გამოცემა The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პირადად ცდილობდა დაემშვიდებინა ევროპელები, რომლებიც შეშფოთებული იყვნენ ამერიკასა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებებით.

The New York Times-ის ცნობით, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუბიოს სატელეფონო საუბარი ჰქონდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ოფიციალური პირებთან.

გამოცემის ინფორმაციით, რუბიო ცდილობდა ევროპელები დაერწმუნებინა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებები არ წარმოადგენს მკვეთრ გადახვევას ამერიკის პოლიტიკიდან, როგორც ამას ბევრი შიშობს.

როგორც გამოცემა წერს, ევროპელ ოფიციალურ პირებთან საუბარში რუბიომ აღნიშნა, რომ შეხვედრა უფრო მეტად პირველი ნაბიჯი იყო იმის გასაგებად, რამდენად სერიოზულად იყო კრემლი განწყობილი შეთანხმების დასადებად.

მათივე ცნობით, რუბიომ ევროპელებს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ გეგმავს რუსეთთან რაიმე ორმხრივი შეთანხმების პირობების დაწესებას უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებით.

როგორც The New York Times წერს, რუბიომ ევროპელები ასევე დაარწმუნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ მოსკოვის ქცევაში შესამჩნევი ცვლილებების გარეშე, თუმცა არ გამორიცხა გარკვეული ზომების შემსუბუქება, თუ რუსები დაიწყებენ იმ ნაბიჯების გადადგმას, რასაც ადმინისტრაცია ითხოვს.

ამასთან, სახელმწიფო მდივნის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციაში კარგად ესმით, რომ რუსეთი შესაძლოა ცდილობდეს გამოიყენოს მოლაპარაკებები დასავლეთში განხეთქილების დასათესად ან საერთაშორისო ასპარეზზე მისი იზოლაციის შესამსუბუქებლად.

The New York Times-ის ცნობით, ევროპელებთან რუბიოს საუბრის ნაწილი დაეთმო იმის ახსნას, თუ რატომ არ ჩაერთნენ უკრაინელები და ევროპელები საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებში.

რუბიოს განმარტებით, ამის მიზეზი ის იყო, რომ საუბრის დიდი ნაწილი ფოკუსირებული იყო შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივ საკითხებზე და არა ის, რომ აშშ მოკავშირეების გვერდის ავლით აპირებდა მოლაპარაკებას.

რუბიოს თქმით, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებები მოიცავდა დისკუსიების გახსნას მათ საელჩოებზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რომლებიც ფაქტობრივად დაიხურა ორივე ქვეყანაში.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მოლაპარაკებები აშშ-სა და რუს ოფიციალურ პირებს შორის დიპლომატიური შეზღუდვების მოხსნაზე რუსეთის განზრახვების პირველი გამოცდა იქნება. მისი თქმით, საელჩოების შესახებ მოლაპარაკებების წარუმატებლობა აჩვენებს, რომ კრემლი არაა სერიოზულად განწყობილი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.

ამასთან, The New York Times-ის ცნობით, რუბიომ ევროპელებს უთხრა, რომ ერთი შეხვედრის საფუძველზე ვერ იტყოდა, რუსები სერიოზულად იყვნენ თუ არა განწყობილი სამშვიდობო შეთანხმების დასადებად.

გამოცემის ინფორმაციით, რუბიომ ევროპელებთან საუბარი დაასრულა დაპირებით, რომ აშშ-ის მოკავშირეები ინფორმირებული იქნებიან და ერთიანობისკენ მოუწოდა.


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი და თქვა, რომ „მოკრძალებულად წარმატებულმა კომიკოსმა“ დაარწმუნა შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომზე, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო.

ტრამპის თქმით, ეს ომი პირადად მისი და შეერთებული შტატების გარეშე ვერ მოგვარდება. მისი თქმით, ზელენსკი არ ატარებს არჩევნებს, დაბალი რეიტინგი აქვს უკრაინაში და ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, ჯო ბაიდენის მანიპულირება იყო.

ზელენსკისა და ტრამპს შორის რიტორიკა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე მიუნხენში, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის, უკრაინის გარეშე, პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა საუდის არაბეთში.

3 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინამ დახმარების სანაცვლოდ შეერთებულ შტატებს იშვიათი წიაღისეული მიაწოდოს. თავად უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ სტრატეგიულ პარტნიორებს სთავაზობს სპეციალურ შეთანხმებას ქვეყნის კრიტიკული რესურსების ერთობლივი დაცვის, ასევე ერთობლივი ინვესტიციებისა და ამ ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესახებ. ეს მოიცავს ტრილიონობით აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივ რესურსებს და კრიტიკულ ლითონებს, მათ შორის ურანის, ტიტანის, ლითიუმის, გრაფიტის და სხვა სტრატეგიულად ღირებული რესურსების ჩათვლით.

„ევროპულ პრავდას“ ცნობით, მემორანდუმი, რომელიც აშშ-მა კიევს წარუდგინა, უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან მოგების შუაზე გაყოფას სთავაზობდა. ამასთან, ამერიკული მხარის ბენეფიციარები იყვნენ არა აშშ-ის მთავრობა, არამედ კერძო ინვესტორები. შეთანხმება არ შეიცავდა უსაფრთხოების გარანტიებს, რის გამოც ზელენსკიმ უარი თქვა მიუნხენში დოკუმენტის ხელმოწერაზე.

მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოხატა ელ-რიადში გამართული შეხვედრის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში, ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4%-ია და უკრაინაში არჩევნების საჭიროებაზე მიუთითა.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ბოლო, 2024 წლის დეკემბრის კვლევით, უკრაინელების 52% ენდობა ზელენსკის, 39% კი უნდობლობას უცხადებს.

„თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე უნდა, მაშინ ახლა ეს არ გამოვა. თუ ვსაუბრობთ 4%-ზე, ჩვენ ვიცით ეს დეზინფორმაცია და გასაგებია, რომ ის რუსეთიდან მოდის. გვაქვს მტკიცებულებებიც“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მან თქვა, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს სცემს, „დეზინფორმაციულ სივრცეში“ ცხოვრობს.

„აშშ დაეხმარა პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან რუსეთი იზოლაციაში მოექცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„არავინაა გაღიზიანებული. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.