღებული” მტკიცებულებების დასასაბუთებლად მხარეები დავით მგელიაშვილის განჩინებას დაიმოწმებენ.
თუმცა რთულია განსაზღვრო, რამდენად გაითვალისწინებენ სხვა მოსამართლეები მგელიაშვილის დასაბუთებას, როცა თავად მგელიაშვილმა არ გაითვალისწინა მისივე ყოფილი თანაშემწის, ვიქტორ მეტრეველის ერთი კვირით ადრე მიღებული გადაწყვეტილება და პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობაში ბრალდებული კიდევ 11 დაკავებულის – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, რევაზ კიკნაძის, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რუსლან სივაკოვისა და სერგი კუხარჩუკის საქმეც.
ადვოკატებმა აქაც მითხოვეს საჯაროდ გავრცელებული ვიდეოების მოსამართლის განჩინების გარეშე მოპოვების საფუძვლით მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღება. რევაზ აჭარაძემ, რომელიც ამ საქმეში ირაკლი ქერაშვილის ინტერესებს იცავს, ამ სხდომაზეც მოიყვანა მაგალითად მზია ამაღლობელის საქმე და მოსამართლე ვიქტორ მეტრეველის განჩინება. პროკურორები ამ საქმეშიც ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი არიან. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ თავის გადაწყვეტილებას 25 მარტს გამოაცხადებს.