30-ზე მეტი საერთაშორისო და ქართული მედიის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის ცენტრში მდებარე ქოლცენტრმა 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში მსხვერპლებისგან სულ მცირე 35 მილიონი დოლარი მოიპარა.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ქოლცენტრს მართავს კომპანია, სახელად A.K. Group, რომლის მთავარი ოფისიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს, სუს-ის შენობიდან 500 მეტრში. მათ დამატებითი ოფისი აქვთ შარტავას ქუჩაზეც.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, A.K. Group-ის მფლობელი 36 წლის მერი შოთაძეა. ის ასევე ხელმძღვანელობს მრავალ ენაზე მოსაუბრე ახალგაზრდა ქართველების ჯგუფს, რომლებიც საინვესტიციო თაღლითობების მეშვეობით მთელ მსოფლიოში ადამიანებს ცხოვრების დანაზოგს ჰპარავენ.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ქოლცენტრს ასევე ხელმძღვანელობს აკაკი ქევხიშვილი, მერი შოთაძესთან დაკავშირებული ახლო პირი. A.K. Group მოქმედებს ფარულად, არ ტოვებს კვალს ინტერნეტში და დაქირავებულ ოფისებში — თუმცა კომპანიის წვეულების ფოტოებით, რომლებმაც ონლაინ გაჟონა, ჟურნალისტებმა თაღლითების იდენტიფიცირება შეძლეს.
ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის ცენტრში მდებარე ოფისებიდან ამ თაღლითებმა და დანარჩენმა პერსონალმა, რომელიც, ჯამში, მინიმუმ 85 ადამიანს აერთიანებდა, 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, მსოფლიოს 6,100-ზე მეტ მომხმარებელს 35.3 მილიონი დოლარი მოჰპარეს. ეს მონაცემები ფიქსირდება შიდა დოკუმენტებში, რომლებიც გამოიყენებოდა თითოეული მსხვერპლის დეპოზიტის გასაკონტროლებლად, მათ შორის A.K. Group-ის ხარჯებიც, როგორებიცაა პერსონალის ხელფასები, CRM-ის გადახდები, ქირა და სხვა ხარჯები.
რაც შეეხება ქოლცენტრის თანამშრომლებს, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ისინი იღებენ დეტალურ შეფასებებს და რანჟირდებიან გაყიდვების მოცულობის მიხედვით, რასაც ონლაინ ლიდერბორდი აკონტროლებს, რათა განსაზღვროს ყველაზე წარმატებული თანამშრომლები. წამყვანმა თანამშრომლებმა შეიძლება თვეში 20,000 დოლარზე მეტი გამოიმუშაონ და იბრძოლონ პრიზებისთვის, როგორიცაა iPhone-ები და BMW-ები.
გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის უცნობია, მხოლოდ მერი შოთაძე და აკაკი ქევხიშვილი იღებენ სარგებელს A.K. Group-ისგან, თუ მათ უკან კიდევ სხვები დგანან. არცერთ მათგანს წერილობით მიმართვაზე პასუხი არ გაუცია. როდესაც ჟურნალისტები შეეცადნენ ქევხიშვილისგან კომენტარი აეღოთ, დაცვამ ისინი ძალის გამოყენებით გააძევა.
როდესაც ჟურნალისტებმა შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს A.K. Group-ისა და თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ჰკითხეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შემდეგი პასუხი გასცა:
„საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სწავლობს და, შესაბამისად, რაიმე სახის დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას.“
ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურას, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნული ქოლცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით და მათგან პასუხს ელოდება.
გამოძიებაზე მუშაობდნენ: OCCRP, ფლანგვის დეტექტორი, სტუდია მონიტორი, აი, ფაქტი და 30-ზე მეტი საერთაშორისო მედია.