ე.წ. ქოლცენტრების საქმე, რომლის ფიგურანტებიც არიან: ჟურნალისტი ელისო კილაძე, ყოფილი მთავრი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები და სხვები, დაიხურა.
ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება გახმაურებული პროცესიდან ვერაფერს გაიგებს.
საქმის დახურვა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა მოითხოვა და ეს ასე დაასაბუთა:
“საქმე ეხება ქოლცენტრებს, გარკვეულ დეტალებს უნდა შევეხო, საქმის მასალებზე ვისაუბრო, ჩვენებების შინაარსში შეიძლება შევიდე. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში იკვეთება ყოფილი თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია და შესაძლოა ამ მოწმეებსა და მათ ოჯახებს შეექმნათ საფრთხე. ეს ინფორმაცია არ უნდა იყოს საჯარო გამოძიების დასრულებამდე”, – თქვა პროკურორმა.
საქმის ფიგურანტებიდან დღევანდელ სხდომას მხოლოდ ელისო კილაძე ესწრებოდა. მან სხდომის დახურვის ამბავი გააპროტესტა.
“დამაკავეს ისე, თითქოს ვიღაც კრიმინალური ავტორიტეტი ვიყო, სპეცრაზმის გამოყენებით, “ჯავშანჟილეტებით“, ჯაჯგურით და ათასი უბედურებით. მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ამ ქვეყანაში – ქოლცენტრების მხილება. მაბრალებენ, რომ ამას თურმე იმიტომ ვაკეთებდი, რომ ხელი შემეშალა კონკურენტების საქმიანობაში, როცა ჩემ მიერ მხილებული ქოლცენტრებიდან არავინ დასჯილა. და ყველაზე მთავარი – ორგანიზებული ჯგუფის წევრად ვარ გამოყვანილი, რომლის სამ წევრს ფიზიკურად არ ვიცნობ. ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არ ვიცნობ მიხეილ ჩოხელს, გიორგი მიქაძე გავიცანი პროცესზე, დათო მიქაძეს და ირაკლი სეხნიაშვილს ვიცნობ – ჩემი მეგობრები არიან. ანუ ჩემი დანაშაული ამ საქმეში არის ის, რომ დათო მიქაძის მეგობარი ვარ და ჯანგველაძის მკვლელობას ვაშუქებდი ისე, როგორც ვაშუქებდი და მაინც გავაგრძელებ მაგის გაშუქებას როგორმე… მაგრამ რატომ უნდა დაიხუროს სხდომა? რას ვმალავ ჩემი კოლეგებისგან და ჩემი თანამშრომლებისგან? დარბაზში ჩემი კოლეგები და თანამშრომლები სხედან და მე მინდა, რომ ამ ადამიანებს პირდაპირ და ღიად ველაპარაკო. ჩვენი პროფესია საჯაროობაზეა დაფუძნებული. დღეს პროკურატურა გახდა რაღაცა ჩაკეტილი სივრცე… ეს მარტო ამ საქმეში არ არის… რაც მას უნდა, იმაზე ლაპარაკობს საჯაროდ და რაც მას არ უნდა, სხვა ადამიანებს ართმევს საუბრის საშუალებას”, – თქვა კილაძემ და დასძინა, რომ მის მიმართ ინტერესი გააჩნია სუს-ის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძეს. ცოტა ხნის წინა კილაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მდინარაძე დიდ თანხას ინახავს კრიპტოვალუტაში, რაც ამ უკანასკნელმა უარყო.
“ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემ მიმართ დაინტერესება აქვს სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს. მთავარი პროკურორი არის მისი დანიშნული, მისი მეგობარი კურსელი. მესმის ყველაფერი, რომ ეს საჯაროობა თქვენს ინტერესებში არ შედის, მაგრამ საჯაროობა შედის ჩემს ინტერესებში. იმიტომ, რომ მე ამ რეპუტაციით ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებ, ისევე როგორც არანაირ საპროცესო გარიგებაზე, არანაირ აღიარებაზე და არანაირ კომპრომისზე ამ საქმეში არ წავალ; იმიტომ, რომ სასწორზე დევს ჩემი, როგორც ჟურნალისტის სახელი და გვარი და მე ამ ცხოვრებაში არაფერი მეტი არ შემიქმნია. გამომძიებლები რომ მობრძანდნენ, ეგონათ, რომ მოდიოდნენ სასახლეში და ოროთახიანი ბინა დახვდათ. რატომ უნდა იყოს [პროცესი] დახურული? არ ვეთანხმები შუამდგომლობას და მე მინდა საჯაროობა”, – თქვა კილაძემ.
სხდომის დახურვას არც ოთარ ფარცხალაძის და მიხეილ ჩოხელის ინტერესების დამცველი გაგი მოსიაშვილი დაეთანხმა.
“პროკურორის შუამდგომლობა ემსახურება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე არასრული ინფორმაციის გავრცელებას. სამართლებრივი აბსურდია ჩოხელისა და ფარცხალაძის მიმართ წაყენებული ბრალი. პროკურატურა გვეუბნება, რომ სიჩუმეში უნდა ვიცხოვროთ და არ ვისაუბროთ წარდგენილ ბრალზე და მის აბსურდულობაზე. დახურვა გამოიწვევს არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელებას”, – თქვა მოსიაშვილმა. მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქართველოში არ იმყოფებიან.
საბოლოოდ მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა. მანვე აღკვეთის ღონისძიების სახით ელისო კილაძეს პატიმრობა შეუფარდა. ეკა ბარბაქაძე არის მოსამართლე, რომელმაც აღკვეთის ღონისძიების სახით თავის დროზე დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობები გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს.
ელისო კილაძე თაღლითური ქოლცენტრების საქმეზეა დაკავებული. მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელისო კილაძესთან ერთად იმავე საქმეზე ბრალს უყენებენ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, მერაბ ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ირაკლი სეხნიაშვილს და სხვებს. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინება: გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც პროკურატურის განცხადებით, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.








