საზოგადოება

WSJ: საქართველო აშშ-ის რუსეთისადმი ლმობიერი რეზოლუციის ერთადერთი თანასპონსორია

23 თებერვალი, 2025 •
WSJ: საქართველო აშშ-ის რუსეთისადმი ლმობიერი რეზოლუციის ერთადერთი თანასპონსორია

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საქართველო გაეროში აშშ-ის მიერ წარდგენილი, რუსეთისადმი ლმობიერი რეზოლუციის პროექტის ერთადერთი თანასპონსორია.

ომის სამ წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-მა გაეროში წარმოადგინა რეზოლუცია, რომელშიც გამოყენებულია ნაკლებად მკაცრი ფორმულირებები რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრასთან დაკავშირებით — განსხვავებით უკრაინული რეზოლუციის პროექტისგან, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.

უკრაინის რეზოლუციის პროექტი 21 პუნქტისგან შედგება, გმობს რუსეთის აგრესიას და მოსკოვს აკისრებს პასუხისმგებლობას ომის დანაშაულებზე, ამავდროულად მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. ვაშინგტონის პროექტი სულ სამი წინადადებისგან შედგება, არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს კონფლიქტში და არც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უსვამს ხაზს. რეზოლუციის პროექტი მწუხარებას გამოთქვამს ადამიანების ტრაგიკული დანაკარგების გამო „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“ და ითხოვს მის სწრაფ დასრულებას.

„ეს რეზოლუცია შეესაბამება პრეზიდენტ ტრამპის აზრს, რომ გაერო უნდა დაუბრუნდეს თავის დამფუძნებელ მიზანს, როგორც ეს არის გაწერილი გაეროს წესდებაში, რათა შეინარჩუნოს საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, მათ შორის დავების მშვიდობიანი მოგვარების გზით. ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს კონფლიქტი საშინელებაა, რომ გაეროს შეუძლია, დაეხმაროს მის დასრულებას და რომ მშვიდობა შესაძლებელია“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ და ევროპელი კოლეგები თავდაპირველად ერთიან ტექსტზე მუშაობდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ შეძლეს. ამის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, გაეწვია თავისი მკაცრი რეზოლუციის პროექტი, რაზეც უარი მიიღო. ამერიკელმა დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს უთხრეს, რომ ვაშინგტონი დაუპირისპირდება უკრაინის რეზოლუციას და მოუწოდებდა მათ, კიევი მისი ტექსტის გადატანაზე დაეყოლიებინათ.

The Wall Street Journal-ის თანახმად, „ამერიკულ პროექტს ჰყავს ერთი თანასპონსორი: საქართველოს მთავრობა, რომლის ურთიერთობები მოსკოვთან ბოლო დროს გალღვა“.

ცნობისთვის, უკრაინა ყოველწლიურად წარადგენს გაეროში რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას და მოსკოვს ადანაშაულებს გაეროს წესდების დარღვევაში, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. გაეროს უშიშროების საბჭო, სადაც რუსეთს ვეტოს უფლება აქვს, ბლოკავს რეზოლუციას, თუმცა მას უმრავლესობით იღებენ გაეროს გენერალურ ასამბლეაში. საქართველო წინა წლებში მხარს უჭერდა და უკრაინის წარდგენილი რეზოლუციის თანაავტორი იყო.

„ნეტგაზეთმა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, სიმართლეს შეესაბამება თუ არა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ამერიკული რეზოლუციის თანაავტორობის შესახებ, თუმცა პასუხი არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი